ახალი ამბები

CENN–ი მოუწოდებს მთავრობას, წარმოადგინოს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის მოტივი და მიზანი

10 თებერვალი, 2011 • 1102
CENN–ი  მოუწოდებს მთავრობას, წარმოადგინოს გარემოს დაცვის სამინისტროს  რეორგანიზაციის მოტივი და მიზანი

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) შეშფოთებას  გამოთქვამს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმა საქართველოს მთავრობამ 8 თებერვალს წარმოადგინა.

“საზოგადოებისათვის დღემდე არ არის ცნობილი ამ რეორგანიზაციის (რომელსაც შეიძლება საბოლოოდ სამინისტროს ლიკვიდაცია მოჰყვეს) მოტივი და მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა. პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ მიმდინარე ცვლილებების ძირითად მიზეზად სამინისტროში კორუფციის მაღალი დონე სახელდება, მაგრამ, როგორც საქართველოს მაგალითზე სხვა შემთხვევებშიც გვინახავს, ამ პრობლემის მოგვარება სამინისტროს სტრუქტურულ რეორგანიზაციას არ საჭიროებს და მისი დაძლევა შიდა მმართველობითი ჯგუფის ცვლილებითა და მონიტორინგის უკეთესი სისტემის დანერგვითაცაა შესაძლებელი” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც CENN–ი ავრცელებს.

CENN მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ წარმოადგინოს საზოგადოების და პარლამენტის წინაშე:  რეორგანიზაციის მოტივი და ის მიზანი, კონკრეტულად რა შედეგების მიღება სურს მთავრობას ამ ცვლილებებით; მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის დასაბუთება;   ევროინტეგრაციის პროცესთან შესაბამისობა, ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

„ასევე, ვთვლით, რომ საქართველოს მთავრობამ ამ საკითხთან მიმართებაში უნდა განახორციელოს დაინეტრესებულ მხარეებთან კონსულტაცია და მიღებული რეკომენდაციების შემდეგ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ვინაიდან, ჩვენი აზრით, ეს პროცესი დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკებსა და საფრთხეებთან. კერძოდ კი, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვიოს გარემოსდაცვითი სტრუქტურების ქმედითუნარიანობისა და ეფექტურობის შემცირება, საფრთხის წინაშე დააყენოს საქართველოს გარემოს დაცვის საქმე და შეაფერხოს ევროინტეგრაციის პროცესი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი