ახალი ამბები

მეუფე იაკობს ვთხოვ, მეტად მორიდებული იყოს უფროს ადამიანებთან – გამყრელიძე

17 აპრილი, 2020 • 3518
მეუფე იაკობს ვთხოვ, მეტად მორიდებული იყოს უფროს ადამიანებთან – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC-ის) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მისი განცხადებები ეკლესიაში სიარულისგან თავის შეკავებასთან დაკავშირებით მისი საექიმო მრწამსიდან გამომდინარეობს და არ შევა დისკუსიაში სასულიერო პირებთან.

„თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეტევა შეიძლება განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ელაპარაკება და ესაუბრება“, – უთხრა ამირან გამყრელიძემ ტვ პირველს სატელეფონი საუბრისას.

„ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომას, როცა მე საპატრიარქოში ვიყავი და იცის მან, რაზეც ვისაუბრე იქ. მე ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში არ შევალ დისკუსიაში მათთან. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან“, – თქვა გამყრელიძემ.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის პანდემიის გამო მოსახლეობის გაფრთხილებისთვის შემდეგი სიტყვებით გააკრიტიკა:

„როდესაც გაჰკივიან და რომ გვიყვირიან, არავინ არ ვართ მაგათგან ისე დავალებული, რომ ასე გვიყვირონ. ტონს არ იცავენ, როდესაც კუბოებზე ლაპარაკობენ. თვითონაც თავს თუ ვერ იკავებენ, ჯერ ფსიქოანალიტიკოსებთან გაიარონ და მერე დაგველაპარაკონ”.

სასულიერო პირმა იმნაძისგან და გამყრელიძისგან მოსახლეობის გაფრთხილებისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში და აღდგომას თავი შეიკავონ ეკლესიაში მისვლისგან. მათი შეფასებით, ვირუსის უკონტროლო გავრცელების გამო ქვეყანა ვირუსის სწრაფი გავრცელების საფრთხის წინაშე დგას, რისი რესურსიც ქვეყანას არ ექნება.

მიუხედავად სპეციალისტების გაფრთხილებისა და მოწოდებისა, მართლმადიდებელი ეკლესია ამ დრომდე უგულებელყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ნორმებს, კერძოდ, უარს არ ამბობს საერთო კოვზით ასობით ადამიანის ზიარების წესის შეცვლაზე, რაც შეიცავს ვირუსის გავრცელების საფრთხეს. გარდა ამისა, ისინი მრევლს მოუწოდებენ დახურულ სივრცეში მისვლისკენ, რაც ასევე შეიძლება ვირუსის სწრაფი გავრცელების წყარო გახდეს.

ამ დრომდე კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა რამდენიმე სასულიერო პირს, მათ შორის, ბოლნისის სიონის მღვდელმსახურს და თბილისში ერთ-ერთი ეკლესიის მღვდელს, ასევე დაინფიცირდა წყნეთის ეკლესიის მრევლის წევრი, რის გამოც ტააძარი დაკეტილია. გარდა ამისა, ვირუსით ინფიცირებულია საპატრიარქოს დაცვის წევრი.

მსოფლიოში კორონავირუსით 2.2 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, საიდანაც 150 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

ვრცლად:

რომ გაჰკივიან, არავინ არ ვართ მათგან დავალებული – მეუფე იაკობი იმნაძე-გამყრელიძეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი