ახალი ამბები

კვირიკაშვილი: პრეზიდენტი თავის რეზიდენციაშია და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან არ უნდა დაისვას

28 დეკემბერი, 2015 • 1630
კვირიკაშვილი: პრეზიდენტი თავის რეზიდენციაშია და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან არ უნდა დაისვას

საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი მთავრობამ აღარ უნდა დასვას.

თუმცა მანვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადგილას ალბათ პოლიტიკურ გუნდს გაუწევდა ანგარიშს:

“მე პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მე აუცილებლად, ფიზიკური შესაძლებლობის შემთხვევაში, დავესწრები უშიშროების საბჭოს სხდომას, როდესაც ის ჩატარდება.  რაც შეეხება გამოსახლების კამპანიას, მე არ ვიცი, რომელ კამპანიაზე საუბრობთ თქვენ. ცალკეულ პოლიტიკურ პირებს აქვთ უფლება, რომ გააკეთონ ამ ტიპის განცხადებები. გემოვნების საკითხია, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტის ადგილას, მივიღებდი თუ არა იმავე გადაწყვეტილებას. ალბათ პოლიტიკურ გუნდს მეტ ანგარიშს გავუწევდი, ამასაც ღიად გეუბნებით, თუმცა პრეზიდენტი იმყოფება თავის რეზიდენციაში და ნამდვილად ეს საკითხი მთავრობის მხრიდან არ უნდა დაისვას,”– განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2014 წელს, მთავრობის კანცელარიიდან ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სამუშაო გარემოს საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღო.

რეზიდენციის საკითხი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირების საკითხი გახდა. მას მთავრობა მოუწოდებდა, ათონელის ქუჩაზე, ახლად აშენებულ რეზიდენციაში გადასულიყო, თუმცა პრეზიდენტი კვლავ ავლაბროს სასახლეში დარჩა. მის გადაწყვეტილებას  კოალიცია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მკაცრად აკრიტიკებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი