ახალი ამბებიხელოვნება

ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნას მხოლოდ მიწვეული სტუმრები დაესწრებიან

18 იანვარი, 2016 • 4328
ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნას მხოლოდ მიწვეული სტუმრები დაესწრებიან

30 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის განახლებული შენობა გაიხსნება, თუმცა მასზე დასწრებას მხოლოდ მიწვეული ადამიანები შეძლებენ – თეატრის,  მთავრობის, საპატრიარქოსა და “ქართუ ჯგუფის” წარმომადგენლები.

ოპერის განახლებული შენობა „აბესალომ და ეთერით“ გაიხსნება. ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია, მხატვარი – გოგი ალექსი-მესხიშვილი, ხოლო წამყვან პარტიებს შეასრულებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები – ლადო ათანელი და თამარ ივერი, რომლებიც თეატრმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მიიწვია.

ოპერის შენობის გახსნის პირველ დღეს დასწრება ოპერის მოყვარულებსაც სურთ, თუმცა იმის გამო, რომ ბილეთები არ იყიდება, ამას ვერ შეძლებენ.

ოპერის ფეისბუკის გვერდზე უკვე გაჩნდა იმ მოქალაქეების უკმაყოფილო გამოხმაურებები, რომლებმაც დღეს გაიგეს, რომ ბილეთს გახსნის დღისთვის ვერ შეიძენენ, რადგანაც 30 იანვრის პროგრამაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევის მქონე პირებს შეეძლებათ.

“დავრეკეთ და გვიპასუხეს, რომ 30 იანვრის ბილეთები არ არის. 31 და 2 თაბერვალს იგივე სპექტაკლებია , იგივე შემადგენლობით, სალარო 18 იანვარს 12 საათზე გაიხსნებაო”, – წერს მარინა მეტრეველი ოპერის ფეისბუკის გვერდზე.

უკმაყოფილებას გამოთქვამენ სხვა მოქალაქეებიც:

“დიდი ბოდიში ოპერის ადმინისტრაციასთან, მაგრამ უფრო მეტად ყურადღებიანები უნდა იყოთ მოქალაქეების მიმართ. დღეს იყო ბევრი ადამიანი მოსული სალაროსთან და ერთი სულიერი არსებაც კი არ იყო ოპერის ადმინისტრაციიდან, რომ ელემენტარული ინფორმაცია მოეწოდებინა, პრინტერზე ამობეჭვდა და კარზე გაკვრა რით ვერ მოახერხეთ ? ან ტელეფონზე მაინც გეპასუხათ. ჯერ არ გახსნილა ოპერა და დათხოვნის ღირსები ხართ, საინფორმაციო უზრუნველყოფის კუთხით ვინც მუშაობთ ადმინისტრაციაში. ვთხოვ საიტის ადმინისტრატორს, გადასცეს ინფორმაცია შესაბამის პასუხისმგებელ პირს. მადლობა

“სამარცხვინო ამბავი ხდება… იმის ღირსი არ ვართ ხალხი, რომ ელენეტარულად თქვათ? დღეს მოვედი და ჭაჭანება არ იყო ოპერასთან”

თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა,  რომ ოპერის დარბაზში 1065 ადამიანი ეტევა, რამაც საშუალება არ მისცა, რომ მოსაწვევებთან ერთად ბილეთებიც გაეყიდათ 30 იანვრის წარმოდგენაზე დასწრების მსურველებისთვის:

“მოვლენა იმდენად დიდია, ჩვენ ყველა ადამიანი მოვიწვიეთ, ვინც ამ დღეს თეატრში შეიძლება მოხვედრილიყო. ჩვენ მაქსიმალური აქცენტი გავაკეთეთ საზოგადო მოღვაწეებზე თეატრალური მიმართულებით და იმ ადამიანებზე, ვინც ღირსია, რომ ეს დღე ნახოს. ჩვენ მოვიწვიეთ მხოლოდ ის ადამიანები და კომპანიების ხელმძღვანელები, ვინც ეს საოცარი შენობა გაგვიკეთა”, – განაცხადა დავით კინწურაშვილმა.

სამხატვრო ხელმძღვანლის თქმით, მოწვეულებს შორის არიან მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, დელეგაციები უცხოეთიდან, საოპერო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები. ხელოვნების ყველა სფეროს წარმომაგდენელები.

“ფეისბუკში” ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გახნის დღის ყველა მოსაწვევი “ქართუ ჯგუფმა”  “წაიღო”. კინწურაშვილი აცხადებს, რომ ეს არ არის სიმართლე.  მისი თქმით, მიწვეულებს შორის არიან “ქართუს” წარმომადგენლებიც, თუმცა მათთვის “მინიმალური რაოდენობა, ერთი რიგია განკუთვნილი”.

“ქართუს დამახასიათებელი თვისება ყოველთვის არის უკანა პლანზე დგომა. არასოდეს არ უნდათ, რომ მათზე ილაპარაკონ, რომ კარგები არიან. ყოველთვის სწორად აკეთებენ ქველმოქმედებას, რომელიც ჩვენს ოპერას გაუკეთეს”, – განაცხადა კინწურაშვილმა.

კინწურაშვილი ამბობს, რომ  თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 30 იანვრის პროგრამას ოპერის მოყვარულებს 31 იანვარს, 2 და 21 თებერვალს შესთავაზებს. ხოლო ბილეთების გაყიდვა ოპერის სალაროში დღეს, 18 იანვარს, 12 საათზე დაიწყო.

ოპერისა და ბალეტის თეატრის რეაბილიტაცია 2010 წლიდან დაიწყო და  ბიძინა ივანიშვილის ფონდმა “ქართუ” დააფინანს. ოპერის ცნობით, გერმანულ კომპანიაში „გერიეცი“ სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით თეატრის ფარდა დაიბეჭდა, დამზადდა ეკრანები, რეეკრანები და სცენის ჩაცმულობის სხვადასხვა აქსესუარი.

ოპერის თეატრის ცნობით, „გერიეცმა“ შეიძინა „პანასონიკის“ ფირმის 2 მძლავრი პროექტორი, რომელიც შეამცირებს სპექტაკლების სადადგმო ღირებულებას. ავსტრიულმა ფირმა „ვაგნერმა“ და სერბეთის „სვეტლიოსტმა“ დაამონტაჟეს თანამედროვე პროჟექტორები განათებისათვის, გერმანულმა ფირმა „ზალცბრენერმა“ თეატრი გახმოვანების უახლესი აპარატურით აღჭურვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი