ახალი ამბები

„ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, ადგილი აქვს კატეგორიულ აზროვნებას, რაც პოლარიზებას იწვევს“ — ილია II

16 აპრილი, 2023 • 3446
„ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, ადგილი აქვს კატეგორიულ აზროვნებას, რაც პოლარიზებას იწვევს“ — ილია II

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს.

ილია II წლევანდელ ეპისტოლეში აცხადებს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება თავისუფალია ეგოიზმისგან და მისი ცხოვრება სიყვარულზე, ზნეობასა და სათნოებაზეა დამყარებული. მისი თქმით ასეთ ადამიანთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეა.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი აღნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებაში ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს:

„ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან. სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე.წმ. პატრიარქი ამბროსი ხელაია მოგვიწოდებს: „თუ დავუდებთ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქრისტეს ზნეობრივ სწავლას და მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელებას, მაშინ და მხოლოდ მაშინ, შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი“ — ნათქვამია სააღდგომო ეპისტოლეში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

ილია II- ასევე აღნიშნავს, რომ რთულ და ფეთქებადსაშიშ დროში გვიწევ ცხოვრება, როცა ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია:

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია; ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი. „ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ,“- გვასწავლის უფალი და ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისათვის; მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს,“ – ნათქვამია სააღდგომო ეპისტოლეში.

ილია მეორე მიიჩნევს, რომ მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი ადამიანმა ნათლად გააცნობიეროს საკუთარი დანიშნულება და აცხადებს, რომ იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობას, უსამართლობას, — მშვიდობა ვერ დაივანებს:

„ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა. საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან, – აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის.

შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას.
ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: „მშვიდობა თქვენდა!“ ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, მაშ, ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ვიქადოდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით,“ — ვკითხულობთ ეპისტოლეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი