ახალი ამბები

ევროპაში მიმოსვლა შესაძლოა გამარტივდეს

17 ივნისი, 2010 • • 1166
ევროპაში მიმოსვლა შესაძლოა გამარტივდეს

ევროკავშირის ქვეყნებში ვიზების მიღება საქართველოს მოქალაქეებს შეიძლება გაუმარტივდეთ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრი მოაწერენ შეთანხმებას,  რომლის დამტკიცების შემდეგ საქართველოში გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს ევროპაში მიმოსვლა გაუადვილდებათ.

შეთანხმებაზე ხელის მოწერა ბრუსელში ვაშაძის მიერ დღეს დაწყებული ვიზიტის ფარგლებში იგეგმება.

შემდგომი პროცედურა საქართველოს და ევროპარლამენტის მიერ შეთანხმების რატიფიცირება იქნება.

დამტკიცების შემთხვევაში, სავიზო შეღავათების ნაწილი საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელდება. სავიზო განაცხადის განხილვის მოსაკრებელი 60-ის ნაცვლად ყველასთვის 35 ევრო იქნება. თუმცა, ვიზის მიღების გამარტივებული პროცედურა მოქალაქეების მხოლოდ ნაწილს ეხება – 22 კატეგორიის პირებს. აქედან 12 მოსაკრებლისგან თავისუფლდება, 13 ვიზის მისაღებად ინდივიდუალური სახის დოკუმენტაციას წარადგენს, 11 კატეგორიისთვის გათვალისწინებულია ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზის მიღება. გარკვეული კატეგორიის პირებზე 2-დან 5 წლამდე მოქმედების მქონე მრავალჯერადი ვიზა პირდაპირ გაიცემა.

შეგახსენებთ, მოცემული პუნქტების შემცველ შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ მას ევროპარლამენტი განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი