ახალი ამბები

რატომ არ უნდა ჩაერიოს პოლიცია ვირტუალურ ურთიერთობებში შეურაცხყოფისას

18 სექტემბერი, 2014 • • 6324
რატომ არ უნდა ჩაერიოს პოლიცია ვირტუალურ ურთიერთობებში შეურაცხყოფისას

“თუ ვინმემ ინტერნეტ-სივრცეში მოგაყენათ შეურაცხყოფა, ან დაგემუქრათ, თუ თქვენ გახდით კიბერთავდასხმის მსხვერპლი, ან ფლობთ ინფორმაციას კიბერდანაშაულის თაობაზე, გთხოვთ, მიმართოთ განცხადებით პოლიციას, ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონებზე: 112 – უფასო ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში, ტელ.: 2 41 12 96; 2 41 17 67″, – ეს განცხადება შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გააკეთა გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში.


ისჯება თუ არა ინტერნეტით შეურაცხყოფა
ისჯება თუ არა ინტერნეტით შეურაცხყოფა

იურისტები, რომელსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, თანმხდებიან, რომ მუქარა როგორც რეალურ, ასევე ვირტუალურ სივრცეში, როდესაც ის ქონების, ჯანმართელობის ან სიცოცხლის ხელყოფას ეხება, პოლიციის საგამოძიებო ინტერესების ნაწილი ნამდვილად შეიძლება იყოს, თუმცა, როდესაც საქმე ინტერნეტ-შეურაცხყოფასთან გვაქვს, სიტუაცია განსხვავებულია:

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ერთი ადამიანის მხრიდან მეორეს სიტყვიერი შეურაცხყოფა არა პოლიციელების, არამედ სასამართლოს გასარკვევი თემაა:

 

“როდესაც შეურაცხყოფაზეა საუბარი, აქ პოლიციას არაფერი ესაქმება, იმიტომ, რომ ეს არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. თუ ამით კონკრეტული პირის პატივი და ღირსება შეილახება, მას შეუძლია წავიდეს საერთო სასამართლოში და ამასთან დაკავშირებით იდავოს სასამართლო წესით”, – ამბობს მშვენიერაძე.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებობს მუხლი წვრილმანი ხულიგნობა, რომელშიც წერია: “საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით”. ამ კანონში განმარტებული არ არის, “საზოგადოებრივი ადგილები” ნიშნავს თუ არა ინტერნეტ-სივრცესაც.

 

დისკუსია იმის თაობაზე, რომ ინტერნეტში გინება და ადამიანის შეურაცხყოფა სწორედ ხულიგნობად უნდა დაკვალიფიცირდეს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ წამოიწყო ნეტგაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც თქვა:

“ბილწსიტყვაობა და დედის გინება, რაც, სამწუხაროდ, ასე მომძლავრებულია, თავისთავად შეურაცხყოფაა და თავისთავად დანაშაულია ეს. იმიტომ, რომ ხულიგნობა სხვა არაფერი არაა, როცა საჯაროდ სივრცეში ადამიანს მიაყენებ შეურაცხყოფას, ეს არის ხულიგნობა. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედება უნდა ისჯებოდეს, სოციალურ ქსელში შეგაგინებენ, თუ ქუჩაში შეგაგინებენ, ეს არის ხულიგნობა, როცა საჯარო სივრცეში ხდება ასეთი ფაქტი”.

ამგვარ მოსაზრებას არ იზიარებენ იურისტები, რომელთაც ნეტგაზეთი ესაუბრა. გიორგი მშვენიერაძის აზრით, სოციალურ ქსელებში გინების წვრილმან ხულიგნობად დაკვალიფიცირება საერთოდ უტოპიაა. ხოლო საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე კობახიძის მიერ გამოთქმული მოსაზრების საწინააღმდეგოდ ასეთ არგუმენტებს ასახელებს:

 

“ჩემი აზრით, არ უნდა დაკვალიფიცირდეს წვრილმან ხულიგნობად და რამდენიმე არგუმენტის თქმა შემიძლია ამ პოზიციის გასამყარებლად. პირველი ის, რომ ინტერნეტში შეურაცხყოფების მიყენება დღეს გაჩენილი პრობლემა არ არის, ორი წლის წინაც და ერთი წლის წინაც ადამიანები ინტერნეტში ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ. თუ სამართალდამცავი ორგანოები მაინცდამაინც დღეს დაიწყებენ ამაზე რეაგირებას, მაშინ გამოდის, რომ კანონი განჭვრეტადი არ ყოფილა. ანუ კანონი არ არის ისე ჩამოყალიბებული, რომ ის რიგითმა ადამიანმა წაიკითხოს და მიხვდეს, რომ ინტერნეტში გინება აკრძალულია. თუ 3 წლის წინ ამის გამო პასუხისმგებლობა არავის ეკისრებოდა, კანონი არ შეცვლილა და ახლა დაეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ გამოდის, რომ არათანაბარი მიდგომაა სამართალდამცველების მხრიდან კანონთან მიმართებაში.

 

მეორე არგუმენტი, ეს მუხლი სავარაუდოდ მიღებულია მანამ, სანამ ინტერნეტში ასეთი პრობლემა გაჩნდებოდა. შესაბამისად, როცა ეს კანონი მიღებულ იქნა, მისი მიზანი არ იყო და ვერც იქნებოდა ინტერნეტში შეურაცხყოფების პრობლემის დარეგულირება.

