ახალი ამბები

იაკობაშვილი რუსეთს სარკოზის განცხადების დამახინჯებაში ადანაშაულებს

20 ოქტომბერი, 2010 • • 1173
იაკობაშვილი რუსეთს სარკოზის განცხადების დამახინჯებაში ადანაშაულებს

საქართველოს სახელწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი რუსეთს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადების დამახინჯებაში ადანაშაულებს. იაკლობაშვილის თქმით, სარკოზის არ უთქვამ ის, რაც რუსებმა გაავრცელეს.

,, სარკოზიმ თქვა, რომ ქართული მხარის ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ იქნებოდა მისასალმებელი. ჩვენი პოზიცია კი ამასთან დაკავშირებით ცნობილია, ჩვენ ეს ვალდებულება ავიღეთ სარკოზის გეგმაზე ხელმოწერის დროსაც და ახლაც მზად ვართ, რუსეთის ფედერაციასთან და არა ოკუპირებულ რეგიონებთან მოვაწეროთ ასეთ ვალდებულებას ხელი’’.

იაკობაშვილის განცხადებით, რუსეთში უნდა მიხვდნენ, რომ სარკოზის განცხადებების გადაკეთებით, ტყუილს სიმართლედ ვერ აქცევენ. ,,რუსეთში ავიწყდებათ, რომ წერა-კითხვა ჩვენც ვიცით’’, – ამბობს სახელმწიფო მინიტრი.

გუშინ რუსული საინფორმაციო სააგენტო ,,რია ნოვოსტიმ’’ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკოლა სარკოზიმ ქალაქ დუვილში, საფრანგეთი-რუსეთი-გერმანიის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებას.

სარკოზის თქმით, ასევე, აუცილებელია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დატყვევებულთა გათავისუფლება. ,,რია ნოვოსტი’’-ის ინფორმაციით, სარკოზიმ რუსეთს მოუწოდა, დათანხმდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროპელი სადამკვირვებლო მისიის მუშაობას.

იაკობაშვილმა ამის შესახებ მთავრობის სხდომასი დაწყებამდე განაცხადა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი