ახალი ამბებისამართალი

სამოქალაქო დავებზე სასამართლო პროცესის თავიდან ასაცილებლად მედიაციის ინსტიტუტი იქმნება

12 მარტი, 2019 • 2545
სამოქალაქო დავებზე სასამართლო პროცესის თავიდან ასაცილებლად მედიაციის ინსტიტუტი იქმნება

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო დავების ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო პროცესის გარეშე, ურთიერთშეთანხმების მოსაგვარებლად, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისთვის “მყარი საკანონმდებლო ჩარჩო” იქმნება.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება მთავრობას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

“მედიაცია სამოქალაქო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზაა, რომელიც საშუალებას იძლევა, მოქალაქეებმა სწრაფად და მცირე ფინანსური დანახარჯით აღიდგინონ დარღვეული უფლებები.

მისი დანერგვა ხელს უწყობს სასამართლოს განტვირთვას განსახილველი დავებისაგან. სასამართლოების გადატვირთულობა ხშირად ხდება საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზი, რაც საფრთხეს უქმნის სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას,” – წერს იუსტიის სამინისტრო თავის განცხადებაში.

გარდა სასამართლოს განტვირთვისა, იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ მედიაციის ინსტიტუტი ხელს შეუწყობს სახელმწო სახსრების დაზოგვას, რაც საჭიროა როგორც მოსამართლეთა კორპუსის გასაზრდელად, ისე სასამართლო პროცესის სრულად ჩასატარებლად.

იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ რაკი მედიაცია დავების გადაწყვეტის უფრო მოქნილი გზაა, უნდა გაფართოვდეს მედიაციას დაქვემდებარებული დავების ჩამონათვალი და მას დაემატოს საბანკო დაწესებულებებთან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები და ა.შ.

“იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ქონების რეგისტრაციის მსურველები სადავო მიწის ნაკვეთების შემთხვევაში სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობდნენ სანოტარო მედიაციით. სასამართლოში საქმის ხანგრძლივი განხილვის ნაცვლად, მედიატორი ნოტარიუსი მათ შეთანხმების მიღწევაში ეხმარებოდა. შედეგად, მიწის რეგისტრაციის ფარგლებში 1 542 სანოტარო მედიაცია წარმატებით დასრულდა.

1 542 შემთხვევაში მხარეებმა სანოტარო მედიაციის ფარგლებში მიაღწიეს შეთანხმებას სასამართლო განხილვის, დროისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის გარეშე,” – ამბობს იუსტიციის სამინისტრო.

მათი თქმით, ეს მონაცემი ადასტურებს, რომ მედიაციას, როგორც პორბლემების გადაჭრის გზას, ბიზნეს და საყოფაცხოვრებო დავების პირობებში ალტერნატივა არ აქვს. სამინისტროში დასძენენ, რომ ამჟამად საზოგადოებაში მედიაციის მიმართ უნდობლობა არსებობს, რაც შესაძლოა ცნობადობის დაბალი დონით იყოს განპირობებული.

ამავდროულად, მედიაციის ინსტიტუსის განვითარების დაბრკოლებაში ისინი მედიატორთა კადრების ნაკლებობასაც ასახელებენ. გარდა ამისა, სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ ინსტიტუტის გამოწვევა საკანონმდებლო გარანტიებისა თუ ეთიკის სტანდარტების არარსებობაა.

სამინისტრო აცხადებს, რომ მედიაციის შესახებ ახალი კანონი სწორედ ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად შემუშავდა. კერძოდ, ახალი ცვლილებები:

  •  აფუძნებს მედიატორთა თვითრეგულირების ორგანოს და ქმნის მედიაციის განვითარებისათვის მყარ ინსტიტუციურ საფუძველს;
  •  სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის მედიატორის პროფესიის განვითარებას და მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული საშუალების, თვითდამკვიდრებას;
  • დაადგენს სავალდებულო მოთხოვნებს მედიატორობის კანდიდატის მიმართ;
  • განსაზღვრავს მედიაციის პროცედურებს (პროცესის დაწყება, მედიატორის შერჩევა, ინტერესთა კონფლიქტი და მედიატორის აცილების საკითხი, სამედიაციო მორიგების აღსრულება და სხვ.);
  • განსაზღვრავს მედიატორთა მიერ ეთიკის დაცვის ვალდებულებას და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზოგად პრინციპებს.
  • ცვლილებათა პაკეტი მომზადდა „საქართველოს საპროცესო კოდექსშიც“. მისი მიზანი სასამართლოს როლის გაძლიერებაა მედიაციის პოპულარიზაციის საქმეში. შემოთავაზებული ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები უარს ამბობენ მედიაციაზე და საქმის სასამართლო გადაწყვეტაზე აკეთებენ არჩევანს, მოსამართლეს შეუძლია, გამოარკვიოს მედიაციაზე უარის თქმის მიზეზები და განუმარტოს მათ მედიაციის დადებითი ასპექტები, უპირატესობები, მედიაციის წარმატებით დასრულების სამართლებრივი შედეგები და მისი აღსრულების მექანიზმები.
  •  გაფართოვდება მედიაციას დაქვემდებარებული დავების ჩამონათვალი და მას დაემატება, სხვებს შორის, შრომითსამართლებრივი დავები; საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანოებისა და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების მიერ დადებული სესხის, მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული სესხის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები, ასევე, ქონებრივი დავები განსაზღვრული ღირებულების ფარგლებში და რამდენიმე სხვა.

საკანონმდებლო ცვლილებებზე იუსტიციის სამინისტრომ იმუშავა ევროკავშირის პროექტისა (EU4justice) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, „USAID/PROLOG“-ისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების („GIZ“) ჩართულობით და ფინანსური მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი