თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი მერიის წინააღმდეგ

თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი ნინო გოცაძე თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ლექვინაძეს ზეწოლასა და თანამდებობიდან არაკანონიერად გათავისუფლებაში ადანაშაულებს, მერიაში კი აცხადებენ, რომ გოცაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

როგორც გოცაძე ამბობს, ვერეს პარკის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის მიხედვით თბილისის ბოტანიკური ბაღისათვის სტატუსის შეჩერება და მისი ტურისტულ, სარეკრეაციო ზონად ქცევა იგეგმება, რასაც შეეწინააღმდეგა და შედეგად სამსახურიდან დაითხოვეს.

ნინო გოცაძე თანამდებობიდან ოფიციალურად ოთხშაბათს, 2 დეკემბერს გაათავისუფლეს. მისი მონათხრობის მიხედვით, თბილისის ვიცე-მერმა რამდენიმე დღით ადრე შეხვედრაზე დაიბარა და სთხოვა, რომ თანამდებობა საკუთარი ნებით დაეტოვებინა, რადგან ახალი პროექტის მიხედვით სამი სტრუქტურული ერთეული – ბოტანიკური ბაღი, დენდროლოგიური პარკი და ვერეს ხეობა ერთ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდება და მას ერთი პირი უხელმძღვანელებს.

“მითხრეს, რომ ამ სამ სტრუქტურულ ერთეულს მართავს ერთი ხელმძღვანელი. მე დავრჩებოდი ბოტანიკურ ბაღში, მაგრამ აღარ მექნებოდა დირექტორის სტატუსი. უბრალოდ, ფინანსური დაგეგმვა მე აღარ შემეხებოდა. მითხრეს, რომ იურიდიულად და ფინანსურად არ გვაქვს იმისი საშუალება, რომ ცალკე ა.ა.ი.პ-ები ჩამოყალიბდესო. ელემენტარულად არ არსებობს ადმინისტრაციული შენობები, სადაც დაჯდება მენეჯერი, და მათ ბოტანიკური ბაღის შენობა სჭირდებოდათ. ეს უნდა გაგრძელებულიყო დაახლოებით 1 წელი. როცა მოეწყობა ინფრასტრუქტურა, ბაღი კვლავ გახდება დამოუკიდებელიო,” – ამბობს ნინო გოცაძე.

გოცაძე პირველ შემოთავაზებას დათახმდა, რადგან პროექტის მიმდინარეობაში საფრთხეს ვერ ხედავდა. ზოგადი მენეჯერის პოზიციაზე თაზო დარჩიას კანდიდატურაც მისთვის მისაღები იყო, რადგან დარჩიძის ბათუმის ბოტანიკური ბაღის მართვის გამოცდილება ჰქონდა.

მაგრამ, როგორც ნინო გოცაძე ამბობს, 2 დეკემბერს დარჩიძემ მას ბოტანიკური ბაღის დატოვება მოსთხოვა:

“მაგრამ ოთხშაბათს, როდესაც თაზო დარჩია ჩამოვიდა თბილისში, მან განმიცხადა, რომ მათ აქვთ სხვა გეგმები. მე მათი გეგმების განხორციელებას ხელს შევუშლი და მე უნდა დავტოვო ბაღი.”

ამის შემდეგ გოცაძემ ლექვინაძეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებაზე ხელის მოწერაზე უარი უთხრა, მაგრამ უცნობი პირი, რომელიც მათ შეხვედრებს ესწრებოდა, გოცაძის თქმით, მას დაემუქრა.

“როდესაც ვთქვი, რომ განცხადებას საკუთარი ნებით ხელს არ მოვაწერდი, სანამ არ ვნახავდი ზუსტ გეგმას, ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, პირდაპირ დამემუქრა. მათ მითხრეს, რომ მე არავინ მეკითხება, რამეს მოვაწერ თუ არა ხელს და მაინც გამაგდებდნენ.”

როგორც გოცაძე ამტკიცებს, მასთან რამდენიმე თვით ადრე ნუგზარ კახნიაური, ქალაქ თბილისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეც იყო მისული, რომელიც ბაღის შესაძლო სახეცვლილებებზე ესაუბრა.

“კახნიაური ამბობდა, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღი გახდება ტურისტული ობიექტი. რომ მან უნდა შემოუერთოს ბაღს 150 ჰა მიწა, იქ უნდა გაკეთდეს სასტუმროები, გასართობი ატრაქციონები, უნდა გაიბას ჰამაკები, მოეწყოს საავტომობილო გზები, რომ ბიზნესდატვირთვა მიეცეს ამ ადგილს და ბევრი ტურისტი მოიზიდოს,” – აცხადებს გოცაძე.

ნინო გოცაძის განცხადებით, ამჟამად არსებობს საფრთხე, რომ ბოტანიკური ბაღი სტატუსს დაკარგავს. ბაღში თუ ჩამოყალიბდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, საკოლექციო ნერგებს, ენდემურ ჯიშებსა და მნიშვნელოვან მცენარეებს საფრთხე დაემუქრება.

გოცაძის თქმით, ბოტანიკურ ბაღში ხორციელდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები, რომლებიც ბაღის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ვეღარ გაგრძელდება.

ნინო გოცაძის ბრალდებას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში პასუხობს. ვიც-ემერი ადასტურებს მისი და გოცაძის შეხვედრის ფაქტს, თუმცა ამბობს, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და ბაღის ყოფილმა დირექტორმა პოზიციის დატოვება საკუთარი ნებით გადაწყვიტა.

“ჩვენ შევხვდით, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, ქალბატონ ნინოს შევთავაზეთ ალტერნატიული პოზიცია და ის ამაზე არ დათანხმდა. ჩვენ გვქონდა ძალიან საქმიანი, კონსტრუქციული შეხვედრა და არანაირ ზეწოლაზე და ზედმეტ ტერმინოლოგიაზე იქ საუბარი ნამდვილად არ ყოფილა. მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა. ბევრი უზუსტობაა მის მონათხრობში,” – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ლექვინაძის თქმით, თბილისის ბოტანიკური ბაღის სტატუსის შეჩერება არ იგეგმება. ვერეს ხეობის განვითარების პროექტის ფაგლებში მოხდება ბაღის გაფართოება და იქ სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.

“ჩვენ ვაპირებთ ბოტანიკური ბაღის გაფართოებას, იქ არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და არსებული მენეჯმენტის განვითარებას. მთავარი, რაც იქნება ბოტანიკურ ბაღში, ეს არის სამეცნიერო პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერება, განვითარება და, რაც მთავარია, ვიზიტორთა რიცხოვნობის ზრდა. არანაირი გასართობი და მსგავსი ტიპის ობიექტების მშენებლობა არ იგეგმება. მსგავს რამეზე საუბარი ჩვენ არ გვქონია. პირიქით, ბოტანიკური ბაღი ფართოვდება და კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს სამეცნიერო საქმიანობა, არსებული მცენარეები უნდა შენარჩუნდეს და განახლდეს,” – განაცხადა თბილისის ვიცემერმა.

ნინო გოცაძის მოვალეობას ბათუმის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი თაზო დარჩიძე შეასრულებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი