ახალი ამბებისამართალი

რა დაგვანახა ჯიბღაშვილის ნარკოდანაშაულისთვის დაკავება – გათავისუფლებამ

24 აპრილი, 2019 • 3025
რა დაგვანახა ჯიბღაშვილის ნარკოდანაშაულისთვის დაკავება – გათავისუფლებამ

“მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის” – განაცხადა 24 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე ლევან ჯიბღაშვილმა. მისი ეს ნათქვამი მალევე ინტერნეტში არაერთი მიმისა და ხუმრობის ინსპირაციად იქცა, თუმცა საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მადლობის ადრესატი არა უფალი, არამედ მისი გავლენიანი სანაცნობო წრეა როგორც სისტემაში, ასევე, მის გარეთ.

ფეისბუკსა და ინსტაგრამზე ლევან ჯიბღაშვილს არაერთ გავლენიან ადამიანთან ერთად გადაღებული ფოტო აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის, შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძესთან. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას ის “კახასთან დარეკვას ითხოვდა”.

გათავისუფლების შემდეგ ლევან ჯიბღაშვილმა განაცხადა, რომ ნახევარ საქართველოსთან აქვს ფოტო გადაღებული და ნახევარ საქართველოს იცნობს, თუმცა გავლენიანი ნაცნობებისთვის დახმარება არ უთხოვია.

პირადი ურთიერთობით, განსაკუთრებით კონკრეტულ შემთხვევაში, არც ვისარგებლებდი და არც მისარგებლია. ფაქტიც სახეზეა, საიდანაც გამოვდივარ, რომ მე არაფრით მისარგებლია”, – ამბობს ჯიბღაშვილი და დასძენს, რომ კახაში თავის ადვოკატ კახა ასლანიშვილს გულისხმობდა.

შერჩევითი სამართალი?

პოლიტიკური პარტია გირჩი, რომელიც აქტიურად მუშაობს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე, სამართალდამცავებს და სასამართლოს რამდენიმე შეკითხვით მიმართავს, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის ლევან ჯიბღაშვილის დაკავებას და გირაოთი გათავისუფლებას ეხება.

გირჩის კითხვები:

[checklist]

  • შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გვაინტერესებს – რა ოდენობის და რა სახის ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული?
  • პროკურატურისგან გვაინტერესებს – იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო ბრალდებული პირების წინააღმდეგ რამდენჯერ იყო მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?
  • სასამართლოსგან გვაინტერესებს – იმავე ჯგუფის იმავე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის რამდენ პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?
  • სასამართლოსგან გვაინტერესებს – იმავე ან ნაკლები ოდენობის იმავე ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის რამდენ ადამიანს მიესაჯა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პატიმრობა
  • სასჯელაღსრულებისგან გვაინტერესებს – რამდენი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს იმავე ჯგუფის იმავე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის?

[/checklist]

გირჩის განცხადებით, შერჩევითი სამართლიანობის საფუძვლიანი ეჭვების გამოსარიცხად საჭიროა გაეცეს ყველა კითხვას პასუხი, მით უმეტეს, როდესაც არსებობს ინფორმაცია, რომ დაზარალებული დაკავებისას, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირისგან დახმარებას ითხოვდა.

პოლიტიკური პარტია პრობლემად არ მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირი დახმარებოდა ლევან ჯიბღაშვილს თავისუფლების ყიდვაში, რადგან გირჩისთვის სამართლიანი არ არის მსგავსი დანაშაულისთვის ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, თუმცა აქვთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ უამრავი ადამიანი იმავე ქმედებისთვის დღესაც საპყრობილეშია:

ყველაზე უარესი, რაც შეიძლება დაემართოს მართლმსაჯულების სისტემას, არის შერჩევითი სამართლიანობა. ამიტომ, რაც დასაშვებია ბატონი ლევან ჯიბღაშვილის შემთხევაში, აუცილებლად უნდა გავრცელდეს სხვა ადამიანების შემთხვევებზეც, რომლებიც უსამართლოდ იტანჯებიან საპყრობილეში”.

მუხედავად ლევან ჯიბღაშვილის  ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებული ნეგატიური განცხადებებისა და გასულ წელს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამართლებისა, გირჩი ლევან ჯიბღაშვილს თავისფლებას ულოცავს და ფიქრობს, რომ არცერთი ადამიანი ნარკოტიკების ფლობის და მოხმარების გამო არ უნდა იჯდეს ციხეში.

გირჩს სურს, ეს შემთხვევა სხვა ადამიანების გასათავისუფლებლადაც გამოიყენოს.

ჯიბღაშვილის ქება გახარიას და ნეგატიური პოზიცია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე - 2018 წ.

https://www.youtube.com/watch?v=SA91sax_saA

ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე საგამოძიებო უწყებების ორდღიანი დუმილი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ შეაფასა. ის მიიჩნევს, რომ სწორედ მსგავსი დამოკიდებულება ბადებს უსამართლობის განცდას ქვეყანაში, რაც არის კრიტიკის საგანი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, სამართლიანობის მთავარი პრინციპი ის არის, რომ თანაბარი მოპყრობით ისარგებლოს ყველა პირმა კანონის თავსებადობის შემთხვევაში, როდესაც კანონის მიმართება ხდება მის ქმედებასთან.

თეთრი ხმაურის წევრის, დავით  სუბელიანის განცხადებით, სანამ მოქმედი კანონმდებლობა და პროკურატურის თანმიმდევრულობა გამოძიების ეტაპზე დარჩება ბურუსით მოცული, ყოველთვის დარჩება ეჭვი, რომ გარკვეულ მაქინაციებს აქვს ადგილი მსგავს საქმეებზე. მისი შეფასებით, ლევან ჯიბღაშვილის შემთხვევა არ არის პირველი და არც ბოლო იქნება:

სუბელიანის მოსაზრებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებული ნეგატიური განცხადებების მიუხედავად, ლევან ჯიბღაშვილიც მსხვერპლია მოქმედი უსამართლო კანონმდებლობის, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

“როდესაც კლუბებში შეცვივდნენ და სახელმწიფო თავგასულად მოიქცა, ეს ადამიანი აღფრთოვანებული იყო მინისტრ გახარიას ქცევით და ამბობდა, რომ ეს იყო არა დარბევა, არამედ კარგად შესრულებული სპეცოპერაცია და ა.შ.  ნარკოტიკების მოხმარება და ზოგადად ნარკოტიკები იმდენად სტიგმატიზირებულია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მალავს და ცდილობს, რომ საპირისპირო აჩვენოს. შეიძლება, სწორედ ეს არის ჯიბღაშვილის შემთხვევაც, რადგან არ ვიცი მისი სტატუსი მოხმარებასთან დაკავშირებით და რა შეხება აქვს ნარკოტიკებთან საერთოდ. თუმცა ძალიან ბევრია, რომელიც ითხოვს მომხმარებლების დასჯას და თავად აქვს კავშირი დღეს კანონით დასჯად ქმედებებთან”, – ამბობს დავით სუბელიანი.

დავით სუბელიანი აღნიშნავს, რომ საზოგადოების მხრიდან ლევან ჯიბღაშვილის ძველ განცხადებებს ძალიან ნეგატიური შეფასება მოჰყვა, რაც ადეკვატურია:

ჯიბღაშვილი არ ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც იძულებული იყო, მსგავსი განცხადებები ეკეთებინა, როდესაც სისტემაში შემძვრალ ჩინოვნიკებს ეფერებოდა”.

სუბელიანის ცნობით, ლევან ჯიბღაშვილისგან განსხვავებით, უახლოეს წარსულშიც არაერთ საქმეზე გაჯიუტდა პროკურატურა, სასამართლომაც არ გაითვალისწინა ნარკოტიკული საშუალების მინიმალლური ოდენობა და ადამიანებს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს: “ეს ის შემთხვევებია, როდესაც დაკავებულებისგან სხვა ადამიანებზე ინფორმაციის გაცემას ელოდებიან, თუმცა, როდესაც ისინი უარს ამბობენ ამაზე, მკაცრად სჯიან ან წარმოუდგენლად დიდ თანხას ასახელებენ საპროცესო შეთანხმებაზე”.

რა ვიცით ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე

ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 23 აპრილს ორთაჭალაში დააკავეს, რა დროსაც  საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მისი ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები იყო: კოკაინი – 0.5659გ და ექსტაზი (MDMA)- 0,1921გ. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა.

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. ეს მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

წარდგენილი ბრალისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა.

ლევან ჯიბღაშვილმა წარდგენილი ბრალდება სრულად აღიარა სასამართლო პროცესზე და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. პროკურატურა პროცესზე ითხოვდა 15000-ლარიან გირაოს წინასწარი პატიმრობიდან ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული 10000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

პროკურატურის განმარტება - დააკლიკეთ
საქართველოს პროკურატურამ ლევან ჯიბღაშვილის საქმესთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა იმის შესახებ, თუ რატომ არ მოითხოვა აღკვეთის სახით საპატიმრო ღონისძიება:

“როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის 1, 2 ან 3 ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.

აღნიშნული პრაქტიკა პროკურატურის მიერ გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს”, – აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურის განმარტებით, რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას და გასაღებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 4, 5 ან 6 ნაწილს, როდესაც საქმეში მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი, ან პირს აღმოაჩნდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.

ადვოკატის ინფორმაციით, წინასასამართლო სხდომა 5 ივნისს არის ჩანიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოში.

შენიშვნა – სტატიაში თავდაპირველად ეწერა, რომ ჯიბღაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი