ახალი ამბები

დავით გარეჯი და უბლოკო სტატუსი – “პატრიოტთა ალიანსის” აქცია თბილისში

15 ივნისი, 2019 • 2154
დავით გარეჯი და უბლოკო სტატუსი – “პატრიოტთა ალიანსის” აქცია თბილისში

“პატრიოტთა ალიანსის” აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე, დაახლოებით, 1 საათს გაგრძელდა. შეკრებაზე, რომელსაც პარტიის მხარდამჭერები ესწრებოდნენ როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან, დავით გარეჯის საკითხის გარკვევა, სამხედრო მიუმხრობლობა და “სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის დასჯა” მოითხოვეს.

“ერთად დავიცვათ დავით გარეჯი” – ეწერა აქციის ორგანიზატორების მიერ დარიგებულ ფლაერებზე. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა უნდა გააცნობიერონ, რომ “ქართველი ხალხი არ აპირებს, დათმოს დავითგარეჯი”. სიტყვით გამოსვლისას “პატრიოტთა ალიანსის” კიდევ ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, საზღვრის საკითხის პრობლემურად ქცევაში წინა ხელისუფლებაც დაადანაშაულა.

დავით გარეჯის საკითხის პარალელურად, პარტიის ლიდერები კვლავ აჟღერებდნენ სამხედრო მიუმხრობლობისა და უბლოკო სტატუსის საკითხს, რომელზეც ისინი აქამდეც საუბრობდნენ. თარხან-მოურავმა კვლავ გაიმეორა, რომ საქართველო არცერთი ბლოკის წევრი არ უნდა გახდეს.

“სამხედრო მიუმხრობლობა ერთადერთი გზაა მშვიდობისთვის. არავითარი ბლოკები, არავითარი ბაზები”, – თქვა მან.

პარტიის ლიდერთა განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეებს სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და საოჯახო ბიზნესების შექმნაში დაეხმაროს.

დღევანდელ აქციაზე, “პატრიოტთა ალიანსმა” ხელისუფლებას ისევ მიმართა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას დასჯის მოთხოვნით. მათი თქმით, ისინი “ყველაფერ ქართულის” წინააღმდეგ მოქმედებდნენ, საკუთარ პარტიაზე საუბრისას კი დავით თარხან-მოურავმა აღნიშნა:

” “პატრიოტთა ალიანსი” ერთადერთი პარტიაა, რომელიც არის ზომიერად რადიკალური, ზომიერად კონსერვატიული და დგას ქართველი ხალხის გვერდით”.

აქციის მიმდინარეობისას, საკრებულოლოს შენობიდან პარტია “ევროპული საქართველოს” წევრებმა ბანერი გადმოფინეს, წარწერით “NATO აქაურობას”. ეს იყო პარტიის პასუხი “პატრიოტთა ალიანსის” მოთხოვნაზე საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობასთან დაკავშირებით. მოგვიანებით,  საკრბულოს მიმდებარედ მყოფმა პირმა, რომელიც, “ევროპული საქართველოს” ცნობით, აქციის მონაწილე იყო, ბანერი ჩამოხია და გაიქცა.

“საქართველოს ნეიტრალიტეტი შედის მხოლოდ ოკუპანტის – რუსეთის გეგმებში. ბანერი, რომელიც გადმოვფინეთ, არის ქართველი ხალხის არჩევანი, ჩვენი არჩევანი. ჩვენი გზა გადის მხოლოდ დასავლურ კურსზე”, – განაცხადა “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, გიორგი ქიტიაშვილმა.

 

რატომაა პრობლემური „პატრიოტების“ მოთხოვნა თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი