ახალი ამბები

ანდრია ურუშაძე ოპოზიციისგან უფრო მწვავე კითხვებს ელოდა

25 მარტი, 2011 • 1103
ანდრია ურუშაძე ოპოზიციისგან უფრო მწვავე კითხვებს ელოდა

საქართველოს პარლამენტის წინაშე დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე წარსდგა. მან სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა 10–წუთიან პრეზენტაციაში ჩაატია.

ურუშაძე მოხსენებაში შეეხო ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამას, ასევე, ისაუბრა სამინისტროს მიერ გაწეული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ სამედიცინო პერსონალის გადამზადების კუთხით. მისსავე გამოსვლაში აღინიშნა სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდისა და სახელმწიფოს მიერ დარიგებული ვაუჩერების საკითხები.

მოხსენების შემდეგ მინისტრს  დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს. შეკითხვები შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდის პერსპექტივები, ჯანდაცვის ხელმისწავდომობის კუთხით არსებული პრობლემები, საავადმყოფოების შენობების პრივატიზაციის დროს მომსახურე პერსონალისა და პაციენტთა უფლებების დაცვის საკითხები, ფარმაცევტულ საქმიანობაში არსებული პრობლემები, დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის, ექიმთა პროფესიული ცოდნის ამაღლების საკითხები და ფარმაცევტულ საქმიანობაში არსებულ პრობლემები.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ოპოზიციისგან უფრო მწვავე შეკითხვებს ელოდა.

ურუშაძის თქმით, უახლოეს მომავალში ყველა ტურისტულ ზონაში აშენდება ახალი საავდმყოფოები: მესტიაში – ტრავმაყოლოგიური ცენტრი, ასევე, ბაკურიანსა და გუდაურში ამოქმედდება ტრავმატოლოგიური სერვისები. ჩაქვში, ამბროლაურში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ახალციხეში გაიხსნება ახალი საავადმყოფოები.

“მარტო სადაზღვევოები ააშენებენ 46 საავადმყოფოს, დანარჩენებს კერძო კომპანიები,” – განაცხადა ურუშაძემ. მისივე თქმით, ამ კუთხით დაგეგმილია 1 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება, მათ შორის აზერბაიჯანელი ინვესტორების მხრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი