ვიდეო ▶ ინტერნეტით ნარკორეალიზაციის ბრალდებით ცოლ-ქმარი და 2 შვილი დააკავეს

შსს-ს განხადებით, საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის კიდევ ერთი მასშტაბური სქემა გამოავლინეს, რის შედეგადაც დაკავებულია 7 პირი. დაკავებულთა შორის 4 ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და 2 შვილი.

პოლიციის ინფორმაციით, 7-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. კერძოდ, როგორც შსს აცხადებს, ისინი ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

შვიდივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

აღნიშნული ორგანიზებული ჯგუფი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით დააკავეს”, – აცხადებ შსს.

როგორც შსს აცხადებს, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე თვე მიმდინარეობდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა ერთ-ერთ ინტერნეტ-პლატფორმაზე დაარეგისტრირეს მაღაზია, სახელით – “MEGASHOP”, რომლის მეშვეობითაც ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას, კერძოდ:

ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შემძენ პირებს უგზავნიდნენ, თანხა კი ერთ-ერთ ინტერნეტ-პლატფორმის ანგარიშზე ერიცხებოდათ”.

შსს-ს განცხადებით, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება. სამინისტროს ცნობით, სულ ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება და აბები: „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „ამფეტამინი“ და “კოკაინი”.

გარდა ამისა, როგორც შსს აცხადებს, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ავტომანქანები, დიდი ოდენობით თანხა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახდენდნენ. შსს-ს ინფომრაციით, ბრალდებულების მითითებით, პოლიციამ თბილისში სხვადასხვა ადგილიდან ამოიღო სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:

  • შსს-ს განცხადებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ნარკოდანაშაულის ბრალდებით 676 პირი დააკავეს, საიდანაც 55 ნარკორეალიზატორია.
  • შსს-ს განცხადებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ამოღებულია: 13 კილოგრამი “ჰეროინი”, 1530 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 2400 აბი “ექსტაზი”, 5 კილოგრამზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 400 გრამი კოკაინი და 350 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.
  • შსს-ს განცხადებით, აქტიურ გრძელდება ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, მათ შორის, არაერთი ქვეყნის წინაშე მდგარ ისეთ გლობალურ გამოწვევასთან, როგორიც ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებაა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.