ახალი ამბები

სალია: ამორალური გარიგების არაკონსტიტუციურად ცნობა რ2-ის საქმეში პრობლემას არ შექმნის

3 ნოემბერი, 2015 • 1800
სალია: ამორალური გარიგების არაკონსტიტუციურად ცნობა რ2-ის საქმეში პრობლემას არ შექმნის

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსთავი 2–ისა და ტელეკომპანია საქართველოს წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასრჩელით სამოქალაქო კოდექსის 54–ე და 55–ე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლში ვკითხულობთ: “მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი: ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს”. 55–ე მუხლში კი წერია:  “გავლენის ბოროტად გამოყენების გამო ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე”.

 

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია ამბობს, რომ  იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ამ ნორმის მოქმედებას შეაჩერებს, ეს დიდ პრობლემას ვერ შექმნის, ვინაიდან მათ სარჩელში სხვა საფუძვლებიც აქვთ მითითებული. მისი თქმით, ესენია იძულებით დადებული გარიგების, კეთილსინდისიერებისა და გარიგების ნამდვილობასთან დაკავშირებული ნორმები. 

 

“მაინცდამაინც პრობლემას ვერ ქმნის იმიტომ, რომ ჩვენ მარტო ამ მუხლით არ გვაქვს მოთხოვილი, გვაქვს სხვა მუხლებიც გარიგების ბათილობის და მათი არაკეთილსინდისიერების დადასტურებისა და ის ნორმები, რომლითაც ჩვენ მოვითხოვთ ამ ქონების უკან დაბრუნებას. მაშინ რუსთავი 2–ს მოუწევს მთლიანად სამოქალაქო კოდექსის და სამოქალაქო კოდექსში არსებული პრინციპების მოქმედების შეჩერება, რაც გამორიცხულია, ვერ მოხდება. ის სარჩელი, რომელიც მათ შეიტანეს რამდენიმე დღის წინ და ითხოვენ სამოქალაქო კოდექსის 54–ე მუხლის შეჩერებას, ჩვენი ერთ–ერთი საფუძველი, მართალია, არის 54–ე მუხლი, თუმცა ეს არ არის ერთადერთი საფუძველი,”– განაცხადა მან.

 

პაატა სალიას განცხადებით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ამ ნორმის მოქმედებას შეაჩერებს, ეს წინააღმდეგობაში მოვა როგორც დემოკრატიის, ასევე საჯარო წესრიგის პრინციპებთან. მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შეჩერდება იმ ნორმის მოქმედება, რომელიც განამტკიცებს საზოგადოებრივი წესრიგის უზენაესობას.  

 

“ისინი ითხოვენ ამ ნორმის შეჩერებას, თუმცა ამ ნორმის შეჩერება ნიშნავს იმ პრინციპების მოქმედების შეჩერებას, რაც გულისხმობს და რაზეც დგას სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლებრივი საქმოქალაქო ბრუნვა. კერძოდ, კეთილსინდისიერების პრინციპების შეჩერებას, საჯარო წესრიგის უზენაესობის შეჩერებას, ანუ ისინი ითხოვენ იმ ნორმის შეჩერებას, რომელიც ამბობს შემდეგ რამეს: ბათილია გარიგება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. თუ ამ მუხლის მოქმედება შეჩერდა, ეს აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს საჯარო წესრიგს, სამოქალაქო ბრუნვას და მიმაჩნია, რომ დაუშვებელია. საკონსტიტიციო სასამართლომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა ამ ნორმის შეჩერების შესახებ,”– აცხადებს სალია. 


რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადებს, პაატა სალია ამბობს, რომ ერთწლიანი ვადა არის შეცილების ვადა, როდესაც მეორე მხარეს შეგიძლია უთხრა იმის შესახებ, რომ გარიგება იძულებითია და უნდა გაუქმდეს. იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარე უარს იტყვის, ამშნ 10–წლიანი ან 3–წლიანი ვადა მოქმედებს.


“ესენი განმარტავენ როგორ: როცა ხელშეკრულებას ხელი მოეწერა იქვე დასრულდა იძულებაო. იძულება შეიძლება განგრძობადი ხასიათის იყოს. ამაზე არაერთი გადაწყვეტილება არსებობს უზენაესი სასამართლოსი. იძულება არ ნიშნავს იმას, რომ ძალით მიგიყვანეს ხელი მოგაწერინეს და როცა სანოტარო ბიუროდან გამოხვედი დამთავრდა. არა. ეს არის განგრძობადი მოქმედება. ჩვენ ვთვლი რომ ხალვაშის მიმართ იძულება შეწყდა 2012 წლის ამნისტიის შედეგად, 2013 წელს შეწყდა ხალვაში მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და სწორედ იმ პერიოდში მან საცილო გახადა ეს ხელშეკრულება, როცა საჯაროდ განაცხადა ამის შესაახებ. ის შეეცილა მხარეს, თქვა რომ ის არასწორი იყო და იძულებით დაათმობინეს. სწორედ 2013 წლიდან უნდა აითვალოს ჩემი აზრით 10 წლიანი ვადა, თუმცა კახა მჭედლიშვილი ფიქრობს, რომ 3-წლიანი ვადა,”– განაცხადა პაატა სალიამ.

 

პაატა სალია ასევე ფიქრობს, რომ სწორედ 2012 წელს, “მაესტროსთან” ინტერვიუში მოწინააღმდეგე მხარესთან გაკეთებული შეცილება მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს.


“თუ ითვლება, რომ ფეისბკზე გაკეთებული განცხადებები საჯაროა და ეს მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს სასამართლოში ტელევიზიით გაკეთებული განცხადება რატომ არ შეიძლება რომ ჩაითვალოს. ამ შემთხვევაში საჭირო იყო რომ მეორე მხარესთან მას ნება დაეფიქსირებინა. ეს ჩვენი სამართლებრივი პოზიციაა,”– ამბობს პაატა სალია.

პაატა სალია, ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი
პაატა სალია, ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი


გუშინ, 2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლის ქვეპუნქტის მოქმედება, სადაც საუბარია, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები  “ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება”.


ამ ნორმის შეჩერების გამო, თუკი პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანს და ტელეკომპანიის წილებს მას გადასცემს, დაუყოვნებელი აღსრულება ვეღარ მოხდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი