ახალი ამბები

ავალ დავითგარეჯაში და ვინც წინ დამიდგება, ის სამინისტრო აღარ დარჩება – ქორეპისკოპოსი იაკობი

23 მაისი, 2019 • 1329
ავალ დავითგარეჯაში და ვინც წინ დამიდგება, ის სამინისტრო აღარ დარჩება – ქორეპისკოპოსი იაკობი

ქორეპისკოპოსი იაკობი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია სამუშაოები, ეხმაურება და ამბობს, რომ იქ ჩასვლას აპირებს.

“სახელმწიფო მოქმედებს… ჩვენ ველოდებით, რომ სახელმწიფო ჩვენს ურთიერთობას არ გაყიდის. ისიც მჯერა, რომ აზერბაიჯანი იმას არ იზამს, რომ ჩვენი რამე დააზიანოს. დაველოდოთ… თუ არადა, ჩვენ არაფრის დამთმობნი არ ვართ. ამ დღეებში ჩამოვალ და მე ავალ [დავითგარეჯაში] და ვინც წინ დამიდგება, ის სამინისტრო აღარ დარჩება. ჩასვლას ვგეგმავ, მაგრამ წყნარად უნდა ჩავიდეთ. ცივილიზებული ადამიანები ვართ… ხომ იცით, ალიევიც აღიარებს, რომ ეგ ჩვენი ტერიტორიაა,”-ამბობს ქორეპისკოპოსი აიკობი.

დღეს, 23 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული სამუშაოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებენ; მანამდე კი ყველას მოუწოდა, „ემოციური განცხადებებისგან“ თავი შეიკავონ.

საუბარია დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჩიჩხიტურის მონასტერზე, სადაც ადგილობრივი გიდის ინფორმაციით, აზერბაიჯანს ამ მონასტრისკენ გზა გამოჰყავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი