ახალი ამბები

სააკაშვილი: ვწუხვარ, რომ პრემიერს ქურდი ვუწოდე, უფრო სამწუხაროა, რომ ეს სიმართლეა

16 დეკემბერი, 2015 • 2206
სააკაშვილი: ვწუხვარ, რომ პრემიერს ქურდი ვუწოდე, უფრო სამწუხაროა, რომ ეს სიმართლეა

“ვწუხვარ, რომ მომიწია პრემიერ-მინისტრისთვის ქურდი მეწოდებინა, თუმცა უფრო მეტად იმაზე ვწუხვარ, რომ ეს სიმართლეა”, – აცხადებს ოდესის გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუკის გვერდზე.

სააკაშვილი წერს, რომ მისი არაერთი დაჟინებული თხოვნის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა მიაწოდა.

“მასზე კარგად ჩანს, როგორ მიწოდებს პრემიერ-მინისტრი “გასტროლიორს” და “მკვეხარას”, და მისი მინისტრი მომიწოდებს “მისი ქვეყნიდან” წავეთრიო. მე ვიყენებ სიტყვა “ქურდებს” პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით და ამ სიტყვებზე უარს არ ვამბობ. მე მიყვარს უკრაინა და ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას ქურდებისა და თაღლითებისგან”, – წერს სააკაშვილი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა უკრაინის რეფორმების საბჭოს სხდომაზე ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ ესვრის წყლით სავსე ჭიქას ავაკოვი სააკაშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი