“ჩვენ ვიმსახურებთ ღირსეულ სამუშაო პირობებს” – სოცმუშაკები გაფიცვისთვის ემზადებიან

დღეს, 8 თებერვალს, სოცმუშაკთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინსიტროში წერილი შეიტანა და რეფორმების დროული გატარება მოითხოვა.

სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოში” დასაქმებული 200-მდე სოციალური მუშაკი ამბობს, რომ ამ დროისთვის ისინი წინასაგაფიცვო პროცესში იმყოფებიან, ხოლო თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, გაფიცვას დაიწყებენ.

სოცმუშაკები ამბობენ, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო სოციალური სერვისების მიმართულებით ატარებს, კრიზისშია და არათუ ეხმარება, არამედ ხელს უშლის ბენეფიციარებს, საჭირო დახმარება მიიღონ. ძირითადი პრობლემები, რასაც სოცმუშაკები ხაზს უსვამენ, სამუშაო რესურსის სიმწირე და შეუსაბამო სამუშაო პირობებია.

ისინი ამბობენ, რომ სწორედ ამის გამო საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს – ბავშვებს, შშმ პირებს და ხანდაზმულებს – სერვისის ან თვეობით ლოდინი უწევთ, ან  საერთოდ ვერ იღებენ.

ნათია გულიაშვილი ისანი-სამგორის სერვის-ცენტრის სოცმუშაკია. ნეტგაზეთთან საუბარში ის განმარტავს, რომ სისტემური ხარვეზები უპირველეს ყოვლისა ბენეფიციარის კეთილდღეობაზე აისახება.

მისი თქმით, ამ დროისთვის, არასახარბიელო სამუშაო გარემოსთან და გაუნაწილებელ, დაურეგულირებელ სამუშაო გრაფიკთან ერთად, მომსახურების სისტემაში კადრების, მათ შორის, ფსიქოლოგების ნაკლებობაა.

“სისტემაში არსებობს ხარვეზები, რომლებიც ძალიან ცუდად აისახება ბენეფიციარების კეთილდღეობაზე, სიცოცხლეზე, ჯანრმთელობაზე. ჩვენ ვართ პირები, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ კუთხით მათ გაძლიერებაზე, მათ მონიტორინგზე და ზრუნვაზე. თუკი არ გვაქვს შესაფერისი სერვისი, ინსტრუმენტი, სამუშაო გარემო, ნორმალიზებული გრაფიკი და სოციალური მუშაკების რაოდენობა, რომელიც გაწვდებოდა ბენეფიციართა რაოდენობაზე – რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ ხარისხიან მომსახურებაზე.

სოციალური მუშაკი ხშირად შემთხვევის წინაშე რჩება შიშველი ხელებთ, არ გვავქს რესურსი, არ არის სერვისი, არ გვყოფნის დრო. თუნდაც,ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, მოსახლეობის რიცხვი, მომართვიანობა და ის მიმართულებები იმდენად დიდია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ფიზიკურად ვერ ავუდივართ. ამჟამად სააგენტო მუშაობს 30-მდე მიმართულებაზე. ამ მიმართულებებიდან ნახევარი ისეთია, რომელსაც არ სჭირდება სოციალური მუშაკის პროფესიული განათლება,” – ამბობს ნათია გულიაშვილი.

სოციალური მუშაკი განმარტავს, რომ ხშირად მათ ისეთი სამუშაოს შესრულებაც კი უწევთ, როგორიცაა სხვადასხვა სახის ვაუჩერის ბეჭდვა. ნათია გულიაშვილი მიიჩნევს, რომ ბეჭდვისთვის პროფესიული განათლება საჭირო არაა და ამ საქმეზე იმ დროის ხარჯვა, რომელიც, წესით, ბენეფიციარს უნდა მოხმარდეს – არასწორია.

“წლების განმავლობაში ამ კუთხით სააგენტოში მუდმივად ხდებოდა ამ თემაზე აპელირება და აქცენტის დასმა. სოციალური მუშაკი არის სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც იმსახურებს ნორმალიზებულ სამუშაო გარემოსა და პირობებს. მინიმალური რამ არის, რომ სერვისცენტრები და სამუშაო გარემო ბენეფიციარზე იყოს ორიენტირებული, იყოს ადაპტირებული და გვქონდეს გასასაუბრებლად ცალკე ოთახი. ეს ყველაფერი ჩვენ არ გვაქვს, შესაბამისად, სერვისის ხარისხი ამით ზარალდება,” – დასძენს ნეტგაზეთთან ნათია გულიაშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილი სოცმუშაკები ამბობენ, რომ დაახლოებით 1 წლის წინ პეტიციით მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს და ზუსტად იგივე, დღეს არსებული პრობლემების ნუსხა წარუდგინეს. თუმცა სამინისტრომ მათ პასუხი არ გასცა და არც არავითარი ქმედითი ნაბიჯი გადადგა.

სოცმუშაკები ამბობენ, რომ წინასაგაფიცვო პროცესს იწყებენ და სამინისტროს 1 თვეს აძლევენ, რათა სიტუაცია გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გაფიცვას დაიწყებენ.

სოციალური მუშაკების წერილსა და პროტესტს დღეს ჯანდაცვის სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია ამბობს, რომ სოცმუშაკების სამუშაოს რეგულირებაზე და გაუმჯობესებაზე უკვე 2018 წლიდან დაიწყო მუშაობა, შემუშავდა შესაბამისი კანონიც და გაიცა რეკომენდაციები. თუმცა, კონკრეტულად რა პრობლემების წინაშე დგანან სოცმუშაკები დღეს და რაზე მიდის მუშაობა, ოდიშარია არ საუბრობს.

“იმისათვის, რომ ჩვენი სოცსამუშაო გაგვეუმჯობესებინა, ორი მიმართულებით ვმუშაობთ, ერთი არის სერვისების განვითარება და 2014 წლიდან თითქმის გაორმაგდა სოცრეაბილიტაციაზე და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა. მეორე მხრივ კი, 2018 წელს ჩვენ ჩავატარეთ სოციალური სამუშაოს შეფასება – მათი ეფექტურობისა და ეფექტიანობის. დავდეთ რეკომენდაციები, რომლებიც საერთაშორისო ექსპერტთან ერთად შემუშავდა, და ასევე შევქმენით სპეციალური საოპერაციო პროცედურები, რომლებიც დაეხმარებათ უკეთესად სამუშაოს განხორციელებაში,” – ამბობს ნინო ოდიშარია.

ის განმარტავს, რომ ამჯერად აღნიშნული პროცედურები და რეკომენდაციები საბოლოო სტადიას გადის, რაშიც სოცმუშაკებიც არიან ჩართულნი. მისი თქმით, სერვისცენტრებში ექსპერტები დადიოდნენ და მუშაკების საჭიროებებს სწავლობდნენ, რის შემდეგაც, ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის თავმჯდომარეობით, შეიქმნა სპეციალური საბჭო.

“სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია დაიწყო და ვფიქრობთ, რომ სტურქუტრა და სამუშაო ისე უნდა განისაზღვროს, რომ ჩვენი მოსახლეობა და ბენეფიციარები არ დაზარალდნენ, მომსახურება კი გაუმჯობესდეს.

მე ვფიქრობ, გამოწვევები ქვეყანაში შეიცვალა, ჩვენი ბენფიციარებისთვის სხვა სახის სერვისები გვესაჭიროება. აქედან გამომდინარე, სოციალური მუშაობის შესახებ კანონი ძალიან კარგად არეგულირებს სოცმუშაკების მუშაობას და ბევრ გამოწვევას პასუხობს. ეს იქნება რაოდენობა თუ სხვადსხვა უწყებებს სოცსამუშაოს გაჩენა,” – დასძენს ოდიშარია.

სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი კონკრეტულად იმ საკითხებზე და პრობლემებზე, რომლებსაც სოცმუშაკები ასახელებენ, არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს თემები სააგენტოს რეორგანიზაციაში გათვალისწინებული იქნება. რაც შეეხება ინფრასტურქტურულ პროექტებს, ოდიშარია ამბობს, რომ გლდანი-ნაძალადევს სერვის ცენტრში ახლა რემონტი მიმდინარეობს, ხოლო სხვა ცენტრებში იდენტური პრობლემა არ არის.

კითხვაზე, სმეინია თუ არა მას 2018 წელს სოცმუშაკების პეტიციის შესახებ და რა გაკეთდა მათი მოთხოვნების შემდეგ, ნინო ოდიშარია ამბობს, რომ ამ პერიოდიდან კანონზე მუშაობდნენ და სოცმუშაკების მდგომარეობის შესწავლის შემდეგ შესაბამისი რეკომენდაციები შექმნეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან