ქვეყანას არ გააჩნია რეალური ხედვა, თუ რას სთავაზობს აფხაზებს – ხედვა თბილისიდან

დავით კახიანი, თბილისი


იყო დრო, როცა ხშირად ვფიქრობდი და მიწევდა ფიქრი კონფლიქტურ რეგიონებზე, განსაკუთრებით კი, აფხაზეთზე, რადგან მეც სოხუმელი ვარ. მით უმეტეს, ჩემს აფხაზ ნათესავებთან დღესაც მაქვს ახლო ურთიერთობა.

დღეს იმდენად სკეპტიკურად ვუყურებ აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს, რომ მიჭირს რაიმე კონკრეტულის თქმა.

ფაქტი ისაა, რომ არცერთ მხარეს არ აქვს ინფორმაცია ერთმანეთზე. ეს არაა აზრი, რომელიც ფართოდ მუსირებს შუამავალ მედიებსა და ორგანიზაციებში, ესაა პირადი პრაქტიკით დანახული რეალობა. ჩენ არ ვიცნობთ არც ერთმანეთის პრობლემებს, არც ერთმანეთს და ეს ყველაფერი კიდევ უფრო გვაშორებს (თუ რაიმე სიახლოვეზე შეილება დღეს საუბარი საერთოდ). ძალიან მალე ორი უცხო ერი დარჩება ყოველგვარი კავშირის გარეშე და ეს კარგია თუ ცუდი, ვერ ვიტყვი.

ამ შაბლონურ და დაზეპირებულ ფრაზებსა თუ რეალობის მიღმა გვაქვს სურათი, სადაც მხოლოდ უარესობისკენ მივდივართ. გალის რეგიონში აფხაზური მხარე იმ საბაზისო უფლებას ართმევს ადგილობრივ ეთნიკურად არააფხაზ მოსახლეობას, რაც საკუთარ ენაზე განათლების მიღებას გულისხმობს, ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას, არ უტოვებს არჩევანს და მოსახლეობის შევიწროების ხარჯზე ცდილობს მათ „აფხაზიფიკაციას“, საქართველოსთვის ჩამოშორებას.

მეორე მხრივ, ქართული სახელმწიფო უწიფარი ხვდება ამ ყველაფერს. საერთოდ, წლებია ქვეყანას სადღეგრძელოების მიღმა არ გააჩნია რეალური ხედვა, თუ რას სთავაზობს აფხაზებს, ან რა უნდა მათგან.

ამჟამად ქართულ მხარეს აქვს პოზიცია, სადაც არ უჩხიკინებს ამ კონფლიქტს და არც აინტერესებს დიდად, ბევრი საშინაო პრობლემაა გადასაწყვეტი და შიდაპოლიტიკური ინტრიგა მოსაგვარებელი. თუმცა უპატრონოდ დაგვრჩა გალის რაიონის მოსახლეობა. ათობით ათასი ეთნიკური ქართველი, რომელსაც დიდი არჩევანი არ დარჩება და შებრუნდება აფხაზეთის მხარეს.  მცირედი დასაყრდენი, რომელიც იქაური მოსახლეობის სახით აქვს ხელისუფლებას, გამოეცლება.

ოპტიმალური გადაწყვეტა ამ კონფლიქტს დღეს არ აქვს, მოცემულობა ასეთია და ამას უნდა შევხედოთ რეალისტურად. პოლიტიკურ ძალთა ბალანსი განსხვავებულია და სანამ ეს ბალანსი იარსებებს, დიდად არაფერი შეიცვლება. არც რბილი ძალა მგონია რეალური დასაყრდენი, არც საქართველოს მიერ შეთავაზებული პროგრამები, რაც აფხაზების საქართველოში ჩამოსვლას წაახალისებს, აზრს შეუცვლის და შემოაბრუნებს ჩენკენ. მსგავსს რომ ცდილობს რუსეთი საქართველოში, ნათელია, როგორი უკურეაქციით და ცინიზმით ხვდება ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა.

და მაინც ერთადერთი და უმნიშნელოვანესი რამ, რაც ყოველთვის აუცილებელია ორ ადამიანს შორის დიალოგიდან დაწყებული, დიდი სახელმწიფოებით დამთავრებული, სწორი, უტყუარი ინფორმაციაა. ამაზე იგება ჯანსაღი კომუნიკაცია და ეს ერთ- ერთი საყრდენი ბოძია. ამის მერე შეიძლება ზუსტად გავაგებინოთ ჩვენი სათქმელი და მოვისმინოთ მათი, შევთავაზოთ ჩვენი, მივიღოთ მათი და ავაგოთ უტყუარ რეალობაზე დაფუძნებული ურთიერთობები.


გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი