ახალი ამბები

ვერ გამოვრიცხავთ კიბერთავდასხმას – მოისწრაფიშვილის განმარტება “მძინარა ბაიდენის” ტვიტზე

30 აპრილი, 2019 • 1357
ვერ გამოვრიცხავთ კიბერთავდასხმას – მოისწრაფიშვილის განმარტება “მძინარა ბაიდენის” ტვიტზე

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ტვიტერის ანგარიშის მიერ დონალდ ტრამპის ტვიტის გაზიარება, შესაძლოა, კიბერთავდასხმა იყოს.

გუშინ, 30 აპრილს ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტი (პოსტი) გააზიარა, სადაც აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს- რომელიც ახლახან ჩაება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში – “მძინარას” უწოდებს.

თავდაპირველად პრეზიდენტის პრესსამსახური ამბობდა, რომ გაზიარებული ტვიტი სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომის შედეგია.

“ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას, შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასებება. ამ დროისთვის, სხვადასხვა ფაქტის გაანალიზების შემდეგ, რა თქმა უნდა, კიბერშეტევის გამორიცხვაც არ შეიძლება. ვფიქრობთ, რომ საჭიროა საკითხის მოკვლევა.

რამდენიმე დღის წინ კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის სოციალური ქსელის ანგარიშზე, იმ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოკვლევა”, – ამბობს მოისწრაფიშვილი დღეს, 30 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

რაც შეეხება შსს-ს, უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო აღნიშნული საქმის შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი