ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ქართველებს საკუთრებაზე მემკვიდრეობის უფლება შესაძლოა წაართვან

10 აპრილი, 2019 • 1433
აფხაზეთში ქართველებს საკუთრებაზე მემკვიდრეობის უფლება შესაძლოა წაართვან

“აფხაზეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი” ქართველების ოჯახის წევრებს აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავ ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება შეეზღუდებათ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს სამოქალაქო კოდექსში აფხაზმა დეპუტატებმა პირველი მოსმენით კენჭი უკვე უყარეს.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი რაულ ლოლუაა. მისი განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი მშობლებისა და წინაპრების საკუთრებას იფორმებენ, რაც საკანონმდებლო რეგულაციის ხარვეზია, რომელიც უნდა “გამოსწორდეს”.

“მემკვიდრეობის შესახებ უფლების” ადგილობრივი არსებული კანონის შესაბამისად, მემკვიდრეობის უფლება ეზღუდებათ პირებს, რომლებიც “იბრძოდნენ ან იბრძვიან აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, ან ეხმარებოდნენ საოკუპაციო ჯარებს”.

შესაბამისად, ახალი საკანონმდებლო ნორმა საკუთრების უფლებაზე, აღნიშნული პირების ოჯახის წევრებზეც გავრცელდება.


1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მომხდარ შიდა კონფლიქტს მოჰყვა მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება აფხაზეთიდან (1992-1993 წწ.). 2009 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში აფხაზეთიდან 251 000-ზე მეტი დევნილია რეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი