საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის წლიური ხელფასი $60 ათასამდე იქნება

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს წევრების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. პირობების თანახმად, საბჭოს წევრის წლიური ანაზღაურება წელიწადში 60 ათას აშშ დოლარამდე იქნება.

შერჩეული წევრები ასევე ვალდებული იქნებიან, წელიწადში სულ მცირე ერთხელ მაინც ჩამოვიდნენ საქართველოში.  მათი მგზავრობის ხარჯებს სააგენტო დაფარავს.

კანდიდატებს საინვესტიციო საბჭოს წევრობაზე განაცხადის გაკეთება 6 აპრილამდე შეუძლიათ. საპენსიო სააგენტო ითხოვს, დაინტერესებულ პირებს ინვესტიციების ან  აქტივების მართვის კუთხით გამოცდილება ჰქონდეთ.  კიდევ ერთი მოთხოვნაა ფინანსურ ინსტიტუტებში, საინვესტიციო ბანკებში ან საპენსიო ფონდებში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის თანახმად, საინვესტიციო საბჭო 5 წევრისგან შედგება და მის წევრებს პარლამენტი 5 წლის ვადით ამტკიცებს. მანამდე იქმნება საინვესტიციო საბჭოს წევრთა შესარჩევი კომისია.

შესარჩევი კომისია მიღებულ  განცხადებებს განიხილავს, ასევე იქნება გასაუბრების ეტაპი. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კომისია შერჩეულ 5 წევრს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს.

ინვესტიციების კუთხით იქმნება საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაც, რომელიც აყალიბებს საინვესტიციო სამსახურს. ამავე დროს, საინვესტიციო საბჭო პოლიტიკის დოკუმენტს შეიმუშავებს, რომელსაც ცვლილების შეტანის გარეშე დაამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო.

ოფიცერს საინვესტიციო საბჭოს წარდგინებით სააგენტოს დირექტორი ნიშნავს. საბჭოს მიერ გაწერილ საინვესტიციო პოლიტიკას, საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით, ოფიცერი აღასრულებს.

შენიშვნა: თავდაპირველად ეწერა, რომ საინვესტიციო საბჭოს ერთი წევრის ანაზღაურება 60 ათასი აშშ დოლარი იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით საპენსიო სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ სააგენტო არ აპირებს ზუსტად 60 ათასი დოლარის გადახდას. ზუსტად რამდენი იქნება 5 წევრის ანაზღაურება, საპენსიო სააგენტოს განცხადებაში არ წერია. 

“Financial Times-ში ვაკანსიის გამოსაქვეყნებლად აუცილებელია მოინიშნოს გარკვეული ველები, მათ შორის სახელფასო დიაპაზონი. ვაკანსიის განცხადების განთავსებისას მოვნიშნეთ ყველაზე დაბალი სახელფასო დიაპაზონი (0-დან 60,000-მდე წლიური). მონიშნული გრაფა არ ნიშნავს, რომ სააგენტო ანაზღაურების სახით ამ დიაპაზონის მაქსიმალური თანხის გადახდას აპირებს,”-წერია განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.