ახალი ამბები

ოპოზიციის ორი გზა და ერთი მიზანი

5 მაისი, 2011 • 1048
ოპოზიციის ორი გზა და ერთი მიზანი

“ჩვენ სააკაშვილის რეჟიმს დავამთავრებთ!” – ეს არის შედეგი, რასაც “ქართული პარტია” იმ საპროტესტო აქციების შედეგად ელოდება, რომელიც 9 მაისს დაიწყება.

იგივე მოლოდინი აქვთ “სახალხო კრებასა” და მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებსაც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ “სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმისაგან ქვეყნის გათავისუფლებისკენ” მიმართულ საპროტესტო აქციებს ისინი 21 მაისიდან დაიწყებენ.

ხელისუფლების ცვლილებას არჩევნების გზით ელოდება პოლიტიკური პარტიების ის ნაწილი, რომელიც “რვიანის” ფორმატში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმში მუშაობს.

“ქართული პარტიის” დამფუძნებელი ყრილობა 2010 წლის 24 ნოემბერს გაიმართა. იმავე დღეს პარტიას სათავეში საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი – სოზარ სუბარი ჩაუდგა:

“ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ გაზაფხულამდე პარტიაში გვეყოლება 50 ათასამდე  წევრი, რომლებიც მზად იქნებიან ყველანაირი ამოცანის შესასრულებლად“, – განაცხადა ყრილობაზე სოზარ სუბარმა. იმავე დღეს განისაზღვრა პარტიის სხვა ლიდერების საქმიანობის არეალი:

„სოზარ სუბარი დაიცავს ადამიანის უფლებებს, ლევან გაჩეჩილაძე – ერის თვითმყოფადობას და კულტურას, კოკა გუნცაძე სამართლიანი სასამართლოს შექმნას უზრუნველყოფს, ირაკლი ოქრუაშვილი იზრუნებს, რომ ყველა ადამიანის ღირსება და თანასწორობა დაცული იყოს, ეროსი კიწმარიშვილი კი შექმნის მყარ და დაბალანსებულ პოლიტიკურ სისტემას, ასევე, გაამტკიცებს  ურთიერთობებს რუსეთთან“.

“ქართული პარტიის” ახალი გეგმის შესახებ განცხადება დღეს ეროსი კიწმარიშვილმა გააკეთა:

“ქართული პარტია” მოიცავს 50 ათას აქტიურ წევრს. მან უკვე დაასრულა სტრუქტურული მშენებლობა… ორშაბათიდან “ქართული პარტია” იწყებს ძალიან სერიოზულ, მასშტაბურ აქციებს მთელი საქართველოს მიმართულებით. ჩვენ ვიწყებთ აქციას ამ რეჟიმის შესაცვლელად,” – განაცხადა მან.

ორშაბათს, ანუ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 66–ე წლისთავზე, “ქართული პარტიის” ორგანიზებით, საპროტესტო აქციები კახეთის რეგიონში, რამდენიმე ადგილზე გაიმართება, მათ შორის, თელავში, საგარეჯოში, გურჯაანში.

“ეს იქნება ძალიან მასშტაბური აქცია, მთელ კახეთს მოიცავს”, – ამბობს ეროსი კიწმარიშვილი, თუმცა ზუსტად რა რაოდენობის ადამიანს ელიან კახეთში დაგეგმილ აქციაზე ორგანიზატორები, უცნობია. “ქართული პარტიის” პრეს–სამსახურში აცხადებენ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეუერთდეს აქციას.

ეროსი კიწმარიშვილმა დღეს სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც მოუწოდა რადიკალური ქმედებებისკენ. მიმართვის მთავარი ადრესატი ის ოპოზიციური პარტიები იყვნენ, რომლებიც “რვიანის” რეჟიმში მუშაობენ ხელისუფლებასთან:

“რვიანმა” ფუნქცია შეასრულა, გააშიშვლა ეს ხელისუფლება და ახლა მივმართავ – გაშიშვლებული ლეღვის ფოთლის ფუნქციის შესრულებას დაანებონ თავი”.

ოპოზიციური პარტიები – “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”, “რესპუბლიკური პარტია”, “ახალი მემარჯვენეები”, “ეროვნული ფორუმი”, “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა”, “კონსერვატიული პარტია”, “საქართველოს გზა” და “ხალხის პარტია” –  “რვიანის” ფორმატში გასული წლის ოქტომბერში გაერთიანდა. ამავე პერიოდიდან “რვიანმა” დაიწყო ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმში მუშაობა, საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

“რვიანმა” კონკრეტული წინადადები შეთავაზა ხელისუფლებას საარჩევნო კანონმდებლობისა და პროცედურების ცვლილების კუთხით, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნული ცვლილებები გაუზიარებელი დარჩა მმართველი გუნდის მხრიდან, დაახლოებით თვენახევრის წინ კონსულტაციები შეწყდა. მაშინვე „რვიანის“ წარმომადგენლებმა მოუწოდეს  საერთაშორისო საზოგადოებას, რომ  სათანადოდ  შეეფასებინათ ვითარება და დახმარებოდნენ ქართველ ხალხს დემოკრატიული არჩევანის შენარჩუნებაში.

“რვიანის” ამ მესიჯმა გამოხმაურება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მალევე მოიპოვა. აშშ–ს სახლემწიფო მდივანმა და აშშ–ს დელეგაციამ  (რომელიც რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა საქართველოში, სადაც ისინი “რვიანის” წარმომადგენლებსაც შეხვდნენ), ღიად ისაუბრეს საქართველოში 2012–13 წლებში არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობაზე.

აშშ–ს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ “რვიანის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მაისის თვიდან გარდამტეხ ფაზაში უნდა შესულიყო მათი მოლპარაკების პროცესი ხელისუფლებასთან, თუმცა გუშინ მმართველი პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებას არა “რვიანთან”, არამედ ცალკეულ ოპოზიციურ პარტებთან ინდივიდუალურ რეჟიმში გააგრძელებს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან “რვიანის” წარმომადგენლები.

“საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების თვალში ნათლად იკვეთება, რომ “რვიანი” არის სწორედ ის პოლიტიკური ერთობა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საქმეს და ხელისუფლება კი, აი, ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ პოულობს თავისთვის,” – აცხადებს დავით უსუფაშვილი, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი.

“ინდივიდუალური მოლაპარაკებები ნიშნავს “რვიანის” სახელით ინდივიდუალურ მოლაპარაკებას და არავითარ შემთხვევაში რომელიმე პარტიის მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან ცალკე”, – აცხადებენ პარტიაში “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”, რომლის ლიდერია ირაკლი ალასანია.

იგივე პოზიციაზე არიან “ახალი მემარჯვენეებიც”.

ერთიანი აღმოჩნდა “რვიანის” პოზიცია “ქართული პარტიის” მიმართვის ტექსტის დაკავშირებითაც. ისინი თვლიან, რომ მოლაპარაკებების რესურსი ხელისუფლებასთან ჯერ არ ამოწურულა.

“საპროტესტო აქციების ინიციატორი, თუკი ეს გახდება საჭირო, შეიძლება გახდეს თავად ირაკლი ალასანია, მაგრამ ჯერჯერობით დილოგის რესურსი ამოწურული არ არის,” – ასეთია პარტიის  “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” პოზიცია.

ამ ეტაპზე საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და ამ კუთხით “ქართულ პარტიასთან” თანამშრომლობას“ გამორიცხავენ “რვიანის” სხვა წევრებიც. მათ შორის, “ეროვნული ფორუმიც”, რომელიც პარალელურად “სახალხო კრების” პარტნიორი ორგანიზაციაა. თუმცა, “სახალხო კრებაშიც” და “ფორუმშიც” აცხადებენ, რომ პარტნიორობა ამ ეტაპზე მხოლოდ ფურცელზე რჩება გაფორმებული, რადგან ფაქტობრივად, “ფორუმი”, ისევე როგორც “კონსერვატიული პარტია”, “კრების” აქტივობებში აღარ მონაწილეობს.

“ქართული პარტიის” საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ აპირებს “სახალხო კრება”, რომელიც საზოგადოების წარმომადგენლებს, რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციას და პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს.

“ჩვენ გაცილებით ადრე გამოვაცხადეთ ჩვენი აქციების შესახებ, რომელიც 21 მაისს დაიწყება და არ ვაპირებთ მანამდე რაიმე აქციაში მონაწილეობას,” – აცხადებენ “სახალხო კრებაში”.

კრებაში ამ დროისთვის აქტიურად ორი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს: თემურ შაშიაშვილის “თეთრები” და ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი, ძალიან კონკრეტული პროგრამა, რომელიც მიდის 21 მაისამდე”, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი. მიუხედავად ამისა, “თეთრების” ლიდერის თქმით, ის მიესალმება როგორც “ქართული პარტიის” და სხვა ძალების აქციებს, ისე “რვიანის” დიალოგს ხელისუფლებასთან.

“რაც მეტი აქცია ჩატარდება, რაც მეტი პროტესტი იქნება, მით უკეთესი საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების მოთმენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუმცა “რვიანის” ხელისუფლებასთან მოლაპარაკებასაც არ ვებრძვი, რადგან დიალოგიც და ქუჩის აქციაც ერთი პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია”, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” მიესალმება “ყველა ეფექტურ ქმედებას სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ ნებისმიერი არაეფექტური ქმედება მოქმედებს სააკაშვილის, მისი რეჟიმის სასარგებლოდ და უხანგრძლივებს მას ვადას. ამისათვის საჭიროა, რომ ყველა ქმედება იყოს კოორდინირებული და ეფექტური,” – აცხადებს მოძრაობის მთავარი საბჭოს წევრი თემურ მურღულია. მისივე თქმით, ეფექტური 21 მაისის აქცია იქნება, მანამდე კი ბურჯანაძის პოლიტიკური ძალა საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ აპირებს:

“ჩვენ, 25 ნოემბრის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდით, ყოველდღე ვახორციელებდით სამზადისს 21 მაისის 15:00 საათისთვის: ჩამოვაყალიბეთ 74 კომიტეტი, შევხვდით უამრავ ადამიანს, ყველა ეს ადამიანი ორიენტირებულია 21 მაისზე და “სახალხო კრება”, რომელზეც ჩვენი პარტიაა შეერთებული და რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ამ ქვეყნის დეგრადაცია, 21 მაისს ჩაატარებს ღონისძიებას ისე, როგორც იყო ნათქვამი,” – აცხადებს მურღულია.

21 მაისის აქციის შესახებ “სახალხო კრებამ” 2 მაისს გამოაცხადა.  აქცია საქართველოს რეგიონებში და თბილისში, სამ ადგილზე, დაიწყება ერთდროულად. 15:00 საათზე კი მომიტინგეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან.

9 მაისისა და 21 მაისის აქციებს საერთო მიზანი აერთიანებს – არსებული ხელისუფლების შეცვლა და მხოლოდ ამის შემდეგ არჩევნების ჩატარება. პოლიტიკური “რვიანი” კი იგივე მიზნის განხორციელებას არჩევნების გზით აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი