ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე: „არავითარი ინტერვიუ იმ ფორმით, როგორც ეს გამოქვეყნდა, არ ყოფილა“

23 დეკემბერი, 2010 • 1082
ნინო ბურჯანაძე: „არავითარი ინტერვიუ იმ ფორმით, როგორც ეს გამოქვეყნდა, არ ყოფილა“

„ეს საქმე ეხება წარსულს და როგორ აღმოჩნდა გაზეთის ფურცლებზე, ჩემთვის ამ დრომდე გაუგებარია, რადგან არავითარი ინტერვიუ იმ ფორმით, როგორც ეს გამოქვეყნდა, არ ყოფილა. მაგრამ ახლა დეტალებს არ ჩავუღრმავდები“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის ინტერვიუს შესახებ, რომელიც ქართულ პრესაში გამოქვეყნდა და რომელშიც წარმოდგენილი იყო ლევან გაჩეჩილაძის მაკომპრომატირებელ მასალები.

ბურჯანაძემ „ეხო მოსკვის“ ეთერში ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა:

„იცით, ამაზე არაფრის თქმას არ ვაპირებ თქვენს ეთერში, რადგან აქ გამომგზავრებამდე მე დავპირდი ქართველ ჟურნალისტებს, რომ  მექნება პირდაპირი სატელევიზიო ტელედებატები, როგორც კი ჩავალ საქართველოში, თუმცა რამდენადაც მე შევიტყვე, ბატონი გაჩეჩილაძე ჩემგან ითხოვდა დებატებს პირდაპირ სატელევიზიო ეთერში, მაგრამ როცა მე დავთანხმდი, მან უარი თქვა. დებატები იქნება აუცილებლად, თუკი ისინი დათახმდებიან“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ქართულ ოპოზიციურ სპექტრს შორის არსებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა:

„არ ვფიქრობ, რომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ოპოზიცია იყოს აბსოლუტურად ერთიანი. მაგალითად, წინა წელს ყველანი ვიდექით ერთად და არაფერი გამოვიდა სწორედ იმიტომ, რომ როცა ოპოზიციის ერთი ნაწილი ირწმუნება, უტრირებულად ვიტყვი, რომ აუცილებელია სვლა მარცხნივ და მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ უნდა წავიდეს მარჯვნივ, აქედან არაფერი გამოვა.“

მისივე თქმით, ოპოზიციაში არიან ადამიანები და პარტიები, რომლებიც თვლიან, რომ უნდა წავიდნენ არა ვადამდელი, არამედ ჩვეულებრივი არჩევნების გზით და „მოითმინონ სააკაშვილის რეჟიმი მანამ, სანამ სააკაშვილს არ მოწყინდება ხელისუფლებაში ყოფნა. ოპოზიციაში არის მეორე ნაწილი, რომელშიც მეც შევდივარ, „ეროვნულ კრებასთან“ ერთად, რომლებიც თვლიან, რომ ყოველი დღე სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისა, არის უბედურება საქართველოსთვის.“

ბურჯანაძემ პარტნიორ პოლიტიკურ გაერთიანებად „ეროვნული ფორუმი“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ და „ეროვნული ფორუმი“ ამჟამად ერთად იბრძვიან „ეროვნული კრების“ დროშის ქვეშ.

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ამ კვირის დასაწყისში „დიდების მემორიალის“ ანალოგის საზეიმო გახსნაში მონაწილების მისაღებად გაემგზავრა. საზეიმო ცერემონიის შემდეგ ის პირისპირ შეხვდა რუსეთის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინს. ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბურჯანაძე ამ წუთებში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილთანაც მართავს შეხვედრას.

მასალების გადაბეჭდვის წესი