ახალი ამბები

8 ფაქტი, სადაც, კობა გვენეტაძის თქმით, მამუკა ხაზარაძემ იცრუა

5 აპრილი, 2019 • 2248
8 ფაქტი, სადაც, კობა გვენეტაძის თქმით, მამუკა ხაზარაძემ იცრუა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს, 5 აპრილს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სიცრუე და დისკრედიტაცია უწოდა “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებსა და ბრალდებებს ეროვნული ბანკის მიმართ.

გვენეტაძემ ის 8 ფაქტი დაასახელა, სადაც, მისი თქმით, ხაზარაძემ იცრუა. უცვლელად გთავაზობთ გვენეტაძის განცხადებას:

ფაქტი 1:

აქციონერების განცხადებით, 2008 წელს ბანკიდან ნასესხები თანხით სააქციო კაპიტალი გაიზარდა. სინამდვილეში, 2008 წელს “თიბისი ბანკის” კაპიტალი არ გაზრდილა. ამ ფაქტის გადამოწმება მარტივად შეგიძლიათ, თუ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშგებებს გაეცნობით.

უფრო მეტიც, თუ აქციონერებმა ნამდვილად გააკეთეს ის, რასაც ამბობენ, მაშინ მათ კიდევ უფრო უხეშად დაარღვიეს კანონმდებლობა და სამმაგ დარღვევასთან გვექნებოდა საქმე: 1. დაირღვა ინტერესთა კონფლიქტის დებულება; 2. როგორც 2008-ში, ისე დღესაც, ბანკებს ეკრძალებათ ბანკიდანვე მიღებული სახსრებით კაპიტალის ზრდა, რაც ნიშნავს, რომ ეს წესიც დაირღვეოდა.

ფაქტი 2:

აქციონერების განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა 2007 წელს ერთ დღეში გააჩერა ბანკი და პრაქტიკულად, აუკრძალა სესხების გაცემა. ეს ყველაფერი ციტატებია. ეს განცხადება ასევე ტყუილია. სინამდვილეში, ბანკის პორტფელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ადვილად გადამოწმებადია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. არსებულის სტატისტიკური ინფორმაციით, ბანკის აგრესიული პოლიტიკის გატარებით მისი წილი ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2006-დან 2007 წლამდე ბანკის კაპიტალი თითქმის გაორმაგდა (1.17 მილიარდამდე). ამ პერიოდში ბანკი ჯიუტად არღვევდა კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტს და მიუხედავად იმისა, რომ კოეფიციენტი მაშინდელ მოთხოვნებს ჩამორჩებოდა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ბანკი კვლავ განაგრძობდა პორტფელის სწრაფ ზრდას მშენებლობისა და სხვა პროფიციკლურ სფეროებში, რის გამოც 2008 წლის ომისა და კრიზისის გამო ბანკი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დადგა. ამის მიზეზი კი ბანკის აგრესიული საკრედიტო პოლიტიკა იყო.

3 წელზე მეტია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიცია მიკავია და ჩემი წინამორბედის საქმიანობა არასოდეს შემიფასებია, მაგრამ დღეს კი უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ფრიად გასაკვირია, რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელიც ახლა დარბაზშია, აღეკვეთა მსგავსი დარღვევები 2007 წელს (2005-2007 წლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამჟამად ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე იყო).

ჩემი ყოფილი კოლეგის საყურადღებოდ მსურს ასევე განვაცხადო, რომ მე კაპიტალის ადეკვატურობის დარღვევის მიმართ აბსოლუტურად არატოლერანტული ვარ.

ჩემმა ყოფილმა კოლეგამ ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას შეცდომაში შეიყვანა ფართო საზოგადოება. მან განაცხადა: დამფუძნებლებმა თავიანთი ბანკიდან აიღეს ფული და შემდეგ ეს ფული კაპიტალის სახით ისევ ბანკში შეიტანეს, რაც თითქოს სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა. განვუმარტავ ყოფილ კოლეგას: ბანკიდან მიღებული ფული არის საკუთარი, თუ ეს მიღებულია წილის გაყიდვით, ან დივიდენდის სახით, ხოლო თუ დამფუძნებელი ბანკიდან ფულს სესხის სახით იღებს, ამ ფულს იმავე ბანკს არ უბრუნებს და ამით ბანკი ზარალდება, ამას ბანკის მეანაბრეების თანხის საფრთხის ქვეშ დაყენება და დანარჩენი აქციონერების მოტყუება ჰქვია. თუ რა ჰქვია ამ ყველაფერს პოპულარული ენით, ამის თქმას ამ ტრიბუნიდან არ ვიკადრებ და შეფასება თქვენთვის მომინდია.

ფაქტი 3:

აქციონერებმა განაცხადეს, რომ “თიბისი ბანკმა” 2008 წელს 200 მილიონი ლარსი სესხი ჩამოწერა, რეალურად კი, ჩამოწერილი სესხების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო. 2008 წელს მიღებული ზარალის ნახევარს მამუკა ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ კომპანია “სამგორის” გავლით მიღებული სესხები შეადგენდა, მაშინ როდესაც “სამგორი” ჩვეულებრივ აგრძლეებდა თიბისიში არსებული სხვა სესხების მომსახურებას და უფრო მეტიც, ახალ სესხებსაც კი იღებდა. ინფორმაციისათვის, 2008 წელს ბანკის ზარალი 64 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 28 მილიონი ლარი (16.7 მილიონი აშშ დოლარი), ანუ ზარალის 43% ამ სესხების ჩამოწერით იყო გამოწვეული.

ფაქტი 4:

მამუკა ხაზარაძის განცხასდება, თითქოს სამგორს დამტკიცებული ჰქონდა ღია საკრედიტო ხაზი და შეეძლო ბანკის დამატებითი თანხმობის გარეშე სესხის აღება, ტყუილია. ყველა ზემოხსენებული სესხი საკრედიტო კომიტეტის თანხმობით გაიცა.

ფაქტი 5:

ბ-ნი ხაზარაძის განცხადებით, “სამგორი მ” და “სამგორი ტრეიდი” გაკოტრდნენ, რის გამოც სესხებს ვეღარ მოემსახურებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს 2 კომპანია 2011 წლიდან აღარ ახორციელებს აქტიურ ბიზნესსაქმიანობას, “სამგორი”, როგორც ჯგუფი, არ გაკოტრებულა და ის დღესაც ოპერირებს. 2012 წელს ჯგუფს და მის თავდებ პირებს შეეძლოთ სესხის მომსახურება, თუმცა ყოველგვარი ანალიზის გარეშე სესხები ოფშორულ კომპანიას გადაეცა, რომელმაც სესხის მომსახურება არ გააგრძელა.

ფაქტი 6:

მამუკა ხაზარაძემ საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ ბ-ნი ავთანდილ წერეთელი (“სამგროისა” და ტვ “პირველის” დამფუძნებელი) წლების განმავლობაში მისი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი იყო. ეს კი სწორედ ის კრიტერიუმებია, რომლებზე დაყრდნობითაც, კანონმდებლობის მიხედვით, ხდება ბანკის ინსაიდერების დადგენა. შესაბამისად, სხვა მიზეზებს რომ თავი დავანებოთ, ბ-ნ მამუკას ამის შესახებ უნდა განეცხადებინა, რის შემდეგაც სესხები გაცემის მომენტში ინსაიდერულად დაკლასიფიცირდებოდა და ამ სესხების ამ ფორმატით გაცემა ვეღარ მოხდებოდა.

ფაქტი 7:

მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2008 წლის სექტემბრის პერიოდში მისთვის ცნობილი გახდა თანხის წარმომავლობის შესახებ, რომ “სამგორი მ-სა” და “სამგორი თრეიდს”თანხა ნასესხები ჰქონდათ თიბისი ბანკიდან. როგორც მინიმუმ, ამ ინფორმაციის მიღების შემდგომ მაინც ევალებოდათ ბანკის ადმინისტრატორებს ამ ფაქტის გამჟღავნება, რასაც სესხების ინსაიდერულად აღიარება მოჰყვებოდა, რაც ასევე არ მომხდარა.

ფაქტი 8:

სიმართლეს არ შეესაბამება აქციონერების განცხადება, რომ ეს ტრანზაქცია შეამოწმა ეროვნულმა ბანკმა. ეროვნულ ბანკში არ ვმუშაობდი, მაგრამ ეს დარღვევა მაშინ აღმოჩენილი რომ ყოფილიყო, “სამგორი მ” და “სამგორი ტრეიდი”, როგორც მინიმუმ, ინსაიდერებად დაკლასიფიცირდებოდნენ, რაც ასევე არ მომხდარა.


მამუკა ხაზარაძის ვერსია იხილეთ აქ:

პროკურატურა თიბისის საქმეზე მოკვლეულ გარემოებებს ასაჯაროებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი