ახალი ამბები

კახა ჟღენტი: მასწავლებელთა შეფასების შედეგები იმედისმომცემია

29 დეკემბერი, 2015 • 2629
კახა ჟღენტი: მასწავლებელთა შეფასების შედეგები იმედისმომცემია

“პირადად ჩემთვის, მაგალითად, 3 ათასი ნანახი კარგი გაკვეთილი,  იმედისმომცემი შედეგია. ჩემი სუბიექტური აზრით, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, პოზიტიური შედეგია, მით უმეტეს, რომ პირველად ჩატარდა მასწავლებელთა ღია შეფასება. მათ თავად ატვირთეს ქსელში თავიანი პროექტები”, – ასე აფასებს მასწავლებლებისთვის კრედიტქულების მინიჭების პროცესს ნეტგაზეთთან საუბარში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვა“ პროგრამის მენეჯერი კახა ჟღენტი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემით გათვალისწინებული კრიტერიუმებით შეფასებამდე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ძველი სქემის კრიტერიუმებით ჩატარებული შეფასების შედეგები გამოაქვეყნა.

აღნიშნულ შეფასებაში, რომელიც 2015 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და დაახლოებით თვენახევარი გაგრძელდა, ქვეყანაში არსებული 64 ათასი მასწავლებლიდან ნებაყოფლობით მონაწილეობა 5266-მა პედაგოგმა მიიღო [64 000 მასწავლებლიდან მხოლოდ 8 000 მდე სერტიფიცირებული მასწავლებელი ჩაერთო ნებაყოფლობით ძველ სქემაში. მათგან 5266 კი, პედაგოგთა შეფასებაში].

პედაგოგები რამდენიმე მიმართულებით შეფასდნენ. პირველი მიმართულების შემთხვევაში, მასწავლებელს უნდა წარმოედგინა ან ინტეგრირებული გაკვეთილის პროექტი, ან საგანმანათლებლო პროექტი, სსსმ მოსწავლესთან მუშაობის საკუთარი გამოცდილება, ან საკუთარი პროფესიული საქმიანობის კვლევა. ამ მიმართულებაში დადებითი შეფასება სამკრედიტიანი იყო.

“მეორე მიმართულება, რომელშიც ენიჭებოდა 1 კრედიტი, ითვალისწინებდა სასწავლო რესურსის შექმნას  მოსწავლის საგაკვეთილო ინტერაქციაში ჩართვის მიზნით. ამავე დროს, აქ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საინფორმაციო ტექნოლოგიები”, – აცხადებს ჟღენტი.

მესამე, ორკრედიტიანი მიმართულება მასწავლებლის მონაწილეობა ტრენინგებში, სტაჟირებებში, კონფერენციებზე, სემინარებზე საკუთარი პროფესიული განვითარების რეფლექსია, გააზრება/ანალიზი იყო.

“ჩვენ მასწავლებლისგან მოვითხოვეთ ამ პროცესის გაანალიზება. ანუ რატომ წავიდა, რა ცოდნა მიიღო იქ და როგორ აისახა მისი მიღებული ცოდნა მოსწავლეებზე”, – ამბობს კახა ჟღენტი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის განმარტებით, რაოდენობრივად ყველაზე კარგი შედეგი პირველი მიმართულებისთვის [ 3 კრედიტი] 3200-მა მასწავლებელმა [ 61%] აჩვენა. 1 კრედიტი აიღო 1705-მა მასწავლებელმა [32%],  და 2 კრედიტი [48% ] 2506-მა .

საბოლოო ჯამში, ექვსივე კრედიტი შეფასების პროცესში მონაწილეთა მხოლოდ 17%-მა, 907-მა მასწავლებელმა აიღო.

ამჯერად ცენტრი სააპელაციო განაცხადებს იღებს. აღნიშნული პროცესის შემდეგ საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება.

რაც შეეხება მასწავლებელთა შეფასების შედეგებს ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით, ეს მონაცემიც, სავარაუდოდ, მოგვიანებით დამუშავდება.

“თუმცა, მინდა გითხრათ, რომ რეგიონების პედაგოგებმა საკმაოდ კარგი ნაშრომები და ბლოგები წარმოადგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტზე წვდომა რეგიონებში მაინც პრობლემად რჩება“.

ეს შედეგები, როგორც კახა ჟღენტი განმარტავს, არ აისახება მასწავლებელთა ხელფასებზე, ან ამ ეტაპზე მათი სტატუსის ცვლილებაზე.

“ეს არის გარკვეული მოდელირება იმ ახალი სქემის, რომელიც  2016 წლიდან სრულად ამოქმედდება, როდესაც სკოლა უკვე თავად შეაფასებს მასწავლებლებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი