ოპერისა და ბალეტის თეატრი საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა

30 იავნარს თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრი საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პრემიერაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი.

ოპერის მოყვარულები თეატრის ეზოში შეიკრიბნენ. ისინი სპეციალურად დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლებით ისტორიულ ჩანაწერებს უსმენდნენ და გლინტვეინს მიირთმევდნენ. რამდენიმე მათგანს თეატრის ეზოში მიტანილი ჰქონდა ტრანსპარანტი, წარწერით: “ბელადებს სჭირდებათ მოსაწვევი”.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილე, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე აცხადებს, რომ დახურული ჩვენებები და პრემიერიები სუფთა საბჭოთა მემკვიდრეობაა. მისი თქმით, ამისგან გათავისუფლების გარეშე საქართველო ცივილიზებული ქვეყანა ვერ იქნება.

“პირადად მე და ასევე აქ შეკრებილი ადამიანები ორ რამეს აღვნიშნავთ: პირველ რიგში, ოპერის გახსნას, რომელიც 6 წლის განმავლობაში დახურული იყო და ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა მის გახსნას და აღდგენას. მეორე ფაქტორი აქ მოსვლის ჩემთვის პირადად არის ის, რომ ვაპროტესტებ იმ საბჭოთა მემკვიდრეობას, რომლისგანაც, სამწუხაროდ, ვერ განვთავისუფლდით. როდესაც ეწყობა დახურული ჩვენებები და პრემიერები, ამ ჩვენებებს, როგორც წესი, ესწრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები. ეს არის სუფთა საბჭოთა მემკვიდრეობა, რომელიც საბჭოთა პერიოდში ხშირად ხდებოდა ხოლმე. თუ გვინდა, რომ ვიყოთ ცივილიზებული ქვეყანა, ამისგან გათავისუფლება არის აუცილებელი,” – ამბობს ნინია კაკაბაძე.

ოპერის თეატრის გახსნა საპროტესტო აქციის ფონზე. 30.01.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ოპერის თეატრის გახსნა საპროტესტო აქციის ფონზე. 30.01.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

კავკასიაში ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი მარინა მეტრეველი აცხადებს, რომ ოპერის მოყვარულები პრემიერაზე მხოლოდ იმიტომ ვერ შევიდნენ, რომ ეს არ იყო გათვლილი ნამდვილ მსმენელზე და შემფასებელზე.

“ჩვენ არაფერს ვაპროტესტებთ. უბრალოდ, მოვედით ფალიაშვილის ძეგლთან, რომ მადლობა ვუთხრათ ბატონ ზაქარიას ასეთი შესანიშნავი ოპერის შექმნისათვის. ოპერა კიდევ ერთხელ გაიხსნა და ჩვენ ვერ შევედით იმიტომ, რომ ეს არ იყო გათვლილი ნამდვილ მსმენელზე და შემფასებელზე. საქართველო არ არის ევროპის შუაგული და არ არის ევროკავშირის ქვეყანა, სადაც ყველა ქვეყნიდან უნდა დაპატიჟონ ასეთ დიდ… მართლა ფენომენალური დღეა და დიდი დღეა საქართველოსთვის. საქართველოს მთავრობა და პარლამენტის წევრები, რომლებიც მართლა შემფასებლები არიან ფალიაშვილის შედევრების, კონსერვატორიის ღვაწლმოსილი პედაგოგები და ვოკალური ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ფალიაშვილს, ისინი არ/ვერ ესწრებიან. მე რომ ვყოფილიყავი ამათ ადგილზე, დავუშვებდი ბილეთებს და ვიყიდიდი. არ უჭირს დღევანდელ მთავრობას. შემოვიყვანდი ღვაწლმოსილ მუსიკოსებს, რომლებიც ვერ ესწრებიან პრემიერას,” – აცხადებს მეტრეველი.

ოპერისა თეატრის გახსნის პირველ დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე დამსწრეთა ნუსხა ოპერისა და ბალეტის ადმინისტრაციამ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეადგინეს. კულტურის სამინისტროს განმარტებით, ოპერის შენობა არ იძლეოდა საშუალებას, რომ ყველა მსურველი გახსნის პირველივე დღეს დასწრებოდა პრემიერას და ამის გამო სამი საპრემიერო ჩვენების გამართვის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი “აბესალომ და ეთერით” გაიხსნა. განახლებულ თეატრში სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა მოიყარეს თავი. მათ სპექტაკლის დაწყებამდე 1 საათით ადრე დაიწყეს შენობის ეზოში შეკრება.

სარემონტო სამუშაოები 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა და რესტავრაცია 40 მილიონ დოლარამდე დაჯდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გერმანულ კომპანიაში “გერიეცი” სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით თეატრის ფარდა დაიბეჭდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.