ახალი ამბები

ნატვრის ხე და ჟურნალისტური სტანდარტი

21 მაისი, 2010 • 1934
ნატვრის ხე და ჟურნალისტური სტანდარტი

მასმოდა 2010
მასმოდა 2010

 ”ყოველ წელს მერია ტექნიკურად უზრუნველყოფს „მას მოდას“. ძალიან ბევრი სპონსორი ბარტერის სახით არის შემოსული, მერიაც ყოველ წელს  ბარტერით შემოდის,  სანაცვლოდ კი  რეკლამას იღებს” – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თბილისის საკრებულოს პრესმდივანი  თამარ ჯინჭარაძე.  2005 წლიდან, როცა ეს ღონისძიება პირველად ჩატარდა და ქართველი ჟურნალისტები პირველად გამოვიდნენ პოდიუმზე, დღემდე იგი  ”მას მოდის”  ორგანიზატორია.   

 ამჟამად  ჯინჭარაძე საკრებულოს პრესმდივანია და „მას მოდის“ ორგანიზებას განაგრძობს. წლევანდელი ჩვენება 15 მაისს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 53–მა ტელეჟურნალისტმა და სხვადასხვა  დაწესებულების პრესმდივანმა მიიღო. პრესმდივნები, ძირითადად, ყოფილი ცნობილი ტელეჟურნალისტები იყვნენ.  მოქმედი ჟურნალისტებიდან კი, ასევე, ცნობილი ჟურნალისტები აჩვენებდნენ დიზაინერ დადუს (ეკა თადუმაძე) კაბებს, რომელიც 2005 წლიდან „მას მოდის“ დიზაინერია და იდეაც სწორედ მას ეკუთვნის.

 „მას მოდა“ 2010 -ის სიახლე ნატვრის ხეები იყო. წელს ორგანიზატორებმა დარბაზში, სადაც ჩვენება მოეწყო, 8 სპონსორის ნატვრის ხე დადგეს. მათ შორის თბილისის მერიის ნატვრის ხეც იყო.  ”რვავე ნატვრის ხეს ყველა მონაწილემ რაღაც სთხოვა” – ამბობს საკრებულოს პრესმდივანი.

 ეს ნატვრის ხეები კორპორატიული აქსესუარებით იყო მორთული.  დაახლოებით ათი დღით ადრე, „პაკაზამდე“, დავარიგეთ ბლანკები ყველა მონაწილესათვის.  ეს ბლანკები იყო დანომრილი, მასზე არ იყო დაწერილი სახელი და გვარები.  ბევრი ვიფიქრეთ ორგანიზატორებმა, რომ შეიძლება, რომელიმე კომპანია მიკერძოებული ყოფილიყო „ფეისის“ მიმართ, რომ „გაპიარებით“ უფრო კარგად „გაპიარდებოდა“. ეს რომ თავიდან აგვერიდებინა,  დავნომრეთ, მეც არ ვიცოდი, ვინ რა ნომერი იყო, მხილოდ  მონაწილემ იცოდა”.

 ორგანიზატორის თქმით, მათ იცოდნენ, რომ სპონსორები  ორმოცდაცამეტივე სურვილს ვერ აასრულებდნენ, ამიტომ წინასწარ სთხოვეს სპონსორებს, რომ თითოეულს მინიმუმ ერთი სურვილი მაინც აესრულებინა.

 „მას მოდის“ მონაწილეებს სურვილი მხოლოდ კომპანია ”ოლიმპიურმა ვარსკვლავმა” არ აუსრულა: ”რა პოზიციაშიც შემოგვთავაზეს მონაწილეობა, თანხით შევეწიეთ,  ფინანსური მხარდაჭერა გავუწიეთ“  – აღნიშნა ნეტგაზეთთან საუბარში კომპანიის პრესსამსახურის მენეჯრმა ლელა რაზიკაშვილმა.

 კომპანია ”ბილაინმა” ჟურნალისტებს კომუნიკაციასთან დაკავშირებული სურვილები აუსრულა.

 “უმეტესობისთვის მთავარი სურვილი ულიმიტო საუბრის საშუალება იყო. ერთ-ერთი იყო ნათია ბანძელაძის (რუსთავი 2 -ის ჟურნალისტი.რედ.) სურვილი, მან ბაქო-ჯეიჰანზე შეერთებული ტელეფონი ისურვა. მას გადავეცით ჩვენი ნომერი ზედ დარიცხული უფასო წუთებით და მას შეუძლია, ორ თეთრად  ყველასთან ისაუბროს, რაც ძალიან კარგი საჩუქარია”. ამბობს „ბილაინის“  წარმომადგენელი თეონა ბაღდავაძე

 აგვისტოში M Group  ერთ -ერთ ჯურნალისტს დაბადების დღეს გადაუხდის რომელიმე რესტორანში. ”ჟურნალისტის სახელი არ მახსოვს, ცნობილი არ არის, 50–ე ნომერი იყო” – ამბობს თაკო ნიბლაძე M Group-იდან.

 კომპანია ”მითანას” პრიზს მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი რატი მუჯირი და ამავე არხის კიდევ ერთი ჟურნალისტი.

 ”მათ მოიგეს”მითანას” პრიზი, რომელშიც  შედის ჩვენი პროდუქციის თითო ეგზემპლარი. პირველი არხის ჟურნალისტია ეს გოგო, თუ არ ვცდები, სოფო. პირადად არ შევხვედრივარ. მაგრამ რატიმაც რომ მოიგო, ვიცი” – აღნიშნა „მითანას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა  გეგი ზაქარაიამ.

 ჟურნალისტების ეკა სამხარაძის (რუსთავი 2) და ლიკა ბერაიას (იმედი) ლოპოტაში წასვლას დააფინანსებს ”პსპ”, „მას მოდის“ გენერალური სპონსორი. იგი ასევე დაასპონსორებს გიგლა თუმანიშვილის ხევსურეთში წასვლას ექვს ჟურნალისტთან ერთად. საბავშო ეტლი თეო ცხომელიძის სურვილი იყო, ქარსითერი კი  ნათია ტრაპაიძეს „მას მოდაზევე“ გადაეცა.

პამპერსები გადაეცათ „პსპ“ –საგან – დათო ქაშიაშვილს, ნინო გომართელს და ნათია ტრაპაიძეს.

თბილისის მერიამ  ოთხი მონაწილის სურვილის ასრულება გადაწყვიტა.   მათ შორის არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებიც.  სწორედ საზოგადოებლივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთი ბოჯგუას სატელევიზიო კომენტარიდან შეიტყო ნეტგაზეთმა თბილისის მერიის საჩუქრის შესახებ:

ეს კომენტარი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 16 მაისს მოამბის 4 საათის გამოშვებაში გადსცა.

„მას მოდა“ 2010– ის დახურვის ცერემონიალის დროს ქეთი ბოჯგუას მიერ გააკეთებული ამ კომენტარის შემდეგ გახდა ნეტგაზეთისთვის ცნობილი  მერიის მიერ ჟურნალისტების თხოვნის ასრულების შესახებ.

ქეთი ბოჯგუას, რომელსაც მიაჩნია, რომ 19 მაისს  ნეტგაზეთზე  გამოქვეყნებული ინფორმაცია  მოკლე ამბის მეორე მხარე იყო, ჩავთვალეთ, რომ აუცილებლად უნდა გავსაუბრებოდით. ნეტგაზეთი მას იმის გასარკვევად დაუკავშირდა, აპირებს თუ არა თბილისის მერიისგან საჩუქრის მიღებას:

”ზოგადად ამაში კანონდარღვევა არ არის, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ წუთას აწარმოებს მოკვლევას, მოხდა თუ არა რაიმე ფორმით საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევა,  ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, დავკავდებით თუ არა მე და ჩემი მეუღლე გარკვეული საქმიანობით” – აცხადებს ბოჯგუა.

ჟურნალისტს მიაჩნია, რომ  ”წინასაარჩევნო და არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური დაჯგუფებისგან ან რომელიმე კანდიდატისგან საჩუქრის მიღება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.

მაგრამ ეს იყო კონკურსი „მას მოდა“ და მასში მონაწილეობას იღებდა ყველა ჟურნალისტი, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა. დასაწყისშივე ვიცოდით,  გარკვეული კითხვარების შევსებისას, რომ, სურვილისამებრ, შეგეძლო რაიმე პრიზი მოგეთხოვა. კითხვარების შევსება ანონიმური იყო.  მასში უნდა გაგემარტა, თუ რატომ აირჩიე რომელიმე კონკრეტული სურვილი. ამიტომ განმარტებაში ჩავწერე ის, რაც ჩემს კომენტარში მოისმინეთ. მე მინდა, რომ არჩევნების შემდეგ  ორი დღით ჩემს მეუღლესთან ერთად რედისონში დავისვენო. ჩემი სურვილის ასრულება გადაწყვიტა თბილისის მერიამ”.

”იქიდან გამომდინარე, რომ მერია არ არის საარჩევნო სუბიექტი და ჩვეულებრივი მუნიციპალური ორგანოა,  პირადად ამ საკითხში დარღვევას ვერ ვხედავ. ჩემს გარდა ამ კონკურსში ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა და  პრიზებიც გადასცეს, მათ შორის, მერიამაც” – ამბობს ბოჯგუა.

კიდევ ერთი ჟურნალისტი, რომელმაც მერიის საჩუქარი დაიმსახურა ტელეიმედის ჟურნალისტი მარიამ კუბლაშვილია:

”ერთადერთი დღეა წელიწადში, როცა ჟურნალისტები ერთად იკრიბებიან და  ზეიმს აწყობენ, ეს ერთგვარი დღესასწაულია. ყველაფერს  სპონსორები გვთავაზობენ. ისინი ასპონსორებენ  „მას მოდას“ და დღესასწაულსაც გვიწყობენ, და ახლა, მათგან ეს ელემენტარული საჩუქარი… ყველა იმისათვის ვმუშოაბთ, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ და მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთის ინტერესები გავითვალისწინოთ. ჩვენ მათ ვეხმარებით, ისინი ჩვენ. ეს საჩუქარი კი იმისთვისაა, რომ რაღაცა სტიმული მოგვეცეს და უფრო გავმხიარულდეთ. ყოველ დღე სტრესში ვართ და განტვირთვა გვჭირდება. ჩემი აზრით,  ეს ძალიან ნორმალურია. ეს აბსოლუტურად მათი გადაწყვეტილებაა და ნამდვილად არა მგონია, რომ ცუდი იყოს ამ ყველაფერზე უარის თქმა” – ამბობს კუბლაშვილი.

მისივე თქმით, მონაწილეებს რამდენიმე დღით ადრე დაურიგდათ ბუკლეტები, რომლებზეც სპონსორების სახელები ეწერა. თითოეულ მონაწილეს ცხრა ბუკლეტი დაურიგდა(ცხრა სპონსორის ბუკლეტი). „ამ ბუკლეტებში ერთი და იგივე კითხვები იყო, რას ინატრებდი და რატომ. მე პსპ- მ, თბილისის მერიამ და ”მ ჯგუფის” რესტორანმა ამისრულეს სურვილი. ჩვენი სახელი და გვარები იქ არ ეწერა, უბრალოდ,  ყველამ საკუთარი ნომერი ვიცოდით. ისინი აბსოლუტურად დამოუკიდებლად წყვეტდნენ, რომელ ნომერს რა სურვილს აუსრულებდნენ. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი სურვილი მე ამისრულეს. ჩვენების ნებისმიერ  მონაწილეს ჰქონდა ამ  სპონსორების ბუკლეტები, რომლებიც აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტმა  შეავსო”.

რატი მუჯირი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, რომელსაც  ”მითანა” აუსრულებს სურვილს, ამბობს, რომ პროფესიულ სტანდარტზე სერიოზულად არ დაფიქრებულა:  ”მაგისთვის სერიოზულად არც შემიხედავს, ჩვეულებრივი სახალისო ამბავი იყო. მივედით, ვიმხიარულეთ, წამოვედით. არ ჩავღრმავებულვარ მაგ დონეზე”.

ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ მერიის მონაწილეობას „მას მოდა“ 2010– ში ჟურნალისტების მოქრთამვა უწოდა. თბილისის მერიის პრესსამსახურს მიაჩნია, რომ  ამ ღონისძიების მხარდაჭერით მერია მოდის სფეროს განვითარებას უწყობს ხელს:

”მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მოვალეობა იმ კულტურული ღონისძიებების ხელის შეწყობაა, რაც ქალაქში იმართება. მერია ძალიან ბევრ ღონისძიებას უჭერს მხარს, რომელსაც  სპონსორები ჰყავს ხოლმე. ამ შემთვევაში  „მას მოდას“  რამდენიმე ტექნიკური მხარდამჭერი ჰყავდა და, უბრალოდ,  პრიზები დააწესა.  არანაირ ხარჯთან ეს დაკავშირებული არ იყო. მერიის კულტურის სამსახურს საკუთარი ფინანსები გააჩნია.  ეს იყო კულტურული ღონისძიება და მოდის სფეროს წახალისება. კულტურის სამსახურის მოვალეობაა, კულტურის განვითარების ხელშეწყობა” – განაცხადა ნეტგაზეთან საუბარში თამუნა დვალმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების მიერ საჩუქრების მიღების ფაქტს – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ამ საკითხზე ორშაბათს იმსჯელებს.

საბჭომ უნდა იმსჯელოს, დაარღვიეს თუ არა მაუწყებლის ჟურნალისტებმა, ზემოთ მოყვანილი ფაქტების გამო, მაუწყებელთა ქცევის  და საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი.

მაუწყებელთა  ქცევის კოდექსი ნორმატიული აქტია და ძალაში იგი 2009 წელს შევიდა. 2010 წლის მარტიდან კი  ყველა მაუწყებელზე ვრცელდება.

ნეტგაზეთმა რამდენიმე კომენტარი ჩაწერა მედიის სამართლის სპეციალისტებთან,  მედიის ექსპერტებთან, რომლებიც, ამავე დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები არიან, ასევე,  ჟურნალისტთან და მედიის ექსპერტთან  მათიას ჰუტერთან, რომელიც  მუშაობს ორგანიზაციაში  ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” :

თამარ კორძაია, იურისტი, მედიის სამართლის ექსპერტი: 

 მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 28–ე მუხლი ადგენს სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპს. მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის კანონიერი უფლება დაცულია კომერციული, პოლიტიკური და სხვა სახის ზეწოლისა თუ ზემოქმედებისგან, ანუ დადგენილი პირნციპის თანახმად, ნებისმიერი ქმედება, რომელსაც აქვს პოლიტიკური, კომერციული თუ სხვა სახის ზეწოლის ფორმა, მიიჩნევა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფად.  აუცილებელი არ არის, ზეწოლა გამოიხატებოდეს გარკვეულ მძიმე ფორმებში, მას შეიძლება მსუბუქი ეკონომიური ხასიათის გამოვლინებაც ჰქონდეს, თუნდაც, საჩუქრების სახით.

ამავე კოდექსის  29–ე მუხლში საუბარია სარედაქციო დამოუკიდებლობისადმი წაყენებულ მოთხოვნებზე,  ანუ რა უნდა გააკეთოს  მაუწყებელმა და ჟურნალისტმა, რომ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა დარღვეულად არ ჩაითვალოს.

ამ მუხლის მე–7 პუნქტის მიხედვით, ჟურნალისტმა არ უნდა შელახოს მაუწყებლის დამოუკიდებლობა საკუთარი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი საქმიანობით და თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი. ეს წესი გულისხმობს: ჟურნალისტმა არ უნდა მიიღოს საჩუქარი (მით უფრო საჯარო დაწესებულებისაგან), არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ საჯარო ღონისძიებაში, რომელმაც შეიძლება  გავლენა იქონიოს ჟურნალისტის საქმიანობაზე, რადგან ასეთი ქმედება ზიანს აყენებს ტელევიზიის რეპუტაციას და  საზოგადოების თვალში იგი კარგავს დამოუკიდებლობის ხარისხს.  პროფესიული სტანდარტი ჟურნალისტს ავალდებულებს, თავი აარიდოს ამგვარ ქმდებებს.

იმ  ორმოცდაათმა ჟურნალისტმა, რომლებმაც საჩუქრები მიიღეს, გაურკვეველი მიზნით, თავიანთი საქმიანობის დამოუკიდებლობა ნამდვილად  ეჭვქვეშ დააყენეს. ჩემი აზრით, ეს არის  დამსაქმებელის, კერძოდ, ტელევიზიის  სარედაქციო საკითხი, რომელმაც  პრობლემა უნდა დაინახოს იმაში, რომ მისი ტელევიზიის ჟურნალისტების საქციელმა ჩრდილი მიაყენა ამ ტელევიზიის  საქმიანობას და დამოუკიდებლობას.

ქცევის კოდექსის  სახელმძღვანელო რეკომენდაციების მე–9 პუნქტი ამბობს: მაუწყებლის თანამშრომლებმა არ შეიძლება მიიღონ საჩუქრები, მგზავრობის ან სხვა ხარჯები, ან სხვა ძვირადღირებული ნივთები ინფორმაციის წყაროსგან, ან იმ პირთაგან, რომლებზეც  მაუწყებელი ამზადებს რეპორტაჟს.

წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისას, როცა ყველა მედია საშუალება მობილიზებულია არჩევნების გაშუქებაზე, მერია არის ის დაწესებულება, რომლის საქმიანობასაც აშუქებს ჟურნალისტი.  გარდა ამისა, ჟურნალისტს ყოველთვის აქვს შეხება კონკრეტულ ბიზნესთან და ასეთი საჩუქრების მიღება მაყურებელს ნამდვილად შეუქმნის უარყოფით დამოკიდებულებას დასაჩუქრებული ჟურნალისტების ობიექტურ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ეს არის თვითრეგულირების ფარგლებში ჩადენილი დარღვევა და მასზე სათანადო რეაგირება ან პასუხიმსგებლობის დაკისრება უნდა მოახდინოს თავად ტელევიზიამ, რადგან პირველ რიგში მაუწყებლის ინტერესებს მიადგა ზიანი. თუ  მაუწყებლების მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ეს პრინციპები იქნა დარღვეული, მან თავად უნდა გადაწყვიტოს ამ ჟურნალისტებთან სამომავლო ურთიერთობების საკითხი. ხოლო საზოგადოებას, ვფიქრობ, ადეკვატური რეაგირება ექნება მაუწყებლების მეირ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

კახი ყურაშვილი, იურისტი:

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსი:

”ტელევიზია არაფერ შუაში არ არის, სადღაც რესტორანში რაღაცა კაბები ჩაიცვეს, გაიარეს, გამოიარეს და პრიზები აიღეს. მე ვერ ვხედავ კანონდარღვევას, სხვები, შესაძლოა, სხვაგვარად ფიქრობენ”.

ლიკა ჩახუნაშვილი, მედიის ექსპერტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი:

მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ღონისძიება ქართულ ჟურნალისტიკას და ქართველ ჟურნალისტებს ღირსებას არ მატებს, ჟურნალისტები ყველანაირად უნდა ცდილობდნენ, დისტანცირდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ ჩრდილი არ მიადგეს მათ პროფესიულ საქმიანობას. როდესაც მერის არჩევნების წინ,  მერიის მხარდაჭერით მოწყობილ ღონისძიებაში  ჟურნალისტი იღებს მონაწილეობას, თანაც, იმ პირობებში, როდესაც მოქმედი მერი კენჭს იყრის ამ არჩევნებში,  ვფიქრობ, კარგი არ არის.

 ხელისუფლებისგან და სხვა ინტერესთა ჯგუფებისგან ჟურნალისტები საჩუქრებს არ უნდა იღებდნენ, იმიტომ, რომ ეჭვის საფუძველი არ გაჩნდეს მათი ინფორმაციის სიზუსტეზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის 22.8–ე  პუნქტი ეხება საჩუქრებსა  და შეღავათებს.

ჩემი აზრით, ბოჯგუას მიერ საჩუქრის მიღება იმ გამონაკლისებში არანაირად არ ეწერება. ეს არის გამონაკლისი სამსახურებრივი მოვალეობის დროს. ალბათ, იგულისხმება, როდესაც გამოუვალი მდგომარეობაა ან ექსტრემალური პირობები. ისიც უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთში ბევრი მედია საშუალების კოდექსი უფრო მკაცრია, ისინი, ფინჯანი ყავის გარდა, საქმიან სადილებზეც უარის თქმას ითხოვენ თანამშრომლებისგან, უფასო ტრანსპორტის და  ბილეთებით სარგებლობის უფლებასაც არ აძლევენ. ვთქვათ, ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთიკის კოდექსი ასეთი მკაცრი არ არის, მაგრამ  მგონი არანაირად არ შეიძლება ამ მუხლის ინტერპრეტირება ისე, რომ მისაღები იყოს ამ კონკრეტული ჟურნალისტის საქციელი. გამონაკლისები არის დაშვებული მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, ამ შემთხვევაში, მე არ მიმაჩნია, რომ ეს ჟურნალისტი რაიმე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობით.

ალბათ, ორშაბათს ვიმსჯელებთ, ჩემთვის პირადად საკამათო არაფერი არ არის, მით უმეტეს, რომ ჩემი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს მოეთხოვება უფრო მაღალი სტანდარტის დაცვა, ვიდრე, ზოგადად, სხვა ჟურნალისტებს, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი უნდა იყოს მაგალითი პროფესიული კეთილსინდისიერების, ღირსების, გნებავთ აღზრდის, გემოვნების და ყველა თვალსაზრისით.

ნინო დანელია, მედიის მკვლევარი, სამეურვეო საბჭოს წევრი:

ჩემი,როგორც არა მხოლოდ  სამეურვეო საბჭოს წევრის, არამედ, როგორც მედიის მკვლევარის მოსაზრება არის ცალსახა და ძალიან სწორხაზოვანი. არავითარ შემთვევაში არ უნდა მიიღონ ეს საჩუქარი, იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირი დარღვევა ჟურნალისტური ეთიკის საფუძვლის, არ მიიღო საჩუქარი მათგან, ვისაც აშუქებ. ეს არის მარტივი, იმდენად მარტივი, რომ მიკვირს, რომ ჩვენ ამ თემაზე გვიწევს საუბარი იმ რეალობაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.

საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია მიიღოს პრიზი, მაგრამ ეს პრიზი უნდა იყოს იაფფასიანი და არა ძვირადღირებული. მაუწყებელთა ქცევის კოდექსში წერია, რომ არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტს შეუძლია მიიღოს პრიზი, თუკი ეს პრიზი არ ლახავს სარედაქციო დამოუკიდებლობას. აქ შეიძლება ჟურნალისტის მხრიდან  იყოს არგუმენტი, რომ ის არ ლახავს სარედაქციო დამოუკიდებლობას, მაგრამ  მსოფლიოში წამყვანი მედია ორგანიზაციების ეთიკის კოდექსებში და, ზოგადად, პროფესიის ეთიკის კოდექსში ნათქვამია, რომ ჟურნალისტმა არ უნდა მიიღოს პრიზი მათგან, ვისაც აშუქებს. ისე დეტალურად არის ეს გაწერილი, რომ ნათქვამია, როდესაც რესპოდენტთან გაქვს საქმიანი სადილი, უნდა დალიო მარტო წვენი ან ყავა, იმის გამო, რომ არ იგრძნო თავი დავალებულად.

ცხადია, მერია არის ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს, შეიძლება ამ კონკრეტულ დროს იგი მერიის გაშუქების პროცესში არ იმყოფებოდა, მაგრამ ზოგადად მერია და მერიის წარმომადგენლები არიან ამ ადამიანების რესპოდენტები, აქედან გამომდინარე დაირღვა ეთიკის პრინციპი.

მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საჩუქრის მიღების დროს, ადამიანმა უნდა იფიქროს თავის ორგანიზაციის რეპუტაციაზე და როგორ აღიქმება მისი საქციელი გარედან. საზოგადოებრივ მაუწყებელს სამწუხაროდ აქვს ძალიან დაბალი რეიტინგი, ის საზოგადოების მიერ ჯერ კიდევ არის მიბმული სახელმწიფო ტელევიზიასთან. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაუჩნდება იმის შეგრძნება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ასე იღებს საჩუქრებს მერიისგან.

როდესაც ეს ჟურნალისტი მივა რესპოდენტთან, განსაკუთრებით, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენელთან, პირველი ასოციაცია, რაც ამ ადამიანებს  გაუჩნდებათ, იქნება ორი უფასო ღამე რედისონში, რომელიც ჟურნალისტმა უფასოდ მიიღო მერიისგან. ბუნებრივია, ესეც ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს ამ ჟურნალისტის რეპუტაციას და, ზოგადად,საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას.

ცალსახა არის პასუხი, მე ვფიქრობ, რომ უკვე გვიან არის. საერთოდ „მასმოდა“ რომ ტარდება, თავისთავად ეს მედიის პრობლემაა. მთლიანად ეს მოვლენა არის პრობლემა და არა მხოლოდ ამ ადამიანის ქცევა.

ძალიან ბევრი რგოლი არის, როდესაც მას გადაწყვეტილება უნდა შეეჩერებინა: როდესაც იღებს მონაწილეობას ასეთ ღონისძიებაში, როდესაც მერიას თხოვს საჩუქარს და როდესაც იღებს ამ საჩუქარს.  ეთიკის კოდექსში პირდაპირ წერია, რომ, როდესაც ჟურნალისტს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, სარედაქციო არხის ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება არხის სასიკეთოდ. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს არის მხოლოდ ერთი ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხი.

რასაკვირველია, ეს არის საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პასუხისმგებლობის საკითხი.

მე არ ვიცი, მსჯელობენ ამის შესახებ თუ არა, მე თვითონ არ ვარ ჩართული მსჯელობაში.  გუშინ ველაპარაკე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს და მან მითხრა, რომ ის პრობლემას ვერ ხედავს. ამიტომ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომ ეს საჩუქარი არ უნდა მიიღონ.

მე თავიდანვე ვთქვი, რომ თვითონ ეს ღონისძიება და მასში მონაწილეობის მიღება არის პრობლემა.  ჟურნალისტის მთავარი ფუნქცია არის აკონტროლოს ძალაუფლება და ინტერეს ჯგუფები, ნებისმიერი სახის ინტერეს ჯგუფები, როდესაც ჟურნალისტი რაიმე ფორმით იღებს საჩუქარს, ორგანიზაციისგან ან ადამიანისგან, ბუნებრივია, ამ ჟურნალისტს ეზღუდება თავისუფლების ხარისხი, შინაგანად ხდება ასე. მაგრამ, როდესაც ადამიანი გჩუქნის მანქანას, აუზს, სასტუმროში დროის გატარების საშუალებას, ბუნებრივია, კრიტიკის დონე შემცირებული გაქვს. ეს რომ პრობლემა არ იყოს, არავინ არ შეიტანდა ამ ნორმას ეთიკის კოდექსში.

მატიას ჰუტერი, ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”:

კომპანიების, ორგანიზაციებისა და პოლიტიკისთვისაც კი ჟურნალისტებისთვის დაწესებული ჯილდოები და პრიზები საზოგადოებრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან იარაღად იქცა.  ასე ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ განვითარებულ მედია ბაზარზეც.  მსგავსი შეჯიბრებები არ არის არალეგალური, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტის პირადი პასუხისმგებლობაა იმის გადაწყვეტა, იქონიებს თუ არა ასეთი პრიზის მიღება გავლენას არა მხოლოდ მის დამოუკიდებლობაზე, არამედ საზოგადოების მხრიდან მისი მუშაობის აღქმაზე. საზოგადოებრივ მაუწყებელში მომუშავე ჟურნალისტები განსაკუთრებულ სიფრთხილეს უნდა იჩენდნენ, რომ არ მიიღონ ისეთი რამ, რაც მათ სარედაქციო დამოუკიდებლობას ჩრდილს მიაყენებს. მსგავსი სიტუაციის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილება,  არ მიიღოს ნებისმიერი სახის ჯილდო, რომელიც ჟურნალისტის სამართლიანობის შეფასებაზე გავლენას მოახდენს, ღრმად პროფესიონალი და პასუხისმგებლობის მქონე ჟურნალისტის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია.

მსოფლიოში საკუთარი სარედაქციო დამოუკიდებლობით მოამაყე ყველა მედიას, როგორიცაა, მაგალითად, New York Times, Economist, BBC, ეთიკის კოდექსები აქვთ. ამ კოდექსების სახელმძღვანელო პრინციპები დეტალურად აღუწერენ მათ ჟურნალისტებს,  თუ როგორ მოიქცნენ პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის შემცველ სიტუაციაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, ასეთი სახელმძღვანელო პრინციპები თავისი თანამშრომლებისთვის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსაც აქვს. ამ წესების პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. რადგანაც პოლიტიკოსების ან კომპანიების მიერ დაწესებული პრიზის მიღება ცალკეული რეპორტიორის დამოუკიდებლობაზე ცუდად აისახება, ისევე, როგორც იმაზე, თუ როგორ იქნება საზოგადოების მიერ მაუწყებლის საქმიანობა აღქმული. მგონია, რომ გასულ თვეებში საზოგადოებრივ მაუწყებელში მნიშვნელოვანი პროგრესია საიმისოდ, რომ იგი პოლიტიკურად უფრო დამოუკიდებელი და სამართლიანი მაუწყებელი გახდეს. ამიტომ მენეჯმენტმა და იქ დასაქმებულმა ჟურნალისტებმა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა განაგრძონ.

მათ არ უნდა დაუშვან  საზოგადოებრივი მაუწყებლის ისე წარმოჩენა, თითქოს მაუწყებელი  მთავრობასთან მეგობრობს ან მთავრობის მიერ კონტროლდება,  პირიქით,  ხელი უნდა შეუწყონ, რომ წარმოჩნდეს ნამდვილ საზოგადოებრივ მაუწყებლად, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს და საქართველოს ხალხს, მისთვის გადასახადების გადამხდელებს,  ემსახურება.

ჟურნალისტები რეკლამას უკეთებენ პსპ-ს
ჟურნალისტები რეკლამას უკეთებენ პსპ-ს

მასალების გადაბეჭდვის წესი