ლეიბორისტებისა და ტაქსის მძღოლების აქცია ივანიშვილის სახლთან [LIVE]

ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის რამდენიმე წევრი გუშინ პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა, რასაც ამ დროისთვის მძღოლები ლეიბორისტული პარტიის წევრებთან ერთად ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მსვლელობით აპროტესტებენ.

“საორგანიზაციო ჯგუფიდან 2 ადამიანი არის დაკავებული, სახელს და გვარს შეგნებულად არ ვამბობთ ოჯახებიდან გამომდინარე, რომ ოჯახებმა არ ინერვიულონ. რისთვის არიან დაკავებულნი, ეს ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს ჩვენ. კიდევ რამდენიმეს ვერ ვეხმიანებით. გუშინ გვქონდა შეხვედრა ჩვენ ბატონ მერთან, კალაძესთან.

გარკვეულ შეთანხმებამდე მივედით, მაგრამ რატომ ხდება ეს ყველაფერი, ვერ ვხვდებით. მოგიწოდებთ ყველა მძღოლს, ყველა ტაქსისტს, შემოგვიერთდით, გავერთიანდეთ და ერთ მუშტად დავდგეთ”, – განუცხადა რუსთავი 2-ს ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ზაურაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ორი მძღოლი გადაყვანილი იყო პოლიციაში გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, მათ უკვე დატოვეს პოლიციის განყოფილება.

შსს-ს განცხადებით, კიდევ ორი ტაქსის მძროლის მიმართ დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რომლის ფარგლებში ისინი გადაყვანილი იქნენ ნარკოლოგიურში და მათაც უკვე დატოვეს ნარკოლოგიური სამსახურის შენობა.

ლეიბორისტები და ტაქსის მძღოლები ავტომობილებით მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სასახლის მიმართულებით სიგნალებით მიემართებიან. აგრარული უნივერსიტეტიდან დაწყებულ მსვლელობას ათობით პოლიციის ეკიპაჟი გაჰყვა, სამართალდამცველების ნაწილი უკვე ივანიშვილის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება.

ლეიბორისტული პარტიის პირდაპირი ეთერი:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.