კულტურის სამინისტროს განცხადება ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნაზე

ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნაზე სტუმრების მიწვევის საკითხთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“30 იანვრიდან, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა საზეიმოდ იხსნება. ბუნებრივია, ოპერის შენობა არ იძლევა საშუალებას, რომ ყველა მსურველი გახსნის პირველივე დღეს დაესწროს პრემიერას, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება სამი საპრემიერო ჩვენების გამართვასთან დაკავშირებით.

გვსურს განვაცხადოთ, რომ გახსნის პირველ დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე დამსწრეთა ნუსხა ოპერისა და ბალეტის ადმინისტრაციამ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთობლივად შეადგინა. მოწვეულია მრავალრიცხოვანი დასის ყველა წევრი, შემოქმედებითი კოლექტივი, მსახიობები, მუსიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, დიდი ქართველი კომპოზიტორების ოჯახის წევრები და შთამომავლები, უცხოელი სტუმრები, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსი. საპრემიერო ჩვენებაზე მოსაწვევებით დასწრება საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა და აპრობირებული მეთოდია.

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გახსნა ჩვენი ეროვნული ზეიმია. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომდევნო საპრემიერო ჩვენებებზე დასწრების ასეთივე მაღალი ინტერესი იქნება”, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

30 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის განახლებული შენობა გაიხსნება, თუმცა მასზე დასწრებას მხოლოდ მიწვეული ადამიანები შეძლებენ – თეატრის, მთავრობის, საპატრიარქოსა და “ქართუ ჯგუფის” წარმომადგენლები. ამ საკითხზე ნეტგაზეთის სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com