თავისუფლებამ მიიღო საოცარი სახე, იმედია ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს — ილია II

„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედია, ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს“, — თქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ 14 აპრილს, საკვირაო ქადაგებაში.

პატრიარქმა ქადაგება მარიამ ეგვიპტელზე საუბრით დაიწყო და „თავისუფლებაზეც“ შემდეგ კონტექსტში ისაუბრა: „დღევანდელი კვირა არის მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე. თქვენ იცით მარიამ ეგვიპტელის შესახებ, ის ატარებდა თავისუფალ ცხოვრებას და შემდეგ სინანულით ისე განიწმინდა, მდინარე იორდანეზე ფეხით გადადიოდა როგორც დედამიწაზე და დაემსგავსა ანგელოზს. შევთხოვთ წმინდა მარიამ ეგვიპტელს, მოგვცეს მშვიდობა და მოთმინება. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედია, ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს“.

ილია II-მ ქადაგებაში დედაენის დღეზეც გაამახვილა ყურადღება: „დღეს ასევე არის დიდი დღესასწაული, – ხსენება 14 აპრილს ქართული ენის დაცვისა. იმ დროს, 41 წლის წინ, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი, ქართველმა ახალგაზრდებმა დაიცვეს ჩვენი ეს სიწმინდე.

ბედნიერი ვართ იმით, რომ როცა საშიშროება ელოდება ჩვენს ხალხს, ვერთიანდებით და ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება.

ღმერთმა მოგვცეს ერთი სული და ერთი გული. სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ ქართველი ხალხი ზოგჯერ ვერ უგებს ერთმანეთს“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com