ახალი ამბები

უცხოური პრესის დაიჯესტი

11 აპრილი, 2011 • 1547
უცხოური პრესის დაიჯესტი

“Open Democracy” აქვეყნებს სტატიას სათაურით: wikileaks, სამხრეთ-ოსეთი და რუსული გადატვირთვა, სადაც აგვისტოს ომის დეტალების შესახებაა საუბარი.

ის ფაქტი, რომ საქართველო არ ელოდა რუსეთის მხრიდან ასეთ აქტიურ ჩარევას სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში, ახსნილია საქართველოს მხრიდან დაზვერვის ხარჯების შემცირებით და ამ სფეროში ამერიკელებისადმი ბრმად ნდობით. “ასეთმა სიბეცემ საკუთარი წვლილი შეიტანა ცხინვალის დაბომბვის ფაქტობრივად სუიციდურ გადაწყვეტილებაში, – ნათქვამია სტატიაში და აქვე აღნიშნულია, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ერაყის კოალიციაში, არ არის გასაკვირი, საქართველოს მიაჩნდეს, რომ შეცდომაში შეიყვანა მისმა მეგობარმა ზესახელმწიფომ.

სტატიის თანახმად, მიუხედავად  რუსეთის ბრალდებებისა, თითქოს მოვლენებს ვაშინგტონი მართავდა, რის გამოც საქართველომ ომი დაიწყო, აშშ ნებისმიერ მსგავს ინიციატივას ეწინააღმდეგებოდა. Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული წერილები ცხადყოფს, რომ საომარი მოქმედებების დაწყების წინ აშშ-ს საელჩო თბილისში და მასთან ერთად სახელმწიფო დეპარტამენტი ისეთივე საინფორმაციო ვაკუუმში იყვნენ, როგორც ყველა სხვა დანარჩენი.

სტატიის ავტორი რუსულ-ამერიკულ გადატვირთვას ამერიკის მხრიდან სამხრეთ-კავკასიაში ახალი სტატუს ქვოს აღიარებად მიიჩნევს. გზავნილის ქვეტექსტი ასეთია: „ჩვენ არ მოგვწონს ის, რაც მოხდა ომის დროს და ომის შემდეგ, მაგრამ ჩვენ ამას ვერაფერს მოვუხერხებთ და მსოფლიოში არსებობენ საქართველოზე გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: „შენ (რუსეთო) შეგიძლია გქონდეს საკუთარი ინტერესების სფერო, მაგრამ საეჭვოა, რომ ჩვენ ამას, როგორც ყოფილი ჰეგემონი, როდესმე ვაღიარებთ“. აი, რატომ შემცირდა კიდევ უფრო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ისედაც მცირე შანსი -ნათქვამია სტატიაში.

„სტრატეგიული პრატნიორობის შესახებ ქარტიას“ – სტატიის ავტორი   „ლეღვის ფოთოლს“ უწოდებს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-მ მისი ურთიერთობა საქართველოსთან უკანა პლანზე გადაწია და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ამის შედეგად საქართველომაც გადაწყვიტა საკუთარი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირება, გააძლიერა რა კონტაქტები თურქეთთან და ირანთან. დასასრულს სტატიის ავტორი დასძენს, რომ აშშ-ს წარმომადგენლები შეეცადნენ ქართველი კოლეგების დამშვიდებას იმ არგუმენტით, რომ საქართველო უფრო დაცულია მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი-რუსეთის ურთიერთობებში „გადატვირთვა“ ამუშავდა, თუმცა, რაღა თქმა უნდა, მათ ავიწყდებათ იმის დამატება, რომ გადატვირთვა გაცილებით მნიშვნელოვანია თავად აშშ-სთვის (ავღანეთთან და ირანთან დაკავშირებული თანამშრომლობა), ვიდრე – რუსეთისთვის.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ბაღაფშის მოსალოდნელ ვიზიტზე წერდა გასულ კვირას თურქული გამოცემა “Today’s Zaman”. შეგახსენებთ, რომ ბაღაფშის ვიზიტი ანკარაში 7-8 აპრილს დაიწყო. გამოცემის თანახმად, თურქეთში გამგზავრების სურვილი ბაღაფშმა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გამოთქვა და განაცხადა, რომ აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრას გეგმავდა, თუმცა ეს ვიზიტი, სტატიის თანახმად, თბილისის ზეწოლით გადაიდო.

სტატიის მიხედვით, აფხაზები ცდილობენ განავითარონ თავისი ურთიერთობა თურქეთთან, რათა უზრუნველყონ აფხაზეთის სტაბილურობა და უსაფრთხოება, წაახალისონ აფხაზეთის მოსახლეობა და რუსეთის ფედერაციასთან და საქართველოსთან ურთიერთობის კომპენსირება მოახდინონ.

ამ კონტექსტში სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ ბაღაფში მოითხოვს საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტირებასა და ვაჭრობაზე აფხაზეთისთვის დაწესებული ემბარგოს მოხსნას. სტატიის ავტორს აფხაზური ანდაზის ციტირება მოჰყავს: ”თუ გინდა, რომ კარი გაიღოს, მასზე უნდა დააკაკუნო” – და ფიქრობს, რომ ამას გააკეთებს ბაღაფში ანკარაში. დასასრულს სტატიის ავტორი ასკვნის, რომ ამ კაკუნმა შეიძლება სხვა კარებიც გახსნას და შესაძლოა აფხაზეთის ურთიერთობებისთვის თურქეთთან, საქართველოსთან და დასავლეთთან შემობრუნების მომენტიც დადგეს. ამიტომ ბაღაფშის ვიზიტი და თურქეთში მოლაპარაკებების დროს გახმოვანებული გზავნილები უმნიშვნელოვანესი იქნება აფხაზეთის, საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და კავკასიის მომავლისთვის.

ეხო კავკაზას გამოცემაც ეხმიანება ბაღაფშის თურქეთში ვიზიტს და საინტერესო დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ამ ვიზიტს საქმიანს უწოდებს, თურქეთის ხელისუფლება – სამედიცინო  მიზნებისთვის განხორცილებულს, ხოლო საქართველოს საგარეო უწყება ამ ფაქტთან დაკავშირებით საერთოდაც დუმილს ამჯობინებს.

იმავდროულად, დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვიაჩესლავ ჩირიკბა “ეხო კავკაზასთან” ინტერვიუში ახადებს, რომ ბაღაფშს სამკურნალო არაფერი ჭირს და მისი თურქეთში ვიზიტის მთავარი მიზანი აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრა იყო. ჩირიკბა იქვე დასძენს, რომ ეს ვიზიტი დიდი ხნის წინათ იგეგმებოდა, თუმცა თურქეთის საგარეო უწყება თავდაპრველად ამ ვიზიტზე თანხმობას არ აცხადებდა, მოგვიანებით კი თავად დაუკავშირდნენ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებას. ოფიციალური თურქეთი ბაღაფშის ვიზიტთან დაკავშირებით მთელ პასუხისმგებლობას თურქულ სამოქალაქო ორგანიზაციას აკისრებს, რომლის ოფიციალური მოწვევითაც იმყოფება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი თურქეთში. ბაღაფშის მრჩეველი ჩირიკბა “ეხო კავკაზასთვის” მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთისთვის თურქეთის ამ გადაწყვეტილებას სერიოზულ პოლიტიკურ გზავნილად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ სოხუმსა და ანკარას შორის კავშირები გამყარდება.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა ბაღაფშის ვიზიტში თურქეთის მხრიდან კეთილი ნების ჟესტს ხედავს და აცხადებს, რომ თუ დაირღვევა დიპლომატიური ეტიკეტი, შესაბამისი ნოტა მომზადდება. მისი თქმით, უნდა ვნახოთ, რეალურად რას მოიტანს ეს ვიზიტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი