ლევან დავითაშვილი შვედეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრს, პიტერ ერიქსონს და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს  შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით, კერძოდ ნარჩენების მართვის კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ორმხრივ შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნისთვის გარემოს დაცვის პრიორიტეტულობის საკითხის შესახებ და ყურადღება პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული მწვანე ეკონომიკის, როგორც ეკონომიკური განვითარების მოდელის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე მინისტრმა ნარჩენების მართვის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და დელეგაციის წევრებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ლევან დავითაშვილმა პიტერ ერიქსონთან ნარჩენების მართვის კოდექსზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა საკანონმდებლო აქტების ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად ჰარმონიზების საკითხი.

როგორც მინისტრმა განაცხადა, შვედეთის გარემოსდაცვითი სააგენტო და საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) სამინისტროს საქმიანობის აქტიური მხარდამჭერია, რისთვისაც პიტერ ერიქსონს მადლობა გადაუხადა. შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრის განცხადებით, შვედეთის სამეფო საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს და სრულ მხარდაჭერას გამოხატავს შემდგომი თანამშრომლობისთვის.

ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, შვედეთის სამეფოს დელეგაციამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი ხანიშვილთან და მოადგილესთან ხატია წილოსანთან ერთად, ქალაქ რუსთავში არსებული სეპარაციის ფუნქციის მქონე შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ნაგავსაყრელი მოინახულა.

დელეგაციის წევრებმა ასევე, ბოსტანას ქუჩაზე ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“ მიერ კამპანიის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში დაგეგმილ გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი