ომბუდსმენი: პატიმარი აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავამ ია მეტრეველის მკვლელობა დაავალა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ მას მიმართა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, რომელიც ამტკიცებს, რომ 2008 წელს კრიმინალური პოლიციის იმდროინდელმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მკვლელობა დაავალა. ნანუაშვილის თქმით, მსჯავრდებული იმასაც ამბობს, რომ ფირცხალავა მისგან ისეთი მოწმეების მოძებნასაც ითხოვდა, რომლებიც 2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ გააკეთებდნენ განცხადებას:

ნანუაშვილი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებისაგან ზემოხსენებული მსჯავრდებული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს: 


“სახალხო დამცველს ახსნა-განმარტებით მიმართა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, სადაც ის აცხადებს, რომ იგი 2008 წლის ივლისში დააკავეს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომლებმა, გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ, რის შემდგომაც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ირკალი ფირცხალავასთან და კახა ლეგაშვილთან მიიყვანეს. მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი უნდა მოეკლა. ასევე, უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. თანამშრომლობის შემთხვევაში ამ პირს ფირცხალავა ხელშეუხლებლობას და თავისუფლებას დაჰპირდა, ამ მსჯავრდებულის განცხადებით. ის ამბობს, რომ არჩევანი არ ჰქონდა და თანამშრომლობას დათანხმდა.


დავალების მიხედვით მსჯავრდებულს მკვლელობა უნდა განეხორციელებინა მაღაზიაში ყაჩაღობის სცენარით, რის შემდეგაც მას დააკავებდნენ, თუმცა ციხეში არაფერი მოაკლდებოდა, მათ შორის ნარკოტიკები. როგორც ის აცხადებს, ის ამის შემდეგ 3 დღე დადიოდა საბურთალოზე ვაზაგაშვილის შესახებ ინფორმაციის შეგორვების მიზნით. შემდეგ გარკვეული დროით ის ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში წავიდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების შემდეგ კვლავ ჩამოვიდა თბილისში და დაეკონტაქტა გიორგი ხიზანიშვილს, რომელმაც მას უთხრა, რომ ზემოხსენებული საქმეების განხილვის დრო არ იყო, ცოტაც მოეთმინა და შემდეგ დაიწყებდნენ მუშაობას. მსჯავრდებული განმარტავს, რომ მან საქართველო მცირე ხნით კვლავ დატოვა, ხოლო დაბრუნების შმედეგ შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული დანაშაულისთვის მას 10 წლით თავსიუფლების აღკვეთა შეეფარდა. როგორც მსჯავრდებული განმარტავს, აღნიშული ფაქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებდა იმ დროს მოქმედი რეჟიმის გამო, ხოლო ამჟამად ითხოვს შესაბამის რეაგირებას და მზად არის სასამართლოსა თუ პროკურატურაში ჩვენების მისაცემად”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.


მისივე თქმით, უნდა დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, შეესაბამება თუ არა მსაჯვრდებულის ნათქვამი სიმართლეს. ნანუაშვილის განმარტებით, ეს ინფორმაცია თავდაპირველად თავად ია მეტრეველმა გაავრცელა, თუმცა მაშინ მსაჯვრდებულმა ახსნა-განმარტებაზე უარი თქვა და სულ რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა ომბუდსმენისთვის ახსნა-განმარტების მიცემა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


დათო ქოქოშვილი