ახალი ამბები

რუსთავი 2 საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს ნორმას, რომელსაც დავაში ხალვაში ეყრდნობა

3 ნოემბერი, 2015 • • 1423
რუსთავი 2 საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს ნორმას, რომელსაც დავაში ხალვაში ეყრდნობა

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლში ვკითხულობთ: “მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი: ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს”.


მოსარჩელეები ფიქრობენ, რომ ამ მუხლის ეს ჩანაწერი: “ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს” – სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა სცნოს. მოსარჩელეების აზრით, ნორმის ზემოხსენებული ჩანაწერი კონსტიტუციის ორ მუხლთან მოდის წინააღმდეგობაში: მუხლი 16: ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება; მუხლი 21: 1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.


სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, მათ შორის ზემოხსენებული ჩანაწერი, ქიბარ ხალვაშის სასარჩელო მოთხოვნის ერთ-ერთი საფუძველია. ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამტკიცებს, რომ ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანია “პანორამამ” წილები სწორედ ამორალური გარიგების საფუძველზე დათმეს. სალიას განმარტებით, გარიგებით განსაზღვრულ ქონებასა და სამაგიეროდ მისაღებ თანხას შორის არაადეკვატური ურთიერთშეფარდება არსებობდა, რადგან ხალვაშს [ასევე მის კომპანია “პანორამას”] რუსთავი 2-ის წილების 100%, ჯამში, 268 997 დოლარად დაათმობინეს მაშინ, როცა მათ ხელთ არსებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით ქონება დაახლოებით 7 მილიონი ლარი ღირდა. ამასთან, ხალვაშის მხარის ცნობით, ბიზნესმენს არც ზემოხსენებული 268 997$ მიუღია. ხალვაში ფიქრობს, რომ მყიდველებმა: შპს “საქცემენტმა” [ამჟამინდელი ჰაიდელბერგცემენტი], რომელსაც წილის 22% პროცენტი გადაეცა, და შპს “გეო-ტრანსმა” [წილის 78%] მისი მძიმე მდგომარეობით ისარგებლეს და მათ დასაძრახი მოტივაცია ამოძრავებდათ. 


გარდა ზემოხსენებული ჩანაწერისა, მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე ასაჩივრებენ სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლს, რომელშიც წერია: მუხლი 55. გარიგების ბათილობა. გავლენის ბოროტად გამოყენების გამო ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე”. მოსარჩელეების აზრით, ეს ნორმაც კონსტიტუციის მე-16 და 21-ე მუხლებთან მოდის წინააღმდეგობაში.


საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლებში მოსარჩელეები განმარტავენ შემდეგს:


საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის ითვალისწინებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, რომელიც ასევე მოიცავს საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების უფლების გაუქმება. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლიდან გამომდინარე აღნიშნული ძირითადი უფლებები ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირზეც. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოის ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების შესაბამოსობის საკითხი. ხსენებული ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონოს 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება.“ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონოს 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება.“


მოსარჩელეების განცხადებით, “იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს რეალური საფრთხე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეზე გამოტანილ იქნას გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად დაედება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ჩვენ მიერ გასაჩივრებული ნორმები, რაც გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს კონსტიტუციური მოსარჩელის მიმართ, გთხოვთ, გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩეროთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების “ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს” და 55-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ „გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა“. ამასთან, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება არც მართლმსაჯულების განხორციელებას შეუშლის ხელს, ვინაიდან სადავო ნორმათა გამოყენების პრაქტიკა ძალზედ მცირეა და რეალურად არც გამოიყენება”.


ზემოხსენებული საკონსტიტუციო სარჩელი ჯერ სასამართლოს წარმოებაში მიღებული არ აქვს. საიას იურისტი გიორგი გოცირიძე ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელეების შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და ზემოხსენებული სადავო ნორმების შინაარსს გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერებს, ამ შემთხვევაში უშუალოდ ამ ნორმებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებას ვერც საერთო სასამართლოები მიიღებენ. რა მოხდება მოვლენები ასეთი სცენარით რომ განვითარდეს: თუ ხალვაშის სარჩელზე გადაწყვეტილებას პირობითად დღეს, 3 ნოემბერს ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლო გამოიტანს, ხოლო ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო ზემოხსენებული ნორმების შინაარსს შეაჩერებს? გიორგი გოცირიძის განმარტებით ასეთ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ვერ შევა. საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს საერთო სასამართლოების ყველა ინსტანცია დაასწრებს გადაწყვეტილების მიღებას. 


საკონსტიტუციო სარჩელზე მოსარჩელეების არგუმენტაციას ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე. იხილეთ სარჩელი: N – 679.


2 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის კიდევ ერთი სარჩელი წარმოებაში მიიღო და მათივე შუამდგომლობის საფუძველზე შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლის ქვეპუნქტის მოქმედება, სადაც საუბარია, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები  “ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება”.

 

გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო შემდეგნაირად ხსნის:

 

 “საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმამ შესაძლოა გამოიწვიოს კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი