ახალი ამბები

რა (არ) ვიცით აფხაზეთში ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილზე

13 მარტი, 2019 • 1399
რა (არ) ვიცით აფხაზეთში ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილზე

საქართველოს 29 წლის მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია სენაკშია გაზრდილი, თუმცა, ნეტგაზეთის ინფორმაციით, ბოლო დროს გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში ცხოვრობდა, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა აკონტროლებს.

მისი დაკავება, სავარაუდოდ, სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ის აფხაზეთიდან სამეგრელოში გადასვლას ცდილობდა.

ლაივპრესის ცნობით, ირაკლი კვარაცხელია სენაკში იზრდებოდა. ის სენაკში მშვიდობის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში იყო რეგისტრირებული. თუმცა სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გოჩა ჭანტურია ამბობს, რომ ბოლო ათი წელი კვარაცხელია იქ არ გამოჩენილა.  მანამდე ჩასახლებაში ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, მის გარდაცვალებამდე.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, კვარაცხელიას ცოლი და შვილი ჰყავდა, თუმცა ბოლოს ცოლთან აღარ ცხოვრობდა. კვარაცხელიას ცოლ-შვილი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს.

კვარაცხელია, სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეს მოხდა კვირას, 10 მარტს, თუმცა მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. კვარაცხელია ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა, ამ ბაზაზე დაკავებულ პირებს დიდხანს არ აჩერებენ, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ კვარაცხელია დაკავებიდან მალევე დაიღუპა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელ რეზო ქობალიამ IPN-ს განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიას 11 მარტს ექიმის დახმარება დასჭირდა. მისი განმარტებით, ექიმი სამხედრო ბაზაზე, სავარაუდოდ, თაგილონიდან მიიყვანეს.

“როგორც ამბობენ, მდგომარეობა იყო მძიმე, სხვა დეტალებზე არ საუბრობენ“, – აღნიშნა ქობალიამ.

მისი ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია, სავარაუდოდ, ნაბაკევი-თაგილონის საზღვარზე დააკავეს.

ტელეკომპანიები ავრცელებენ, სავარაუდოდ, თვითმხილველების კომენტარს. მაგალითად, ტელეკომპანია იმედს ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც ამტკიცებს, რომ დაკავების მომენტი დაინახა, მოუყვა, რომ კვარაცხელიასა და რუს სამხედროებს შორის დაკავებამდე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუსი) ინფორმაციით, უწყებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გალში თავი მოიკლა საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიამ. როგორც სუსი აცხადებს, 29 წლის ირაკლი კვარაცხელია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ჰყავდა დაკავებული.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა”, – აცხადებს სუსი.

სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ევროკაშირის სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი, 13 მარტს სოხუმში მიემგზავრებიან, სადაც კვარაცხელიას საკითხი იქნება განხილვის ერთ-ერთი თემა. მისივე განცხადებით, შესაბამისი ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ, იგეგმება გამოძიების დაწყებაც.

“თუ ირაკლი კვარაცხელია ნაწამები და მოკლულია, ქვეყანას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, მისი მკვლელები კი ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაში უნდა იყვნენ შეყვანილი”, – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი