ახალი ამბები

საპარლამენტო ოპოზიციამ რამაზ ნიკოლაიშვილის ნაკლი დაასახელა

24 მარტი, 2011 • 1094
საპარლამენტო ოპოზიციამ რამაზ ნიკოლაიშვილის ნაკლი დაასახელა

საპარლამენტო სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დღეს მოუსმინეს. რამაზ ნიკოლაიშვილმა მისი სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოები პრეზენტაციის სახით წარმოადგინა.

დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მინისტრმა ქვეყნაში დაგებულ გზებზე, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე, სოფლის ინფრასტრუქტურაზე დახარჯულ თანხებზე, შემოსავლის წყარობზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„დიდი პრობლემები იყო წყალმომარაგების საკითხებში, საქართველოს ბევრ ქალაქში, ახალციხეში, ბაკურიანში, თელავში, ბორჯომში და ა.შ. დაწყებულია წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება, ძალიან ბევრ ქალაქში უკვე 24 –საათიანი წყალმომარაგება გვაქვს. მაგალითად, ქუთაისში, სადაც  წყალი სამ დღეში ერთხელ სამი საათით მოდიოდა, დღეს უკვე ყოველ დღე შვიდი საათით მოდის. დაახლოებით წელიწადნახევარში ან ორ წელიწადში, დაწრმუნებულები ვართ, ქუთაისს 24 საათის რეჟიმში ექნება წყალი. ასევე, დავასრულეთ წყლის საკითხი მთლიანად ბორჯომში და ბაკურიანში. ამ სეზონზე მოსახლეობას უკვე გაფილტრული და ხარისხიანი წყალი მივაწოდეთ. მინდა გითხრათ, რომ მთლიანად მოშლილი დაგვხვდა ეს სისტემა. ზოგიერთ ქალაქში საერთოდ ვერ ვპოულობდით კანალიზაციის მილებს, იმდენად ამორტიზებული იყო“, –განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ასევე, მინისტრის თქმით, საქართველოში, სადაც სულ 7 ათასი კილომეტრიანი გზაა, 1000 კილომეტრამდე რეაბილიტაცია სამინსიტრომ უკვე მოახდინა, თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

„მე არ მოვისვენებ, სანამ კონკრეტულ პროექტებს ბოლომდე არ მივიყვან“, –განაცხადა რამაზ ნიკოლაიშვილმა.

ჯონდი ბაღათურიამ, „ქართული დასის“ ლიდერმა სხდომაზე განაცხადა, რომ ნიკოლაიშვილის უწყება ის რგოლია მთავრობაში, სადაც სადებატო ყველაზე ნაკლებია.

„ვაღიარებთ, რომ ბევრი კეთდება, გზები იგება და ამას პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს. მინდოდა, დამეყენებინა საკითხი, რომ თქვენი გამოსვლა საერთოდ არ ყოფილიყო, რადგან ყველაზე ნაკლები პრეტენზია თქვენ მიმართ გვაქვს. თუმცა  მოუმზადებლები ვართ იმ თვალსაზრისით, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს ამ ყველაფრის აუდიტი, ხარჯთაღრიცხვა და რთულია სხვადასხვა დეტალში ჩაღრმავება“, –განუცხადა ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის სხდომაზე რამაზ ნიკოლაიშვილს.

სხდომაზე მინისტრს ლევან ვეფხვაძემ, „ქრისტიან–დემოკრატიული“ პარტიის წევრმაც მიმართა:

„ერთმა ჩემმა კოლეგამ, როდესაც თავიდან ბოლომდე მოისმინა ეს მოხსენება, მითხრა, ერთი ნაკლი აქვს ამ კაცს – ცუდ გარემოშია მოხვედრილი. მან თქვენი გარემოცვა იგულისხმა“.

ამის მიუხედავად, რამაზ ნიკოლაიშვილს პარლამენტის ზოგიერთმა წევრმა მაინც გააცნო რამდენიმე კონკრეტული პრობლემა.

გიორგი თარგამაძის თქმით, ზოგიერთ რეგიონში ადამიანებს სარწყავი წყლის პრობლემა  ისევ აქვთ; ასევე,  მისივე თქმით, არსებობს მოსალოდნელი ბუნებრივი კატაკლიზმების, კონკრეტულად წყალდიდობების შედეგად ადამიანების უსახლკაროდ დარჩენის საფრთხეებიც.

ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის წევრმა, გიორგი ახვლედიანმა კი მინისტრს სოფლის ინფრასტრუქტურის საკითხებში არსებული კონკრეტული მაგალითები გააცნო.

„სოფლის მიერ თანხის განკარგვა უნდა ხდებოდეს უშუალოდ მოსახლეობის კრებების მეშვეობით. თუმცა არის მაგალითები, სადაც უშუალოდ გამგებლები და მათი ხუთკაციანი სამეგობრო წყვეტს, რა ჭირდება სოფელს და ხშირად უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებენ.  მაგალითად, აჭარის ერთ–ერთ სოფელში, სადაც უმწვავესად დგას წყლის პრობლემა, სოფლისთვის გამოყოფილი ფულით ბილიარდი იყიდეს. სოფელ განახლებაში კი განათების ბოძი იქ დადგეს, სადაც საცალფეხო ბილიკიც არ გადის“.–განაცხადა ახვლედიანმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გამოსვლა ჯონდი ბაღათურიამ ჟურნალისტებთანაც შეაფასა:

„ვამჩნევ, რომ რამაზ ნიკოლაიშვილის გამოსვლებს დიდი ხანია კარგად იყენებს „ნაცმოძრაობა“ თავის პიარისთვის. ვაღიარებთ, რომ შენდება გზა, ვამბობთ, რომ ეს კარგია, მაგრამ ნამეტანიც არ უნდა მოგვივიდეს და ლექსების წერა არ უნდა დავიწყოთ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი