გახარია განმარტავს, რატომ უწოდა ხაზარაძეს პრივილეგირებული ბიზნესმენი

საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც ამ თანამდებობის დაკავებამდე ეკონომიკის მინისტრი და ბიზნესომბუდსმენი იყო, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განმარტა, თუ რა იგულისხმა, როდესაც მამუკა ხაზარაძეს პრივილეგირებული ბიზნესმენი უწოდა.

გადაცემა “პირველების” წამყვანმა მინისტრს ჰკითხა, თუ როგორც მოხდა, რომ ერთი კონკრეტული ბიზნესმენი სხვებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომაროებაში იყო და რაში გამოიხატებოდა ეს პრვილეგიები, რაზეც გახარიამ განაცხადა:

“ჩვენ ხომ იდეალურ სამყაროში არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა განვითარებადი დემოკრატიით, სუსტი ინსტიტუტებით და კიდევ უამრავი გვაქვს სამუშაო იმისათვის, რომ ეს ქვეყანა რაღაცას დავამსგავსოთ. რაც შეეხება პრივილეგირებულ ბიზნესმენებს, უბრალოდ, შეხედეთ, რამდენჯერ იყო, მაგალითად, გარკვეული ვალდებულებების გადავადება მთავრობაზე გამოტანილი კონკრეტული კომპანიისთვის, რა არის სხვა პრივილეგია”, – თქვა შს მინისტრმა გადაცემაში “პირველები”.

გიორგი გახარიას თქმით, ეს მხოლოდ ანაკლიის პორტის პროექტს არ ეხება:

“[ასე ვიქცეოდით] იმიტომ, რომ ეს იყო ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტი და მთავრობა გარკვეულწილად ამ ყველაფრის ტყვეობაში აღმოჩნდა. ეს ხდებოდა არა ერთხელ და ორჯერ. ეს არ ეხება მხოლოდ ანაკლიას, ეს ეხება სხვა პროექტებსაც. არ მინდა აქ დეტალებზე საუბარი”,  – ამბობს გახარია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.