 

მესამე არგუმენტი: სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-9 მუხლში წერია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დარეგულირდეს სიტყვის და გამოხატვის შინაარსი. აქ წერია, რომ კანონით შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვისათვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება პირისპირ შეურაცხყოფას. ინტერნეტში განხორციელბული შეურაცხყოფა ეს არ არის პირისპირ შეურაცხყოფა, თუმცა ალბათ ესეც განმარტების საკითხია, მაგრამ ჩემი გაგებით, ეს არ არის პირისპირ შეურაცხყოფა. თუ გადაწყვეტენ, რომ ახლა შეიცვალოს ეს საკითხი, ეს სხვა თემა იქნება, მაგრამ მანამდე, მე ვფიქრობ, ამ მუხლის [166-ე] შეურაცხყოფაზე გამოყენება სწორი არ იქნება”, – ამბობს კახა კოჟორიძე.

 

მანანა კობახიძის აზრს არც მესამე იურისტი ვახუშტი მენაბდე იზიარებს, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა:

 

“სინამდვილეში საჯარო სივრცეში გინება (წვრილმანი ხულიგნობა) იმიტომ კი არ არის გადაცდომა, რომ კანონი ვინმეს ღირსებას იცავს, არამედ იმიტომ, რომ შეურაცხყოფა, როდესაც საჯარო სივრცეში და პირისპირ ხდება, წარმოშობს საზოგადოებირივი წესრიგის დარღვევის რისკს. ამიტომ აქ ,,საჯარო სივრცე” სწორედ ისეთ ღია საჯარო სივრცეს გულისხმობს, სადაც ფიზიკური დასწრება ხდება, ნებისმიერს სხვა საჯარო სივრცეში გინება არ არის გადაცდომა”, – განმარტა მენაბდემ.

 

ნეტგაზეთმა შსს პრესსამსახურს მიმართა კითხვით, გიორგობიანის განცხადებიდან გამომდინარე, რა რეაგირება ექნება პოლიციას, თუ რომელიმე მოქალაქე ინტერნეტში შეურაცხყოფის საკითხზე შეატყობინებს. შსს-ში გვიპასუხეს, რომ გამოძიება დაიწყება, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელი მუხლის საფუძველზე წარიმართება გამოძიება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი მოქალაქე მეორეს ფეისბუკზე შეაგინებს.

ნინო გიორგობიანმა თავის ინტერვიუზე მოგვიანებით განმარტება ფეისბუკზე გააკეთა, თუმცა იგი კვლავ წერს, რომ თუ “ვინმემ ინტერნეტ-სირვცეში მოგაყენათ შეურაცხყოფა, ან დაგემუქრათ, თუ თქვენ გახდით კიბერთავდასხმის მსხვერპლი, ან ფლობთ ინფორმაციას კიბერდანაშაულის თაობაზე, პოლიციას უნდა მიმართოთ:

“ახლა გადავხედე მსჯელობას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ არ კითხულობთ ბოლომდე სტატიებს.. და სათაურმა შეცდომაში შეგიყვანათ… აქ დაგიწერთ და იქნებ წაიკითხოთ რას ვამბობ, საქმე კიბერდანაშაულს ეხება, და არა იმას რომ ინტერნეტში გინების გამო პოლიცია ვინმეს დაიჭერს, გაზეთ ალიასთან ინტერვიუში განვაცხადე რომ თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ კიბერდანაშაულის შესახებ მიმართეთ პოლიციასთქო აი რა ვუთხარი ალიას:

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მეორე მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო 2012 წლის ოქტომბერში შეიქმნა. აღნიშნული სამსახური 2012 წლიდან მიერთებულია კომპიუტერული დანაშაულების შესახებ ბუდაპეშტის 2001 წლის კონვენციას. იმის გათვალისწინებით, რომ კიბერდანაშაული წარმოადგენს 21–ე საუკუნის მთავარ გამოწვევას და ასევე კიბერდანაშაულის კონვენციით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, 2012 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო. აღნიშნულ ორგანოს ევალება კიბერსივრცეში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია. გარდა ამისა, შსს საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს შემადგენლობაში ჩამოყალიბდა კომპიუტერულ–ციფრული ექსპერტიზის ქვეგანყოფილება, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ციფრული მტკიცებულებების პირველად მოპყრობასა და მათ შემდგომ ექსპერტიზას. 2013 წლის ივნისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ორგანიზებული დანაშაულის სტრატეგია, რომელშიც ცალკე თავად არის წარმოდგენილი კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი საკუთარი დანაყოფების შესაძლებლობების განვითარებას. თანამედროვე პერიოდში კიბერდანაშაულის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევებია: ონლაინ თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება და ა.შ. კიბერდანაშაულის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს კერძო სექტორის დაბალი ცნობიერება წარმოადგენს. საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია 2013-2015 წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ მთავარ დოკუმენტს. 2012 წლიდან მოქმედებს ,,საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც აწესებს ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგად სტანდარტებს საჯარო და კერძო სექტორისთვის. თუ ვინმემ ინტერნეტ-სირვცეში მოგაყენათ შეურაცხყოფა, ან დაგემუქრათ, თუ თქვენ გახდით კიბერთავდასხმის მსხვერპლი, ან ფლობთ ინფორმაციას კიბერდანაშაულის თაობაზე, გთხოვთ, მიმართოთ განცხადებით პოლიციას ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 112 – უფასო ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში, ტელ: 241 12 96, 241 17 67”, – წერს ნინო გიორგობიანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი