ახალი ამბები

არასამთავრობოები ევროპის სასამართლოში მიმართვისთვის გადასახადის წინააღმდეგ

7 თებერვალი, 2011 • • 1066
არასამთავრობოები ევროპის სასამართლოში მიმართვისთვის გადასახადის წინააღმდეგ

არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში მიმართვისათვის გადასახადის შემოღებას ეწინააღმდეგებიან და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, არ დაუჭიროს მხარი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მიმართვისათვის გადასახადის შემოღებას.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კავშირი – XXI საუკუნე დღეს ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

გადასახადის დაწესების შესახებ საკითხის განხილვა ადამიანის ევროპულმა სასამართლომ 18-19 თებერვალს შვეიცარიაში, ქალაქ ინტერლაკენში, გადაწყვიტა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ,,ევროპის სასამართლოსადმი მიმართვისათვის გადასახადის დაწესება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების განხორციელებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უფლებაა გარანტირებული ევროპის 1950 წლის ადამიანის უფლებათა კონვენციით’’.

NGO-ები ფიქრობენ, რომ გადასახადის დაწესების შემოღებამ შეიძლება გამოიწვიოს ინდივიდუალური პირებისათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლების ფაქტობრივი გაუქმება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ამ პირებს შესაბამისი თანხა არ გააჩნიათ.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას საქართველოს სახალხო დამცველიც უერთდება.

ამ თემასთან დაკავშირებით ხვალ ახაგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი