ახალი ამბები

თბილისის მერიამ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა დაიწყო

5 თებერვალი, 2015 • • 2081
თბილისის მერიამ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა დაიწყო

როგორც მერიაში აცხადებენ, პროგრამის მიზანია 30 წლამდე ასაკის იმ ბენეფიციართა ოპერაციული მკურნალობის დაფინანსება, რომლებიც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას საჭიროებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიამ უკვე დააფინანსა პირველი პაციენტი, რომელიც 9 თებერვალს სტამბოლის Liv Hospital-ში გაემგზავრება, სადაც მას ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდება.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში 26 წლის პაციენტის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი, უწყების ცნობითვე, 200 ათასი ლარით დაფინანსდა. 

 

„ჩვენ წინასაარჩევნოდ ვპირდებოდით მოსახლეობას, რომ მუნიციპალური ჯანდაცვის კუთხით გაიზრდებოდა მომსახურება. 1 იანვრიდან   ამოქმედდა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას. პროგრამის ფარგლებში უკვე დავაფინანსეთ პირველი პაციენტი, რომელიც  9 თებერვალს გაემგზავრება სტამბულში და მას ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდება.  ჯამში, პროგრამის ფარგლებში, 20 ყველაზე მწვავე დაავადების მქონე ბენეფიციარს დავაფინანსებთ და ისინი განიკურნებიან, რაც წლების განმავლობაში პრობლემა იყო“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის 2015 წლის ბიუჯეტი, ოფიციალური ცნობით, 4 მილიონი ლარია და მის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებული ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 20 ბენეფიციარის ოპერაცია და პოსტოპერაციული პერიოდი დაფინანსდება.

პროგრამა მოიცავს შემდეგი დაავადებების მქონე პირთა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას: მწვავე ლეიკემია, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია, იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემია, არა-ჰოჯკინის ლიმფომა, ჰოჯკინის ლიმფომა, მიელოდისპლაზიური სინდრომი, აპლასტიური ანემია და ჰისტიოციტოზი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი