ახალი ამბები

10 მარტიდან ახალი შიდა ავიარეისები შესრულდება

4 მარტი, 2016 • 1290
10 მარტიდან ახალი შიდა ავიარეისები შესრულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ახალ შიდა ავიარეისებს ახალი მიმართულებები ემატება. 

10 მარტიდან, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება ავიარეისები ნატახტარი – ქუთაისისა და ქუთაისი – ნატახტარის მიმართულებით. მგზავრობის ღირებულება, რეისზე ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით, ზრდასრულთათვის იქნება 50 ლარი, ბავშვებისთვის – 35 ლარი, ხოლო ჩვილთათვის მგზავრობა უფასო იქნება.

სამინისტროს ინფორმაციით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება ფრენები მესტია – ქუთაისის და ქუთაისი – მესტიის მიმართულებით, ერთი მიმართულებით ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის იქნება 40 ლარი, ბავშვებისთვის – 28 ლარი, ჩვილებისთვის უფასო.

უკვე მოქმედებს ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით რეისები კვირაში 4 დღე (ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას), ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის 65 ლარია, ხოლო ბავშვებისთვის – 45 ლარი (ჩვილებისათვის მგზავრობა უფასოა). 2015 წლის განმავლობაში აღნიშნული რეისით 4,458-მა მგზავრმა ისარგებლა.

რეისებს ავიაკომპანია „სერვისეარი“ შეასრულებს 17-ადგილიანი ახალი საჰაერო ხომალდით. ნატახტარი – მესტიის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია „Vanilla Sky”-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი