ახალი ამბები

ნორვეგიაში, სავარაუდოდ, რუსეთის საზღვაო ძალების გაწვრთნილი “ჯაშუში” ვეშაპი იპოვეს

30 აპრილი, 2019 • 2166
ნორვეგიაში, სავარაუდოდ, რუსეთის საზღვაო ძალების გაწვრთნილი “ჯაშუში” ვეშაპი იპოვეს

ნორვეგიის სანაპიროსთან, სავარაუდოდ, რუსეთის საზღვაო ძალების გაწვრთნილი “ჯაშუში” თეთრი ვეშაპი იპოვეს.

როგორც BBC წერს, ცხოველის სხეულზე აღჭურვილობა ჰქონდა დამაგრებული, რომელზეც “აღჭურვილობა პეტერბურგი” ეწერა. აღჭურვილობას შორის იყო ორი GoPro კამერის დამჭერი, რომელიც ვეშაპს მეთევზეებმა მოხსნეს.

თეთრი ვეშაპი ხშირად უახლოვდებოდა ნორვეგიულ გემებს ინგოიას სანაპიროზე. არქტიკული კუნძული მურმანსკიდან 415 კილომეტრში მდებარეობს. სწორედ მურმანსკშია განთავსებული რუსეთის ფლოტი.

ნორვეგიელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ვეშაპი რუსეთის საზღვაო ძალებმა გაწვრთნა და მას დაზვერვისთვის იყენებენ. ამ მოსაზრებას ექსპერტები იმითაც ამყარებენ, რომ აღნიშნულ რეგიონში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზა მდებარეობს.

სამხედრო ძალების მიერ ცხოველების გაწვრთნის პრაქტიკა კარგადაა აპრობირებული, მაგალითისთვის, ცივი ომის პერიოდში აშშ-ის საზრვაო ძალებს სპეციალური პროგრამაც ჰქონდათ, რომლის ფარგლებშიც დელფინებსა და ზღვის ლომებს წვრთნიდნენ.

აშშ ცხოველებს იყენებდა ოკეანის ფსკერზე ნაღმებისა და სხვა სახიფათო ობიექტების აღმოსაჩენად. BBC-ის თქმით, გაწვრთნილ ცხოველებს წყალქვეშ არაავტორიზებული დანაყოფების დადგენაც შეუძლიათ, რომლებმაც, შესაძლოა, აშშ-ის ხომალდებს ზიანი მიაყენოს.

აშშ-ის საზღვაო ძალების დელფინები 2003 წლის ერაყის ომის დროს გამნაღმველთა ჯგუფებს ეხმარებოდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი