გვრიტიშვილი: ჩემი კლანი არის ჩემი ოჯახი, სადაც მე ვარ უფროსი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას უარყოფს. მოსამართლის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული გუნდია, რომელიც სისტემის ინტერესებისა და მისი დამოუკიდებლობის დაცვაზე ზრუნავს.

როგორც გვრიტიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში განაცხადა, მისი კლანი მისი ოჯახია, სადაც თავადაა უფროსი:

“მე მაქვს ჩემი კლანი, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები, ეს არის ჩემი კლანი, სადაც მე ვარ უფროსი. რაც შეეხება სასამართლოს, არავითარი კლანი არ არსებობს. ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმურად შექმნილი გუნდი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვგულისხმობ. აბსოლუტურად ლეგიტიმურად თავის თანამდებობაზე განწესებული.

ეს არის გუნდი, ერთიანი სულისკვეთებით, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული, რომელიც ზრუნავს სასამართლო სისტემის ინტერესების დაცვაზე, მისი დამოუკიდებლობის დაცვასა და განვითარებაზე. ეს არის ის, რასაც კლანს გვეძახიან”, – ამბობს გვრიტიშვილი გადაცემაში პოლიტმეტრი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.