პრემიერი ლეოგრანდის ხანძართან დაკავშირებით: ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება

სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარი ხანძრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში ჩამოვიდა. პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომელს 100-მდე ადამიანის გადარჩენისთვის.

„მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში“, – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა. გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში ბრიუსელიდან ჩამოფრინდა.

დღეს მომხდარ ხანძართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ქვეყნის პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

24 ნოემბრის ღამეს, ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის არის საქართველოს 10 მოქალაქე და ირანის 1 მოქალაე.

ლეორანდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის სასტუმროა ბათუმში. 182-ნომრიანი სასტუმრო 2015 წელს გაიხსნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან