ახალი ამბები | ,

გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად გამოიყენა

3 თებერვალი, 2016 | | 2317
გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად გამოიყენა

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ კატეგორიად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი “დაუნებს შეადარა”.

“თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი. თითოეული თქვენი სიტყვა, წინადადება, წერილი, ბგერა,ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, უაზრო… ძალიან სამწუხაროა, თუ ასე აფასებთ მოსახლეობას, მაშინ ალბათ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში. ისიც უნდა გითხრათ, როცა პრეზიდენტი, პირველი კაცი ლაპარაკობს, მისი ყველა ნათქვამი ანალიზდება და როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახლეში, სადაც დღეს თქვენ ხართ, ეს არასწორია. არაფრით წაადგა ჩვენს ქვეყანას უცხოეთში სხვადასხვა ფორუმზე ორი ხელმძღვანელის ერთად სიარული. ქვეყნის იმიჯზე უფრო უნდა გეფიქრათ, ვიდრე ვინ წავა და ვინ წარმოადგენს. უნდა გაგეთვალისწინებინათ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი და შეიძლებოდა კომპრომისი გვენახა და უცხოეთში არ დაენახათ, რომ ქვეყნის ორი წამყვანი პირი ერთმანეთში ვერ თანხმდებიან”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ აღნიშნული პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილ დროში განაცხადა.

დღეს, 3 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტს გამოსვლისას სიტყვა დაუნი ან დაუნის სინდრომი არ გამოუყენებია და არც საქართელოს მოსახლეობა შეუდარებია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსმა დაუნის სინდრომი ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენა.  “დაუნის სინდრომი” სალანძღავ ტერმინად გამოუყენებიათ ნინო ბურჯანაძეს და შალვა ნათელაშვილს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის განმარტებით, დაუნის სინდრომი არის ადამიანის მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ზედმეტი ქრომოსომების არსებობით. ქრომოსომები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესს ორსულობის დროს და მის განვითარებას, როგორც მუცლადყოფნის, ასევე დაბადების შემდგომ პერიოდში.

ჩვეულებისამებრ, ბავშვი იბადება 46 ქრომოსომით. ბავშვებს დაუნის სინდრიმით აქვთ ერთით მეტი ქრომოსომა 21-ე წყილში. სამედიცინო ენაზე მას „21-ე ტრისომიას“ უწოდებენ.  სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება  ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი