ახალი ამბები

სატრანსპორტო სისტემის სააღდგომო ვნებები

22 აპრილი, 2011 • • 1891
სატრანსპორტო სისტემის სააღდგომო ვნებები

უკვე მეორე დღეა, თბილისიდან საქართველოს სხვა ქალაქების მიმართულებით მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება 2-5 ლარით გაიზარდა. თბილისის ავტოსადგურებსა და რკინიგზის სადგურში კი მგზავრთა ნაკადი სულ უფრო იზრდება.

მართლმადიდებლური სამყარო კვირას, 24 აპრილს, აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. შესაბამისად, რაიონებიდან თბილისში ჩამოსული ათიათასობით ადამიანი ცდილობს, რომ დღესასწაული საკუთარ სახლში აღნიშნოს და დღესასწაულის დღეებში მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად მატულობს.

„საქართველოს რკინიგზამ“ 21 აპრილიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ორი ახალი რეისი დაამატა. ახალი, რვავაგონიანი მატარებლები იმოძრავებენ თბილისი-სენაკისა და თბილისი-ოზურგეთის მიმართულებით, ვაგონების რაოდენობა გაიზარდა თბილისი-ზუგდიდის მატარებელზეც. ბილეთების ფასი კი უცვლელი დარჩა.

მატარებლებისგან განსხვავებით, გაიზარდა ავტოტრანსპორტით გადაადგილების ღირებულება. თბილისი-ქუთაისის მიკროავტობუსისა და ავტობუსის ბილეთი დილიდან 12 ლარი ღირდა, თუმცა მისი ღირებულება უკვე 14 ლარია. მძღოლები მგზავრებს ეუბნებიან, რომ დღეს საღამოს და შაბათს მგზავრობის ღირებულება კიდევ „ცოტათი მოიმატებს.“ დღემდე იგივე მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 10 ლარს შეადგენდა.

შორენა კოღუაშვილი ყოველ აღდგომას თბილისიდან ქუთაისში მიკროავტობუსით მგზავრობს. ის ამბობს, რომ აღდგომის დღეებში მგზავრობა ყოველ წელს რამდენიმე ლარით ძვირდება, აღდგომის შემდეგ დღეებში კი ბილეთის ფასი ძველ ნიშნულს უბრუნდება. დიდუბის ავტოსადგურში ბილეთები 2-3 ლარით გაძვირებულია თბილისი-ზუგდიდის, თბილისი-ფოთისა და თბილისი-ბათუმის მიმართულებითაც.  ზუგდიდამდე მგზავრობა 18-ის ნაცვლად 20-22 ლარი ღირს, იგივე ფასი მოქმედებს ფოთამდე და ბათუმამდე.

რკინიგზის ცენტრალურ ავტოსადგურში ავტოტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება ჯერჯერობით არ გაძვირებულა, თუმცა მიკროავტობუსები და ავტობუსები არ გადიან.

„ყველა მიკროავტობუსი გასულია უკვე. დილით მალევე აიყვანეს მგზავრები. როგორც კი უკან დაბრუნდებიან, ისევ შეასრულებენ რეისს,“ – უთხრა “ნეტგაზეთს” ერთ-ერთმა მოლარემ. რკინიგზის ცენტრალურ ავტოსადგურში ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გამგზავრებას ათეულობით ადამიანი ელოდება.

„თბილისი ცენტრალის“ პირველი სართულის შესასვლელთან ათამდე მიკროავტობუსი დგას, რომლებიც მგზავრებს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაყვანას სთავაზობენ. ერთ-ერთმა მძღოლმა გვითხრა, რომ ქუთაისამდე მგზავრობა 12 ლარი ღირს, ბათუმამდე და ზუგდიდამდე კი – 22.  მეორე მძღოლმა ქუთაისამდე მგზავრობა 13 ლარად შემოგვთავაზა. მგზავრობის ღირებულების გაზრდის მიზეზად მათ ბენზინის გაძვირება დაგვისახელეს, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე საქართველოში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი არ გაზრდილა.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს. კერძოდ, აღდგომის ღამეს მეტრო იმუშავებს ღამის 03:00 საათამდე და თორმეტი საათის შემდეგ იქნება უფასო. ასევე, კვირას და ორშაბათს დაინიშნება დამატებითი 6 მარშრუტი, ჯამში 80 ავტობუსით, რომლებიც სასაფლაოების მიმართულებით 8.00-დან 18.00 საათამდე იმუშავებენ. სპეციალური მარშრუტების მგზვარობა იქნება უფასო.

აღდგომის დღესასწაულის გამო სახელმწიფო დაწესებულებები და კომერციული ორგანიზაციების ნაწილი 21 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით ისვენებენ. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 21 აპრილს დასვენება სვეტიცხოვლის ტაძარში წმინდა მირონის ხარშვის გამო ერთჯერად დასვენებად გამოცხადდა, წითელი პარასკევი კი უკვე წლებია, საქართველოში დასვენების დღედ ოფიციალურად არის გამოცხადებული.

ქრისტიანული სწავლების მიხედვით, აღდგომის წინა პარასკევს ქრისტე ჯვარს აცვეს, რის გამოც ამ დღეს წითელი პარასკევი, იგივე ვნების კვირის პარასკევი ეწოდა. მართლმადიდებლებისთვის ამ დღეს სგანსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამის გამო მორწმუნეთა ნაწილი ამ დღეს არაფერს ჭამს, ნაწილი კი მთელი დღის მანძილზე მხოლოდ პურსა და წყალს სჯერდება.

ამავე სწავლების მიხედვით, ქრისტე მკვდრეთით კვირა დღეს აღსდგა. ეს ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მოძრავი რელიგიური დღესასწაულია. ის ყოველი წლის 4 აპრილიდან 8 მაისის შუალედში აღინიშნება. მართლმადიდებლები აღდგომას 40– დღიანი მარხვით ხვდებიან.

კათოლიკური და მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას სხვადასხვა დროს აღნიშნავს. კათოლიკეებმა და მართლმადიდებლებმა აღდგომის დღესასწაული გასულ წელს ერთად იზეიმეს. ასეთი რამ კი იშვიათად ხდება.

საქართველოში დასვენების დღეა, ასევე, აღდგომის შემდგომი ორშაბათი. ამ დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები მიცვალებულთა სულებს მოიხსენიებენ და ძირითადად ახლობელთა საფლავების მოსანახულებლად გადიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი