ახალი ამბები

ქართულ პარტიაში “დაშინებული სტამბების” სახელებს ვერ იხსენებენ

16 მაისი, 2011 • • 1055
ქართულ პარტიაში “დაშინებული სტამბების” სახელებს ვერ იხსენებენ

ნეტგაზეთს „ქართულ პარტიაში“ დღეს ვერ დაუსახელეს ვერც ერთი სტამბის სახელწოდება, რომელმაც პარტიას სარეკლამო გაზეთის დაბეჭდვაზე უარი უთხრა. „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა კი გუშინ განაცხადა, რომ თბილისში მოქმედი სტამბები „ქართულ პარტიას“ გაზეთის დაბეჭდვაზე უარს ეუბნებიან, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოში „შეზღუდული დმეოკრატია“ კი არა, „ავტოკრატიული რეჟიმია“ დამყარებული.

კითხვას, თუ რომელმა სტამბებმა უთხრეს უარი გაზეთის დაბეჭდვაზე, „ქართული პარტიის“ ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა არ უპასუხა და ამის გასარკვევად პრესსამსახურის თანამშრომელთან, ლია კამლაძესთან გადაგვამისამართა. ლია კამლაძე „ქართული პარტიის“ თანამშრომლებთან  რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა კონკრეტული სტამბების სახელწოდებების გარკვევას. მოგვიანებით მან ნეტგაზეთს განუცხადა, რომ იმ სტამბების სახელებს „ვერ იხსენებენ“, რომლებმაც პარტიას სარეკლამო გაზეთის დაბეჭდვაზე უარი განუცხადეს. კამლაძის თქმით, „ეს სტამბები მდებარეობენ: ორხევში, დიდუბეში, სანზონაში და ა.შ.“

„ქართული პარტიის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი სარეკლამო გაზეთის დაბეჭდვას და რეგიონებში უფასოდ გავრცელებას აპირებდნენ, გაზეთის ტირაჟი კი 25 ათასი ეგზემპლარი უნდა ყოფილიყო. როგორც პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, სტამბების ნაწილმა უარის არგუმენტად ტექნიკური გაუმართაობა მოიმიზეზა, ნაწილმა კი პირდაპირ თქვა, რომ ამის შემდეგ მათ ბიზნესს საფრთხე შეექმნებოდა. “ქართული პარტია” უახლოეს დღეებში გაზეთის დაბეჭდვის ალტერნატიულ საშუალებებს მოძებნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი