ახალი ამბები

ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლის პეტიციას 1800-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს

31 მაისი, 2019 • 1220
ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლის პეტიციას 1800-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს

“შეუწყდეს უფლებამოსილება ნანა კოსტავას” – ამ მოთხოვნით ინტერნეტში შექმნილ პეტიციას 1800-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

“ქართული ოცნებიდან ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” ანალოგიური სიძულვილის შემცველი პოსტი ,,ოცნების” დეპუტატმა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შემდეგაც გამოაქვეყნა. “ვინც ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად”, წერდა კოსტავა 2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში.

ვთვლი, რომ მსგავსი, მოსაზრებები და სიძულვილის ენით საუბარი მიუღებელია საჯარო მოხელის მხრიდან და დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს სახელმწიფო უწყებას”, – ნათქვამია პეტიციაში, რომლის ავტორიც ნანა მუკბანიანია.

ნანა კოსტავა დღეს საკრებულოს “ქართული ოცნება – კონსერვატორების” ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. ის კვლავაც რჩება ფრაქციის და უმრავლესობის წევრად. რაც შეეხება საკრებულოს წევრობას, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მან თავად უნდა მიიღოს.

ქუთაისის საკრებულოსთან 30 მაისს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქუთაისის საკრებულოდან ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის, ნანა კოსტავას მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვებას ითხოვდნენ.

პროტესტი მოჰყვა კოსტავას მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს. “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.

სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

სალომე ბარკერის დის შესახებ გამოქვეყნებული პოსტი ნანა კოსტავამ ფეისბუკიდან წაშალა. მან ასევე წაშალა კომენტარი, რომლითაც ბოდიშს იხდიდა პირველი პოსტის გამო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი