აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეიტინგი Freedom House-ის ანგარიშში არ შეცვლილა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ახალი პუბლიკაციის (“თავისუფლება მსოფლიოში 2019“) თანახმად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეიტინგები უცვლელი დარჩა — ერთი “ნაწილობრივ თავისუფლად” შეფასდა, მეორე — “არათავისუფლად”.

5 თებერვალს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში (“თავისუფლება მსოფლიოში 2019“) “ფრიდომ ჰაუსი”, წინა წლების მსგავსად, ცალკე განიხილავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სადავო ტერიტორიების კატეგორიაში.

ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთს 41 ქულა აქვს, სამხრეთ ოსეთს კი — 10. ქულების მაქსიმუმი 100-ია, სადაც 0 “ყველაზე არათავისუფალს” შეესაბამება, 100 — “ყველაზე თავისუფალს”.

ჩვეულებრივ, “ფრიდომ ჰაუსი” ქვეყნებში (მათ შორის, დე ფაქტო სახელმწიფოებში) თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს: “თავისუფალი”, “ნაწილობრივ თავისუფალი” და “არათავისუფალი”.

ამას გარდა, ორგანიზაცია სამი დამატებითი კატეგორიით აფასებს ტერიტორიებს — ზოგადად, “თავისუფლების”, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო უფლებების მიხედვით.

წელს პოლიტიკური უფლებების კუთხით აფხაზეთს 4 ქულა უწერია [1 ქულა საუკეთესოა, ხოლო 7 -ყველაზე ცუდი], სამოქალაქო უფლებებში — 4.5, ხოლო ქვეყნის თავისუფლების რეიტინგიც 5-ია.

რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს — პოლიტიკურ უფლებებში 7 უწერია, სამოქალაქო უფლებებში — 6.5, თავისუფლების მაჩვენებელში კი- 6.

ჯერჯერობით Freedom House-ს არ გამოუქვეყნებია სრული ანგარიშები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ, შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, უშუალოდ რა პროცესებზე/მაჩვენებლებზე დაყრდნობით მიენიჭათ მათ აღნიშნული ქულები. ორგანიზაციის ზოგად მეთოდოლოგიას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

Freedom House-ის ახალი პუბლიკაციის (“თავისუფლება მსოფლიოში 2019“) თანახმადვე, საქართველოს რეიტინგი ერთი მაჩვენებლით შემცირდა და შესაძლებელი 100-დან 63 ქულა დააგროვა.

Freedom House-ის ახალ ანგარიშში საქართველოს რეიტინგი ერთი ქულით შემცირდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com