ახალი ამბები

რატომაა პრობლემური „პატრიოტების“ მოთხოვნა თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებაზე

4 მაისი, 2019 •
რატომაა პრობლემური „პატრიოტების“ მოთხოვნა თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებაზე

საპარლამენტო პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (სპა) მოითხოვს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაცვისთვისთვის განკუთვნილი ხარჯები შემცირდეს. ისინი, მათი შეფასებით, „დიდ ბიუჯეტს“ უკავშირებენ „ნატოს პროექტებს“, ახსენებენ აშშ-სგან ნაყიდ ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინებს“, რასაც „არამიზნობრივ ხარჯს“ უწოდებენ. რამდენად მყარია პარტიის არგუმენტები ამ ინიციატივის გასამართლებლად?

„საოჯახო ბიზნესები თავდაცვის ნაცვლად“

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ირმა ინაშვილი სარეკლამო ვიდეოში ამბობს, რომ თავდაცვის ბიუჯეტს მოკლებული თანხის ხარჯზე უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც „10 000 ოჯახს საოჯახო ბიზნესის აწყობაში დაეხმარება“.

ეს, ინაშვილის თანახმად, მოხდება „500 მილიონი ლარის ეკონომიის ხარჯზე“, რაც, ინაშვილის თქმით, „დღეს ნატოს პროექტებსა და თავდაცვაშია ჩადებული“. ეს ასე არ არის.

„ანუ მთლიანი შიდა პროდუქტიდან 2,2 პროცენტი ნატოს სამხედრო პროექტებზე არ უნდა გამოვყოთ [არც ეს არის ასე] მხოლოდ 1,2 პროცენტი უნდა დავტოვოთ თავდაცვაზე, ხოლო დანარჩენი 1%, ანუ 500 მილიონი საოჯახო ბიზნესზე უნდა წარვმართოთ“, — ამბობს ვიდეოში ირმა ინაშვილი.

ამ მოთხოვნით „პატრიოტთა ალიანსი“ 4 მაისს სპორტის სასახლეში მხარდაჭერებს ხვდება. ივნისში კი კიდევ უფრო ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს.

რა თანხა იხარჯება თავდაცვისთვის?

საქართველოს მთავრობის 2019 წლის ბიუჯეტის თანახმად (1 იანვარს ძალაში შესული ბიუჯეტის კანონი, მუხლი 16 — საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები), თავდაცვისთვის 875 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს (ამ 875 მილიონიდან 820 მლნ იხარჯება ბიუჯეტიდან, ხოლო 55 მილიონი დონორებისგან მიღებული დაფინანსებაა). ამ 875 მილიონიდან 376 მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება.

თავდაცვის (და ბიუჯეტის სხვა) ხარჯებს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს ადარებენ — ითვლიან, მშპ-ის რამდენი პროცენტი იხარჯება (ჩვენს შემთხვევაში) თავდაცვის სფეროზე. 2019 წლისთვის მშპ-ის ნომინალური მოცულობა 45.1 მილიარდი ლარია.

შესაბამისად, მარტივი პროპორციით, 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 2019 წლის ნავარაუდები ნომინალური მშპ-ის 1.94%-ია.

საიდან ასახელებს „პატრიოტთა ალიანსი“ 2.2%-ს? როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, მათ საზომად აიღეს არა 875, არამედ 903 მილიონი.

ეს რიცხვი — 903 მილიონი ლარი — ბიუჯეტის კანონში, თავდაცვის კონტექსტში, მითითებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალურ კლასიფიკაციაში.

2.2%-ს ვღებულობთ, თუკი განტოლებისთვის ავიღებთ 903 მილიონსა და 2018 წლის მშპ-ს, 41.07 მილიარდ ლარს. თუმცა სწორი პროპორციისთვის საჭიროა, ბიუჯეტის ასიგნებებში მოცემული რიცხვითა და 2019 წლის ნავარაუდები მშპ-თი ვიხელმძღვანელოთ. ეს განტოლობა 1.94%-ს მოგვცემს.

თავდაცვის ბიუჯეტი. სქრინშოთი: კანონი ბიუჯეტის შესახებ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ნატოს, თანახმად, წევრმა ქვეყნებმა მშპ-ის მინიმუმ 2% უნდა დახარჯონ შეიარაღებაზე. ეს წესი საქართველოსთვის სავალდებულო არ არის, რადგან ქვეყანა ნატოს წევრი არ არის, თუმცა რეკომენდაციაა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აკრიტიკებდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს იმ წევრ ქვეყნებს, რომლებიც, მისი თქმით, თავდაცვაზე საკმარის ფულს არ ხარჯავენ.

რა არგუმენტები აქვთ „პატრიოტებს“?

ნეტგაზეთის კითხვებზე პასუხად „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ განაცხადა, რომ საუბარი არ არის მხოლოდ თავდაცვის ხარჯებზე და მათი ინიცირებული სოციალური პროგრამებისთვის სხვადასხვა სფეროში უნდა შემცირდეს არამიზანშეწონილი, ბიუროკრატიული ხარჯები:

„ნაწილობრივ თავდაცვის ბიუჯეტიდან უნდა ამოვიღოთ ეს თანხა, ნაწილობრივ [სხვადასხვა უწყების] სამივლინებო და სხვა არამიზნობრივი ხარჯებიდან, ჯამში 500 მილიონი, ძირითადად კი თავდაცვის ხარჯები“, — გვითხრა თევდორაძემ.

ამ შინაარსის ფლაერებს არიგებს პატრიოტთა ალიანსის

მაშ, რატომ ამახვილებდა თავად პარტიის ლიდერი სარეკლამო ვიდეოში ყურადღებას მხოლოდ თავდაცვის ბიუჯეტზე და გამოკვეთილად თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებას ითხოვს, მან გვიპასუხა:

„იმ ვიდეოში სხვა დეტალებზე საუბარი არ ყოფილა… თუ სამწუთიანი ვიდეოა, მანდ პირველი რიგის აქცენტი იმ პრობლემაზე გააკეთა, რასაც ჰქვია უმუშევრობის დაძლევა“. თევდორაძის თანახმადვე, ისინი არ ითხოვენ სამხედრო მოსამსახურეების შემცირებას და იმ პერსონალის არამიზნობრიობაზე საუბრობენ, ვინც, მისი თქმით, „თავდაცვის სამინისტროს იმისათვის სჭირდება, რომ ხელისუფლებას მისცეს საარჩევნოდ ხმა“.

პარტიამ მსგავსი შინაარსის საინფორმაციო ფლაერებიც დაარიგა მოსახლეობაში. ამ ფლაერებზე, ნატოში ინტეგრაციის უარყოფისა და სხვა მოთხოვნებთან ერთად, ცალსახად წერია:

„მოვითხოვთ, სახელმწიფომ აღარ დახარჯოს ფული NATO-სთან თანამშრომლობასა და NATO-ში გაწევრიანებაზე (წელს ეს დაახლოებით 400 მილიონი ლარია, მომავალ წელს კი 700 მილიონ ლარზე მეტი)“. კიდევ ერთხელ — ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

პატრიოტთა ალიანსის მიერ დარიგებული ფურცლები. ისინი ხელმოწერებს აგროვებენ და მოსახლეობას ამ ინიციატივის მხარდაჭერას თხოვენ

რა შუაშია „ნატო“?

ნეტგაზეთმა თევდორაძეს მოუტანა ინაშვილის ციტატა ვიდეოდან: „მთლიანი შიდა პროდუქტიდან 2,2 პროცენტი ნატოს სამხედრო პროექტებზე არ უნდა გამოვყოთ, მხოლოდ 1,2 პროცენტი უნდა დავტოვოთ თავდაცვაზე, ხოლო დანარჩენი 1%, ანუ 500 მილიონი საოჯახო ბიზნესზე უნდა წარვმართოთ“. ნეტგაზეთის კითხვაზე, ინფორმაცია, თითქოს ეს თანხა „ნატოს სამხედრო პროექტებზე“ იხარჯება, სიმართლეს ხომ არ შეესაბამება, რატომ ავრცელებენ ასეთ მესიჯებს, ის გვპასუხობს:

„ნატოს წევრი ქვეყნები რომ არიან, ისინი ვერ აძლევენ თავის თავს იმის ფუფუნების საშუალებას, რომ 2% გამოყონ. მე, ამ გაჭირვებულ ქვეყანას, სად შემიძლია… თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენი თავდაცვითუნარიანობის ზრდა რა ტემპითაც არ უნდა ხდებოდეს, ღმერთმა დაგვიფაროს და, რუსეთმა ისევ ომი რომ დაგვიწყოს, ან რომელიმე დიდმა ქვეყანამ, ყველაზე დიდი შეღავათი რაც იქნება, თუ სამ საათში გაგვანადგურებდა ჩვენი დღევანდელი თავდაცვისუნარიანობით, ძალიან რომ გავაძლიეროთ, გავძლებთ კიდევ ერთ სამ საათს და ექვს საათში გაგვანადგურებს. ხომ ეს არის რეალობა?“, — ამობს იგი.

ნეტგაზეთის კითხვას, ეს რომც იყოს ასე, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ქვეყანამ საერთოდ ხელი ჩაიქნიოს თავდაცვაზე? ან არგუმენტი, რომ სუსტი თავდაცვა აქვს ქვეყანას, პირიქით, იმ აზრს არ ამყარებს, რომ მეტია ამ მიმართულებით დასახარჯი, თევდორაძემ ასე უპასუხა:

„კი, უნდა ვიფიქრობთ თავდაცვაზე და ყველაფერზე, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენს მოსახლეობაზე უნდა ვიფიქროთ… ჩვენ ვთვლით, რომ თავდაცვის ხარჯსაც უნდა მოაკლდეს და სხვა ხარჯსაც, რომელიც არამიზნობრივია. უპირველესი ამოცანა უნდა იყოს იმ სიღარიბის დაძლევა, იმ უსახლკარობის დაძლევა, იმ უმუშევრობის დაძლევა, უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამას ვფიქრობთ“.

„ჯაველინები“ რაღა შუაშია?

ნეტგაზეთის დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად თევდორაძემ განაცადა, რომ „ამ 2.2%-ში დიდი წილი უკავია ნატოს სამხედრო პროექტებს“. კონკრეტულად, რომელს? თევდორაძე გვპასუხობს:

„შეიარაღება, რაც ნატოს მოთხოვნით ხდება. ჯაველინებზე როცა ვსაუბრობთ“. ჯაველინები ტანკსაწინააღმდეგო სისტემებია. საქართველო 2018 წელს აშშ-სგან 410 რაკეტა და 72 გამშვები ბლოკი იყიდა 75 მილიონი დოლარად. თუმცა ეს „ნატოს მოთხოვნის“ საფუძველზე არ მომხდარა და ჯაველინები საქართველოს საკუთრებაშია ანუ მან იყიდა. ამასთან დაკავშირებით თევდორაძე ამბობს:

„როცა ჯაველინებს ყიდულობ ქვეყანა, რომელიც, არ ვამბობ, რომ ცუდია, მაგრამ იმ ეფექტს ვერ გაძლევს, რაც გჭირდება თავდაცვისუნარიანობისთვის, და დახედე რამდენია გადახდილი, მერე მიხვდები, რომ ეს ხარჯი მიზნობრივი არ არის“.

"ჯაველინი" მოქმედებაში. ფოტო: commons.wikimedia.com

არადა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ჯაველინის სისტემების შეძენის მნიშვნელობაზე არაერთგზის უსაუბრია ქართულ მხარეს. დეტალებისთვის, რას წარმოადგენს “ჯაველინი” წმინდა სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით და რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს თავდაცვისთვის, წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია: “რას წარმოადგენს “ჯაველინი”.  2000 წლიდან დღემდე საქართველოს აშშ-სგან უსაფრთხოების სფეროში მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აქვს მიღებული.

„ქვეყანა, რომელიც ნატოს წევრი არ ხარ, პერსპექტივა არ გაქვს, რომელსაც ამდენი გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი გყავს, რომელსაც ყოველი მეხუთე ბავშვი გყავს მოშიმშილე; და იჩემებ რომ [2%-ზე მეტი ხარჯო თავდაცვაში, პარალელურად კი] ნატოს წევრ ქვეყნებს, მაგალითად, იტალიას, 1.25% აქვს და ამის შემცირებასაც აპირებს, — და მე კი ყოველწლიურად ამას ვზრდი და პარალელურად მეზრდება სოციალურად დაუცველი, მშიერი ბავშვი და შიმშილობის ზღვარზე მყოფი მოსახლეობა, თავისთავად ცხადია, რომ უნდა ზრუნავდე იმაზე, რომ როგორღაც არეგულირებდე ისე, რომ შენ არ იხდიდე 2.2%-ს შენი მშპ-სას და სხვა ქვეყნები ნაკლებს“.

თევდორაძის თანახმადვე, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია, ხოლო 4 მაისის შეხვედრის მთავარი აქცენტი „სამხედრო მიუმხრობლობაა“, — „ნეიტრალიტეტი“, რაზეც სპა წლებია, აპელირებს. მსგავსი ინიციატივით ნინო ბურჯანაძეც გამოდიოდა. ნეიტრალიტეტის მიზანშეწონილობაზე საქართველოსთვის წაიკითხეთ აქ და აქ.

რა ხდება სინამდვილეში

სინამდვილეში, როგორც ნეტგაზეთს თეონა აქუბარდია, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ეუბნება, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი „ნამდვილად არ არის ის, რაც დღეს რეალურად სჭირდება ქვეეყნის თავდაცვის უზრუნველყოფას. არ არის იმის პროპორციული, რა საფრთხეებიც აქვს საქართველოს, მათ შორის ოკუპაცია, მცოცავი ანექსია და აგრესიის განახლების რისკი“.

უშუშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდია. ფოტო აღებულია ინტერპრესნიუსის ვებსაიტიდან

რას ფიქრობს აქუბარდია თავდაცვის ბიუჯეტის შემცირების ინიციატივაზე? მისი თქმით, ეს „ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული“ ინიციატივაა:

„ეროვნული ინტერესი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ქვეყნის დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრება (როგორიც არის ნატო და ევროკავშირი) და მშვიდობის უზრუნველყოფა ქვეყანაში. ეს ყველაფერი გადის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. თავდაცვის დაფინანსებაც თავდაცვისუნარიანობისთვის არის აუცილებელი“, — აცხადებს თეონა აქუბარდია.

„საქართველო არ აპირებს ეროვნული ინტერესების გადაჭრას სამხედრო გზით და გაცხადებული აქვს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს ამის უზრუნველყოფას, მაგრამ საქართველოს ჰყავს მტერი, რომელსაც ჰქვია რუსეთი და ის ემუქრება ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყოველდღიურ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის თავდაცვას კიდევ უფრო მეტი თანხა მოაკლდება და იმაზე ნაკლები ექნება, ვიდრე დღეს, რაც ნამდვილად არ არის საკმარისი, ეს ყველაფერი იქნება ხელსაყრელი ჩვენი მოწინააღმდეგე, ოკუპანტი ქვეყნისთვის. მე არ მგონია, რომ პატრიოტთა ალიანსისთვის ეს იყოს პოპულარული განაცხადი თუნდაც იმ ფონზე, როდესაც თავდაცვის ბიუჯეტის 60%-ზე მეტი მიდის სოციალურ ხარჯებზე — პერსონალის შენახვაზე. ანაზღაურება არის ყველაზე დიდი წილი“, — განუცხადა ნეტგაზეთს აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდიას ვკითხეთ, რამდენად ზუსტია პარტიის განაცხადი, რომ თავდაცვის ბიუჯეტი „ნატოს პროექტებში“ იხარჯება. მან გვიპასუხა: „ნატოს პროექტები. არ არსებობს საქართველოში. საქართველოში არსებობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვის გაძლიერება…ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებები, რაც ტარდება, ასევე მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და თავდაცვის გაძლიერებას“… 

„რაც შეეხება სხვა დანახარჯებს, აქაც არის დანახარჯები შეიარაღების მოდერნიზაციაზე, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობასა და სამხედრო სწავლებებზე. სამხედრო სწავლებების გარეშე ნებისმიერი ქვეყნის ჯარი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვას და ნატო ამ კუთხით კი არ ახარჯვინებს ფულს, არამედ ეხმარება იმისთვის, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები იყვნენ ბრძოლისუნარიანი თავდაცვითი ამოცანების შესასრულებლად იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდება“, — აცხადებს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი